რუსეთი საქართველოს მიმართ თაფლაკვერის და მათრახის პოლიტიკას აგძელებს - ერთი ხელით თანამშრომლობას გვთავაზობს, მეორე ხელით კი ქვეყნის ოუკპაციას განაგრძობს. ვლადიმერ პუტინმა, 4 აგვისტოს, ცხინვალის მოსახლეობისთვის ორმაგი მოქალაქეობის უფლების მინიჭებას მოაწერა ხელი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსანდრ ბიკანტოვმა ბრიფინგზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა ურთიერთობების აღსადგენად, თუ ამის მზადყოფნა ქართულ მხარესაც ექნება. მათ მიხეილ სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმსა და ქართველ ხალხს შორის ტოლობის ნიშანი არ დაუსვამთ.
„არსებობს წითელი ხაზები - დეოკუპაცია და დასავლური ინტეგრაცია“, - მოსკოვმა თბილისიდან მოკლე პასუხი მიიღო. საქართველოს ხელისუფლებამ კრემლის განცხადება ცინიკურად და მიუღებლად მიიჩნია.
ერთი ხელით, რუსეთი საქართველოს თანამშრომლობას სთავაზობს, მეორეთი კი, ყველაფერზე, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია უარს ამბობს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ასევე ქვეყნის მერ არჩეულ დასავლურ კურსზე.
რუსეთის მოქალაქეობა მისცეს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის იმ მცირე ნაწილსაც, რომელსაც დღემდე რუსეთის პასპორტი არ ჰქონდა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილი განკარგულება ცხინვალთან იმგვარი შეთანხმების გაფორმებას გულისხმობს, როგორიც ამჟამად მხოლოდ რუსეთსა და ტაჯიკეთს შორის მოქმედებს. პროექტი და თხოვნა რუსეთში წლების წინ იყო გაგზავნილი, მაგრამ მოსკოვი მხოლოდ ახლა ამოქმედდა.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმება მოქალაქეებს დამატებით სოციალურ გარანტიებს მისცემს. როგორც ბიბილოვი აცხადებს, დოკუმენტის მიღება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იგეგმება.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რუსეთის განცხადებას ეხმაურება. კელი დეგნანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურს, ოკუპანტმა ქვეყანამ საქართველოს ტერიტორიები უნდა დატოვოს. თანამშრომლობისთვის კი, დეგნანმა მოსკოვს ჟენევის ფორმატის გამოყენება შესთავაზა. აშშ-ის ელჩის თქმით, პროგრესი იმ შემთხვევაში იქნება მიღწეული, თუ რუსეთი სწორედ ამ ფორმატში ჩაერთვება.
„ვფიქრობ, ქართველებს ამგვარი გზავნილი რუსეთისგან აქამდეც მოუსმენიათ. პირველი, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. სწორედ ეს იქნება ნამდვილი ნიშანი, რომ რუსეთი სერიოზულად საუბრობს და ის უბრალოდ დეზინფორმაციას არ ავრცელებს. ქართველებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ცხინვალისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, ასევე დაუყოვნებლივ გახსნას წვდომა ჰუმანიტარულ დერეფნებზე. არსებობს დიალოგის მექანიზმი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სახით და თუ რუსეთი მას გამოიყენებს უფრო ეფექტურად და კეთილსინდისიერად, შესაძლებელია, მეტი პროგრესიც დავინახოთ ამ კონფლიქტის გადაჭრის საქმეში. სწორედ ეს ნაბიჯებია რუსეთიდან მიღებული გზავნილების ირგვლივ ნებისმიერი საუბრის საწინდარი“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 8 აგვისტოს, ყოველ წელს, რუსეთი მსგავსი სახის განცხადებებს აკეთებს და ეს ახალი არ არის. თუმცა ზქარეიშვილი for.ge-სთან დასძენს, რომ კრემლის ბოლოდროინდელი აქტივობები თვალში საცემია და ეს გასაკვირიც არ არის. ის ყველაფერს ცდილობს იმისთვის, რომ საქართველოში პროდასავლური განწყობები ანტიდასავლურად გადაიქცეს და როგორც კი ამის პატარა ნიშნებს ხედავს, მაშინვე აქტიურდება, მით უმეტეს არჩევნების წინ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პრორუსულმა ძალებმა მეტად იაქტიურონ და ამის პარალელურად ვითომდა მეგობრული ხელი გამოგვიწოდონ.
„8 აგვისტოს როგორც საქრთველოში აქტიურდება ომის თემატიკა და ყველა პოლიტიკოსი კომბლებით ჩხუბს იწყებს, რათა გაარკვიონ ომი ვინ დაიწყო, რუსეთშიც ასეა. აგვისტოს მოახლოებასთან ერთად ისინიც თავიანთ პროპაგანდისტულ მანქანას რთავენ და ამ თემაზე ვიღაცა რაღაცა კომენტარს გააკეთებს. კრემლი ამ სიტუაციას იყენებს და ცდილობენ, რომ ქართულ საზოგადოებასთან მდგომარეობა გააუმჯობესონ. რაც მოხდა, მოხდა, მოდი დავივიწყოთ და ე.წ. მეგობრობის ხელს გვიწვდიან. ვითომ ქართველებთან არაფერი სადავო არ აქვთ და რა გახდა, როდემდე ვიყოთ გაბუტულებიო. ეს არის ჩვეული რუსული რბილი ძალის მოქმედება და პროპაგანდა. ვითომ და აი, კეთილმოსურნე ერები ვართ და ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს. თითქოს 20% რომ აქვთ ოკუპირებული, არაფერი არაა და უნდა ვაჩუქოთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
უნდა ველოდოთო თუ არა წინასაარჩევნოდ რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურებას და რა სახით შეიძლება პრორუსული ძალები საქართველოში კიდევ უფრო გააქტიურდნენ? - კითხვაზე ზაქარეიშვილი ამბობს, რომ, რა თქმა უნდა, კრემლი ამ განცხადებებით ორი კურდღლის მოკვლას ცდილობს. ერთი, რომ არაფერი მომხდარა, დაივიწყეთო და მეორე - ქართველ საზოგადოებას ანტიდასავლურ განწყობებს უღვივებს. პრორუსული ძალების გააქტიურებით მერყევ ქართველ ამომრჩეველს უნერგავს, რომ დასავლეთი გარყვნილების ბუდეა, გამაღიზიანებელი და მატყუარები არიან. აბა როდისღა შედიხართ ევროკავშირში და ნატოში? აგერ, რუსეთი ისევ ხელს გიწვდით. ანალიტიკოსის აზრით, ეს რიტორიკა ქართველი საზოგადოების ნაწილზე, რომელიც დასავლეთის მიმართ ნიჰილისტურად არის განწაყობილი მოქმედებს.
„ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და მათი მსგავსი პრორუსული ძალები საზოგადოებას ამზადებენ. ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დაწვა, ასევე, შარლ მიშელის დოკუმენტის უგულბელყოფა და იქიდან წამოსული მუქარები სანქციებზე, ჯამში, ყველაფერი ეს მოქმედებს. რუსეთი ჩასაფრებულია და აქ მყოფი პრორუსული ძალებით ხალხის აზრის გაფილტვრას ცდილობს. რუსები ამბობენ: ჩვენ კარგი, ცუდები ვართ, მაგრამ დასავლეთი ხომ უარესია?! გარყვნილები და მატყუარები არიან. ხალხს ამ აზრით კვებავენ, რაც სამწუხაროდ მუშაობს. მართალია, ქართველებს 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთისკენ გული არ შეუბრუნდება და ეს მათაც კარგად იციან, მაგრამ მათთვის არ არის აუცილებელი ქართველებმა გამოხატულად პრორუსული ორიენტაცია აირჩიონ. მთავარია, ანტიდასავლური განწყობები გაჩნდეს და ეს მარცვალი ნელ-ნელა გაღვივდეს. თან გეუბნებიან, რომ ჩვენ აგერ, ახლოშივე ვართ და თუ რამეა, გადავხედავთ, გავაგრძელოთ მეგობრობა.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ პრორუსულობას, ეს მცდარი მოსაზრებაა. ამ ხალხს ძალაუფლების შენარჩუნების გარდა არაფერი არ უნდა. ამიტომ ორივე მხარეს თამაშობენ. არ არსებობს, რომ მათ ასე ღიად და გამოკვეთილად პრორუსული ძალა ვუწოდოთ. ისინი საკუთარ თავზე ნაღვლობენ, ამიტომ არც რუსეთი უნდათ და არც ევროპა, მთავარია, ხელისუფლება შეინარჩუნონ. ამას ვერ გაბედავენ, რადგან ქართველი ხალხის გაცხადებული საგარეო პოლიტიკა დასავლეთია. ინსტიტუციონალურადაც ევროპელები ვართ, ამიტომ ასე ღიად ხელისუფლებას პრორუსულობას ვერ დავაბრალებთ“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
კავკასიოლოგი გიორგი კანაშვილი ფიქრობს, რომ კრემლის აქტიურობა საქართველოს მიმართ უკვე თვალში საცემია. ანალიტიკოსი for.ge-სთან ამბობს, რომ სამწუხაროდ, რაც უფრო დროში იწელება საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის საკითხი, ქართულ საზოგადოებაში მის მიმართ ნიჰილიზმი მით უფრო მატულობს. ამიტომ, ამას კრემლი კარგად ხედავს და აფასებს, ამის პარალელურად კი მოქმედებს. მით უმეტეს, როცა დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა აქტიურდება, რუსეთიც მეგობრულ ხელს ესევე გვიწვდის ხოლმე.
„ჩაგდებული შარლ მიშელის შეთანხმება, ამერიკიდან კრიტიკა და სანქციებზე საუბარი, ყველაფერი ეს, საერთო ჯამში, კრემლს ხელს აძლევს იმისთვის, რომ თავისი პროპაგანდისტური მანქანა კიდევ უფორ გაააქტიუროს. ამ ფონზე რუსეთის მხრიდან მოწოდებები ურთიერთობის გადახედვაზე და ფრენების აღდგენაზე ლოგიკურად ჟღერს. სხვას ამ ქვეყნიდან არც არაფერს უნდა ველოდოთ, რადგანაც ის მუდამ ჩასაფრებულ მდგომარეობაშია და მომენტს ეძებს.
ქართულ-რუსული პრობლემატიკა მხოლოდ სააკაშვილი რეჟიმის პრობლემა არ არის. ბოლო 30 წელია საქართველოს რა პრობლემებიც აქვს რუსეთიდან შექმნილი, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ ეს ზიზღი და დაპირისპირება ქართველ ხალხს რუსეთის მიმართ, მხოლოდ ბოლო 10 წელი არაა რაც აქვს. რა თქმა უნდა, 2008 წლის ომმა ურთიერთობებს კიდევ უფორ დიდი ისტორიული დაღი დაასვა და მათ კარგად იციან, რომ ქართული საზოგადოება პრორუსულ ხელისუფლებას ასე მარტივად არ შეეგუება. ჩვენს ეს გავრილოვის ე.წ. ღამესაც ვნახეთ. ამიტომაც მათი მთავარი მიზანია, ქართველებს დასავლეთთან ურთიერთობა რაც შეიძლება დაგვეძაბოს, საზოგადოებაში მათ მიმართ ნიჰილიზმი გაიზარდოს და ასე ნელ-ნელა ეტაპობრივად საზოგადოებრივ აზრის ცვლილება მოხდეს“, - ამბობს კანაშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, კრემლის მთვარი მიზანია, რომ საქართველოში დასავლეთის გავლენები შემცირდეს. კავკასიოლოგი ამბობს, რომ საქართველოს განვითარება და დასავლეთში ინტეგრაცია, კრემლისთვის პირდაპირი გამოწვევაა და საკუთარ უსაფრთხოებასთან აქვს გათანაბრებული. ამიტომაც ქვეყანაში რაც უფორ მეტი დაძაბულობა, შიდა დაპირისპირება და ინსტიტუციონალური პრობლემები იქნება, მათთვის მით უფრო ხელსაყრელია. ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბიულური საქართველო მათ არაფერში აწყობთ, ამიტომ პრორუსული ძალების დახმარებით, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მუდმივად არეულობა იყოს, არსებობდეს პრობლემები, რომლის მოუგვარებლობის გამო დასავლეთთან მუდმივად პრობლემები გვექნება და ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში კიდევ უფრო გაჭიანურდეს და შორეულ პერსპეტქივად იქცეს.