„საქართველო ამ ომს არ დაიწყებდა, ხელისუფლებაში ნებისმიერი სხვა ძალა რომ ყოფილიყო“

„საქართველო ამ ომს არ დაიწყებდა, ხელისუფლებაში ნებისმიერი სხვა ძალა რომ ყოფილიყო“

13 წელი გავიდა იმ საშინელი დღიდან, როდესაც საქართველოში რუსულმა ტყვიამ გაისროლა და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ომში ჩაერთო. ხუთი დღის მანძილზე საქართველოში ტყვიების ხმა ისმოდა, დაიბომბა გორი, ჯარისკაცებთან ერთად, მშვიდობიანი მოსახლეობაც დაიღუპა. ქართველი ჯარისკაცები რუსებს მუხლს არ უდრეკდნენ და საკუთარი ქვეყნის დროშას ბოლო ამოსუნთქვამდე იცავდნენ.

ამ დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა: „2008 წლის 7 აგვისტოს 13 წელი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაციის შემდეგ.

13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ სწორედ საქართველოში განახორციელა სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შელახვის აგრესიული პოლიტიკის აპრობირება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა ევროპულ და ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და ძირი გამოუთხარა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია საქართველოში საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო გზით და კიბერთავდასხმებით ისევე, როგორც ბოლო ცამეტი წლის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე უკანონო ოკუპაცია, მათი დე ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯები და საოკუპაციო ხაზზე გააქტიურებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი უხეშად ლახავს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

13 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი გამოუტანა საქართველოში რუსეთის ძალისმიერ შემოჭრას და დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია, როგორც საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, ეკისრება პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევაში. კერძოდ, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა პასუხისმგებლობა ისეთ მძიმე დანაშაულებსა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაში, როგორიცაა: მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედრო პირების მკვლელობა და სიცოცხლის უფლების ხელყოფა; მათი წამება, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობა; ეთნიკური წმენდა და ქართული სოფლების გადაწვა, გაძარცვა და განადგურება; ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირისა და ლტოლვილის საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლების ხელყოფა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევა; მიმოსვლის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობისა და საკუთრების უფლების დარღვევა. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაცია 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფით და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით აგრძელებს თავის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე“.

რუსეთ-საქართველოს ომს 13 წლის შემდეგ, პოლიტიკოსები აფასებენ. მმართველი გუნდის წევრის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან განხორციელებული ოკუპაცია დროებითია და ის მალე დასრულდება.

„დღეს ჩვენ ვიმყოფებით გუგუთიანთკარში, რაც სამწუხარო ილუსტრაციაა იმის, რა შედეგებიც მოაქვს რუსულ ოკუპაციას. ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება - გაყოფილი სახლები, ხელოვნურად აღმართული ბარიერები იმისთვის, რომ ჩვენი საზოგადოებები ერთმანეთს დაშორდნენ. მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ, რომ ეს ყველაფერი არის დროებითი, ისე როგორც ნებისმიერი ოკუპაცია არის დროებითი. ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება ოკუპაციას და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მოვა ის დრო, როდესაც ჩვენ მშვიდობიანად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შევარიგებთ ქართულ, ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებს, რადგან ამის ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

აგვისტოს ომის პერიოდში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ, რომელიც მოსახლეობას დანა-ჩანგლით ომში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინთ შეამკო და განაცხადა, რომ სამხედრო აგრესია და ოკუპაცია რუსეთმა დაიწყო.

„მე აქ მოვედი, რომ პატივი მივაგო გმირების ხსოვნას და ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, ვინც არ დაუშვა რუსული აგრესია და საკუთარი სიცოცხლის ფასად შეინარჩუნა ჩვენი ქვეყნის თავისუფლება. დღეს ამავე დროს არის დიდი პასუხისმგებლობის დღე, ის საქმე, რომელსაც ჩვენი გმირები შეეწირნენ, ჯერ არ დასრულებულა, საქართველო ჯერ კიდევ არის ოკუპირებული და არ ვართ ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ამიტომ დღევანდელი დღე უნდა გვახსენებდეს პასუხისმგებლობას, რომ მუდმივ ერთმანეთის ჭამასა და ჩხუბში, ქვეყანაში არსებობს ღირებულებები, სადაც უნდა შევძლოთ ერთად დადგომა. როდესაც საქმე შეეხება საქართველოს მომავალს, დეოკუპაციას და ჩვენი გმირების ხსოვნას, ეს უნდა იყოს თემები, რომელიც შეგვაძლებინებს, რომ გვერდზე გადავდოთ დაპირისპირება და დავდგეთ ერთად, რადგან ერთიანობა არის ყველაზე დიდი ძალა საქართველოსი, რომელიც დაასრულებს რუსულ ოკუპაციას და ბოლომდე მიიყვანს იმ საქმეს, რასაც ჩვენმა გმირებმა სიცოცხლე შესწირეს“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

13 წლის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს სამხედრო აგრესიას, ანალიტიოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან ასე იხსენებს: „საქართველოს უდიდესი ნაწილისთვის ეს ომი გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. ყოველ შემთხვევაში აგვისტომდე გაცილებით დიდი ხნით ადრე შეიმჩნეოდა უკვე ორივე მხრიდან - რუსეთის მხრიდან მილიტარისტული განწყობა, სერიოზული სწავლებები საქართველოს საზღვრებთან. ამავდროულად, ეტყობოდა იმ დროინდელ რეჟიმს, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომ პროვოკაციული სუნი ტრიალებდა მათი მხრიდან, მიუხედავად ჩვენი დასავლელი პარტნიორის არაერთი გაფრთხილებისა - არც თქვენ წამოეგოთ პროვოკაციას და ნურც თქვენ გახდებით ამ პროვოკაციის კატალიზატორი.

თარიღთან დაკავშირებით კიდევ არის ერთი საინტერესო მომენტი, როდესაც დღეს, „ნაცონალური მოძრაობა“ გვაფრთხილებს ჩვენ ყველას, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოგცდეთ, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო, როგორც ამას რუსეთი ამტკიცებს. ვინც 8 აგვისტოს ომის დაწყებას აწვება, ის აწვება რუსულ ნარატივს, ის არის კრემლის აგენტი, ის არის პუტინის საქმის გამკეთებელი. ამავდროულად ავიწყდებათ, რომ არსებობს დოკუმენტები, რომლებიც არსად ქრება. ასევე არ ქრება ცნობილი რეზოლუცია, 2008 წლის სექემბერში ხელმოწერილი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ, რომელსაც დიდი ხანი უარყოფდნენ. თუმცა, შემდგომ ცხვირწინ დაუდეს და დაიწყეს ინტერპრეტაციების მოგონება. ასევე, ავიწყდებათ საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის 9 აგვისტოს 402 ნომრით დათარიღებული ბრძანებულება, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ომი დაიწყო 8 აგვისტოს, მაშინ, როდესაც რუსეთის ჯარი, ცოცხალი ტექნიკა როკის გვირაბით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. მათივე ლოგიკიდან გამომდინარე, ყველაზე დიდი პუტინისტი, კრელის მოთამაშე და რუსული ნარატივის პროპაგანდისტი მიხეილ სააკაშვილი გამოდის. ამ ბრძანებულებასაც დიდი ხანი გვიმალავდნენ“, - გვითხრა დავით ქართველიშვილმა.

ანალიტიკოსი თვლის, რომ 2008 წელს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ნებისმიერი სხვა ყოფილიყო, ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა.

„ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის პირობებში ეს ომი გარდაუვალი იყო, რადგან შედიოდა ორივე მხარის ინტერესებში. თუკი რომელიმე დოკუმენტში ომის დაწყება საქართველოს ბრალდება, ეს ბრალდება ჩაწერილია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფიციალური პირების მიერ - ეს არის ფაქტი. საქართველო „ნაციონალებთან“ არ უნდა იყოს გაიგივებული, რადგან ომის დაწყების უდიდესი წვლილი ამ პარტიასა და მიხეილ სააკაშვილს მიუძღვის. საქართველო ამ ომს არ დაიწყებდა, ხელისუფლებაში ნებისმიერი სხვა ძალა რომ ყოფილიყო“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომის თავიდან აცილება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა, თუ დასავლეთი კოსოვოს არ აღიარებდა, ასევე ქართელი პოლიტიკოსები პუტინის გეგმას არ აყვებოდნენ.

„90-ანი წლები გვერდზე რომ გადავდოთ, რუსეთი ასეთ რამეს ამბობდა - თუ თქვენ კოსოვოს აღიარებთ, მაშინ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს ვაღიარებთო. ეს პუტინმა პირდაპირ ეთერში განაცხადა. დასავლეთმა კოსოვო აღიარა, შემდეგ უკვე რუსეთი მოქმედებს იმ პრინციპით, რომ რადგან დაიმუქრა, უნდა შეასრულოს. როდესაც ვამბობთ, ომი თავიდან აგვეცილებინა, პრინციპში, დასავლეთს უნდა აეცილებინა თავიდან და შემდეგ აღარ მოყვებოდა დანარჩენი ნაბიჯები. ასევე, საქართველოს პასუხისმგებლობაზე თუ გადავიტანთ აქცენტს, მაშინ აცილება იმ მხრივ შეგვეძლო, რომ საქართველოში უნდა გამოძებნილიყო ისეთი პოლიტიკოსები, ვინც პუტინის ამ გეგმას არ აყვებოდა. მაგრამ ესეც არ იქნებოდა გამოსავალი, თუკი აღმოჩნდებოდა, რომ ქართული პოლიტიკა პუტინის ამ გეგმას წინააღმდეგობას გაუწევდა, პუტინი გეგმის შეცვლას მოახერხებდა და გაცხადებულ სცენარს მაინც განახორციელებდა. საქართველოზე ნაკლებად იყო ბევრი რამ დამოკიდებული, დამოკიდებული იყო იმ საერთაშორისო სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა“, - გვითხრა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 - სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 - სამოქალაქო პირი, 2 234 დაიჭრა, 26 000 ადამიანი კი დევნილად იქცა.

Katana "რამაზ საყვარელიძე: რუსეთი ასეთ რამეს ამბობდა - თუ თქვენ კოსოვოს აღიარებთ, მაშინ ჩვენ აფხაზეთსა და ოსეთს ვაღიარებთო."
*
სამწუხაროდ, ჩვენ ისეთ ატმოსფეროში გვიწევს ცხოვრება, როცა სიმართლის მთქმელს შეკაზმული ცხენი არ შველის - მას აუცილებლად მიაწევენ იარლიყებს...
არადა, ფ ა ქ ტ ი ა : სწორედ პუტინი იყო წინააღმდეგი იმისა, რასაც ახლა მას აბრალებენ - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დადგენილი საზღვრების გადასინჯვისა, რისი პირველი პრეცედენტიც ' კ ო ს ო ვ ო ' იყო!
ამიტომ მოითხოვდა რუსეთის პრეზიდენტი: - ნუ იზამთ ამას, ნუ შექნით პრეცედენტს, თორემ... უ ნას ტოჟე იესტ სვოი დომაშნიე ზაგატოვკი... რაც ძალიან არ მოგეწონებათო! - იგულისხმებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარება.
აქლემები ჩხუბობდნენ და კოზაკი გაიჭყლიტაო...
დასავლეთმა, რა თქმა უნდა, დაიკიდა პუტინის სამართლიანი მოთხოვნა და... გაიჭყლიტნენ სერბები.
საპასუხოდ, პუტინმაც ასევე დაიკიდა დასავლეთის სამართლიანი მოთხოვნა და...
გავიჭყლიტეთ ჩვენ.
დღეს დასავლეთიც კარგად არის და რუსეთიც. ჩვენ კი დავრჩით გამოფატრული და დაწიაწებული.
სამაგიეროდ, დემოკრატია გვაქვს: შეგვიძლია ტელეთერიდან დედა ვაგინოთ აერთმანეთს!
3 წლის უკან