ყაზანის „რუბინის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერლიგის მესამე ტურში გროზნოს „ახმატთან“ (2:1) გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი მაინც გახდა.
ყაზანელები აგებდნენ და მეორე ტაიმში თამაში შემოატრიალეს - 2:1. ხვიჩა ძალიან აქტიური იყო და მეტოქის დაცვის ხაზი მის შეჩერებას ვერ ახერხებდა. მს გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ჯერ მეკარემ აჯობა, მერე ხარიხა გადაეღობა წინაღობად. კვარაცხელია მიმდინარე სეზონში პირველად დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
„მეტოქის გაძევების შემდეგ მოედანზე უფრო მეტი თავისუფალი სივრცე გამოჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მოვიგეთ, დიდი ხასიათი გამოვავლინეთ. კარგი გუნდი ყოველთვის ბოლომდე თამაშობს, ბოლო წამამდე. დავამტკიცეთ, რომ ძალიან ძლიერი ხასიათი გვაქვს. დიახ, ჩემთან ყოველთვის არის ორი მოთამაშე, მაგრამ სამაგიეროდ, სხვა მოთამაშეები არიან თავისუფლები და ეს უნდა გამოვიყენოთ. „რაკოვთან“ მატჩი? ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ უკეთესები ვართ და გავიმარჯვებთ“, - თქვა ხვიჩამ „ახმატთან“ მატჩის შემდეგ.
„რუბინს“ რუსეთის ჩემპიონატში დიდებული სტარტი აქვს და 3 ტურში უდანაკარგო იასპარეზა, იგივე შედეგი აქვთ მხოლოდ „ზენიტსა“ და მოსკოვის „დინამოს“. ლეონიდ სლუცკის გუნდი 12 აგვისტოს, კონფერენს ლიგაზე პოლონურ „რაკოვს“ უმასპინძლებს, რომელთანაც სტუმრად 0:0 ითამაშა.