„ერთ-ერთი ავტორიტეტული სარეიტინგო სააგენტოს, „Fitch“-ის რეიტინგის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას შეუნარჩუნდა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე და რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გაუმჯობესდა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, სხდომის დაწყებისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, საქართველო პრაქტიკულად დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს.
„Fitch-ის რეიტინგის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკასა და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება მართლაც შთამბეჭდავი ტემპით მიმდინარეობს. ბოლო 6 თვის მაჩვენებელმა 12.7% შეადგინა, რაც მართლაც დამაიმედებელია. ამასთან, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, წლევანდელი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეიცვალა და გახდა 7.8%. ჩვენი მიზანია, 2025 წლისთვის, საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა, სადამდეც ჩვენ ორი საფეხური გვაქვს დარჩენილი. ვფიქრობთ, „Fitch“-ის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ ქვეყანამ სწრაფად დაიწყო ეკონომიკური აღდგენის პროცესი“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა.