ეკატერინე ტიკარაძე ეპიდვითარებაზე: დღეს ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს

ეკატერინე ტიკარაძე ეპიდვითარებაზე: დღეს ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს

„წინა პერიოდში, ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა ეპიდვითარების მოდელირებები. დღეს ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეპიდვითარება იმართოს, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობის პასუხისმგებლობაც.

„ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. მეორე ტალღის დროს, ჩვენ ძალიან ხშირად გვესმოდა საყვედური ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გამო. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლისა, თავად მოსახლეობის კულტურა საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში“, - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, მეორე ტალღის დროს, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-25% იყო, დღეს კი, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალია და 13%-ს შეადგენს.

ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 455 846 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 406 475, გარდაიცვალა 6 182 პაციენტი.

საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.

სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.