საქართველოში კოვიდინფიცირების მატებასთან ერთად, შესაძლოა გარკვეული რეგულაციები დაწესდეს. მაგალითად, რესტორნებში და კაფე-ბარებში მოქალაქეებს არ შეუშვებენ თუ აცრილები არ არიან ან პისიარ-ტესტს თუ არ წარადგენენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ვემხრობი მკაცრ შეზღუდვებს. საკოორდინაციო საბჭოზე ყველა ჩვენს აზრს გამოვთქვამთ ხოლმე. საბჭოს მივმართე მკაცრი შეზღუდვების აღდგენის რეკომენდაციებით, მაგრამ საბჭო იღებს კონსესუსით გადაწყვეტილებას. კონსესუსი საჭიროა არა მხოლოდ საბჭოში, არამედ ქვეყანაში. რეკომენდაციაა, რესტორნებში დაშვება იყოს მარტო აცრილების ან წინასწარ გატესტილების. რა ვქნათ, ამ ქორწილებს ვერ ეშვება ხალხი, ლხინის სუფრა ჭირად იქცევა ხოლმე, წინადადება იყო, რომ გაიზარდოს 50 კაცამდე დაშვება, თუ ყველა აცრილი იქნება, მინიმუმ წინასწარ გატესტილი“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის მოსაზრებას ეთანხმება ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე. როგორც ზოიძემ for.ge-თან საუბარში აღნიშნა, მსგავსი რეგულაციებით სარგებლობენ ევროპისა და ამერიკის ბევრი ქალაქში.
„აღნიშნული რეგულაცია სასიამოვნო არ არის, მაგრამ ის სიტუაცია, რომელიც ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით არის შექმნილი, გვკარნახობს ასეთი ტიპის ზომებს - სხვანაირად შეუძლებელი იქნება კოვიდის შეჩერება. როგორც ჩანს, რეგულაციებს მაინც არ იცავენ. რესტორნის სრულად დახურვასა და ასეთი შეზღუდვების დაწესება ეკონომიკას დააქცევს, უამრავი ადამიანი სამსახურს დაკარგავს. ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ამ გზით წავიდეთ, ერთი მხრივ ამ ბიზნესების ფუნქციონირება უნდა შევინარჩუნოთ, მეორე მხრივ უზრუნველვყოთ ის, რომ გავრცელების წყაროდ არ გადაიქცნენ. იქ სადაც ფიზიკური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, ასეთი რეგულაციების დაცვა საჭიროაა. მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით მიდის“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, კოვიდინფიცირების კლება 15 აგვისტოდან უნდა დაიწყოს.
„კოვიდინფიცირების რაოდენობა თავისით არ დაიკლებს, ეს მაშინ მოხდება თუ შევძლებთ მოქალაქეების დარწმუნებას, რათა რეგულაციები მაქსიმალურად დაიცვან“, - განუცხადა for.ge-ს ჯანდაცვის ექსპერტმა.
ივენთ-მენეჯერი თაკო დოლაბერიძე for.ge-თან აცხადებს, რომ მოქალაქეებს ტესტის გარეშე ღონისძიებაზე არ უშვებს.
„მე აღარ ვიცი ამ ქვეყანაში რა გაამართლებს და რა არა. თუმცა, თანამხა ვარ, შემოიღონ რეგულაცია, რომ კაფე-ბარებში მხოლოდ აცრილები და პისიარ-ტესტს გაკეთებული მოქალაქეები დაუშვან. სიკვდილს, მომხმარებლის შემცირება ჯობია“, - გვითხრა თაკო დოლაბერიძემ.
შეფ-მზარეული და რესტორნების ქსელ „ჩვენის“ მფლობელი გურამ ბაღდოშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ვიდრე რესტორებს დაუწესებენ რეგულაციებს, იქამდე მაღაზიები და აფთიაქები შეამოწმონ, რადგან ბაღდოშვილის თქმით, იქ რეგულაციებს არავინ იცავს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ მოქალაქეები აფთიაქებშიც და მაღაზიებშიც პისიარ-ტესტით შეუშვან, რესტორნები რა შუაშია?! ამ რეგულაციას თუ მიიღებენ, სარესტორნო ბიზნეს სრულიად დააზარალებს. თავიანთი დაუდევრობის გამო ხდება რაც ხდება, იმიტომ, რომ რეგულაციებს აწესებენ, თუმცა რეგულაციების კონტროლი არ არსებობს. მეორე მხრივ, სახელმწიფო ყველანაირ დაღვევებს პატიობს, ჯარიმებს ანულებს და მოსახლეობამაც აიშვა. ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არსებობს და რა თქმა უნდა, არავინ დაიცავს რეგულაციებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შეცდომაა დაშვებული და რესტორნებს ტყუილად აბრალებენ“, - განუცხადა for.ge-ს გურამ ბაღდოშვილმა.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - ყოველდღიურად კოვიდინფიცირების 3 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.