განიხილება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

განიხილება თუ არა საქართველოში სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი. ჯანდაცვის მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ, ჯერჯერობით, სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი არ განიხილება, თუმცა, არ გამორიცხავს, გარკვეული სეგმენტის იმუნიზაცია სავალდებულო გახდეს.

„ამ ეტაპზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე არ ვმსჯელობთ, თუმცა, შეიძლება დადგეს მომენტი, როცა ვაქცინაცია, გარკვეული სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც დადგეს პრაქტიკად, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება, ავირიდოთ მსგავსი მოთხოვნები და დავალებები სახელმწიფოს მხრიდან“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი.

საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.