დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირბადის ტარებასთან და კოვიდრეგულაციების აღსრულებაზე კონტროლის გამკაცრება, სავარაუდოდ, შედეგს აგვისტოშივე გამოიღებს.
„როგორც წესი, პირველი ეფექტი შეზღუდვების შემოღებიდან 10 დღეში, 2 კვირაში ჩანს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ყოველთვის უფრო რადიკალურია. საკოორდინაციო საბჭომ ძალიან სერიოზული რეკომენდაციები გაითვალისწინა - ესაა ძალიან მკაცრი ზომების მიღება ქორწილების, ქელეხების შემთხვევებში და დარბაზების დალუქვამდე მისვლა და ხალხმრავალი ადგილების აკრძალვა. ესაა ძალიან სერიოზული. რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია აღსრულებაზე და დარწმუნებული ვარ, რომ აღსრულება მაქსიმალური იქნება და მაქსიმალურ შედეგს მოგვცემს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ხვალიდან, 5-ზე მეტი პირის შეკრებისას, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო იქნება. ქორწილის, ქელეხის, იუბილეს მასპინძლობისთვის კვების ობიექტები თუ სარიტუალო დარბაზები პირველ ჯერზე 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო მსგავსი ქმედების განმეორებისას, ეს ობიექტები დაილუქება.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 450 149 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 403 762, გარდაიცვალა 6 128 პაციენტი.
ეპიდემიოლოგები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.
სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ვაქცინაციის ხელშესაწყობად, საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა.
საქართველოში, ვაქცინაცია „ფაიზერით“, „სინოფარმით“, „სინოვაკითა“ და „ასტრაზენეკათია“ შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.