13 წლის წინ კრემლის აგრესიის ახალი ერა დაიწყო და ის კვლავ შეუკავებელი და უკონტროლოა - დღეს ჩვენც ქართველები ვართ, იმ გაგებით, რომ ყველა რუსეთის აგრესიის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი გავხდით

13 წლის წინ კრემლის აგრესიის ახალი ერა დაიწყო და ის კვლავ შეუკავებელი და უკონტროლოა - დღეს ჩვენც ქართველები ვართ, იმ გაგებით, რომ ყველა რუსეთის აგრესიის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი გავხდით

ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ბრაიან უიტმორი, Atlantic Council-თან საუბრისას, აცხადებს, რომ სახელმწიფოებმა რუსეთის მეზობლებთან ქმედებების მიხედვით, დასკვნები უნდა გამოიტანონ, რათა სამომავლოდ, თავადაც არ გახდნენ კრემლის აგრესიის მსხვერპლნი. ამ ჭრილში, ის საქართველოს მაგალითს განიხილავს.

„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მისი ტერიტორიის 20% დაიკავა. შედეგად, დღეს ჩვენ ყველა ქართველი ვართ იმ გაგებით, რომ ყველა ვართ რუსეთის აგრესიის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლნი, რომელიც გამბედაობით აღჭურვილი, წაქეზებული კრემლიდან მოდის“, - აღნიშნავს უიტმორი.

მისივე თქმით, 2014 წელს, რუსეთი უკრაინაშიც იგივე სტრატეგიით შეიჭრა.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც საქართველოში შეჭრიდან უნდა ავიღოთ, არის ის, რომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ როგორ იქცევა რუსეთი მეზობლებთან, რადგან, ხშირად, ესაა იმის საწინდარი, რასაც მოსკოვი მალე დასავლეთთან მიმართებითაც აკეთებს. ვიდრე რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრებოდნენ, ამას წინ უძღოდა კიბერთავდასხმა, დეზინფორმაციის კამპანია და ამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის ყოვლისმომცველი მცდელობა. ესაა ტაქტიკა, რომელიც ახლა ძალიან ნაცნობია აშშ-ისთვის და მისი მოკავშირეებისთვის. 13 წლის წინ კრემლის აგრესიის ახალი ერა დაიწყო და ის კვლავ შეუკავებელი და უკონტროლოა. ახლა ჩვენ ამის საზღაურს ვიხდით“, - აცხადებს უიტმორი.

„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი: პუტინის მწვანე შუქი“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Atlantic Council-ი. მასალაში ავტორი, პიტერ დიკინსონი 2008 წლის ომზე, რუსეთის განგრძობად აგრესიაზე წერს და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, არასაკმარის რეაგირებაზე ამახვილებს ყურადღებას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 13 წელი შესრულდა. საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათგან 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. დაჭრილთა და დაშავებულთა რაოდენობა 2 232-ს შეადგინა, მათგან 1 045 - სამხედრო მოსამსახურე.