„დღეს ჩვენს საზოგადოებაში მწერლები აღარ არიან პოპულარულები, რადგან ვეღარ მიჰყვებიან დროს“

„დღეს ჩვენს საზოგადოებაში მწერლები აღარ არიან პოპულარულები, რადგან ვეღარ მიჰყვებიან დროს“

თეა წულუკიანს მწერლები განუდგნენ. მწერალთა პროტესტის გამო ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება. გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადების საფუძველზე, 110 წიგნიდან 92 წიგნი კონკურსიდან მოიხსნა. კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვეს: გელა ჩარკვიანმა, ბესიკ ხარანაულმა, ვახტანგ ჯავახაძემ

ბოიკოტის მიზეზი კულტურის მინისტრის გადაწყვეტილება გახდა, რადგან წელს, არსებობის ისტორიაში პირველად, „ლიტერას“ ჟიურის ერთი წევრი (საუბარია იოსებ ჭუმბურიძეზე) კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დაუნიშნა.

იყო დრო, როცა სააკაშვილი მწერლებს „მოსათვინიერებლად“ საახალწლოდ ინდაურებს მიართმევდა, მართალია, ზოგიერთი მწერალი ამ ძღვენით მადლიერი იყო, მაგრამ იყვნენ ისეთნიც, რომლებიც მაინცდამაინც ინდაურით დასაჩუქრებას პირად შეურაცხყოფად აღიქვამდნენ. დღეს მწერლებს ასეთ საჩუქრებს არ უძღვნიან, სამაგიეროდ, მწერლები ერთობლივ ბრძოლაში შედიან კულტურის სამინისტროსთან.

მწერლებთან ერთად პროტესტის ნიშნად ჟიურის ოთხმა წევრმაც დატოვა კონკურსი. როგორც ჟიურის ყოფილი წევრი ბელა წიფურია განმარტავს: „ეს არის ფანტომური ტკივილი, ეს არის ქართველი მწერლების მანიფესტაცია, რომ მიმდინარეობს არაჯანსაღი პროცესი. ეს შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიტაცების პროცესის ნაწილი, კულტურასა და ლიტერატურაზე კონტროლის განხორციელების მცდელობა. პრობლემა არ არის ჟიურის ერთ წევრში, არც კონკრეტულ მინისტრში, პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ბევრად უფრო ზოგადია“.

ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა ლელა კოდალაშვილმა აღნიშნა, რომ წულუკიანმა მწერლებს ჩაუსვა მაკონტროლებელი ორგანო ერთი ადამიანის სახით.

ვინ მოიგებს ამ ბრძოლაში-მწერლები თუ წულუკიანი? რამდენად რთულია ხელისუფალისთვის მწერლების მომდურება?

ანალიტიკოს პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, მწერლები ითხოვდნენ, წულუკიანს გაეწვია მის მიერ დანიშნული ჟიურის წევრი, მაგრამ მინისტრმა ის არ გაიწვია. წულუკიანი წავიდა ვა-ბანკზე, ან იქნება ჩემი კაცი და კონკურსი, ან არ იქნება ჩემი კაცი და კონკურსიც არ იქნება.

„პრაქტიკულად, გაიმარჯვა წულუკიანმა. თუმცა საზოგადოების 5%-მა თუ გაიგო ეს ყველაფერი, ეჭვი მეპარება, ჩვენს საზოგადოებას ადარდებდეს, მწერლები მიიღებენ თუ არა „ლიტერას“ პრემიას. ეს შიდა ელიტური საკითხი უფროა, ამიტომ წულუკიანის მიმართ მწერლების პროტესტი ვერ მოახდენს გავლენას საზოგადოებრივ განწყობაზე. წულუკიანის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა უფრო შთამბეჭდავი და ეფექტური იყო, საზოგადოებისთვის უფრო მიუღებელი აღმოჩნდა, ვიდრე ამ პრემიის ჩაგდება“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა.

მანვე განმარტა, რომ კომუნისტების დროს მწერლების ძალიან ეშინოდათ, რადგან პოპულარულები იყვნენ მწერლები. დღეს კი მწერლები აღარ არიან პოპულარულები ჩვენს საზოგადოებაში, უფრო ჟურნალისტები არიან პოპულარულნი. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, For.ge-ს უფრო მეტი კითხულობს, ვიდრე წიგნებს. ამის მიზეზი ისაა, რომ მწერლები ვეღარ მიჰყვებიან დროს, წიგნები შედარებით უფრო მძაფრი არაა და საზოგადოებას არ სცალია წიგნების წასაკითხად. სამაგიეროდ, პრესას უფრო კითხულობენ, ტელევიზორს უფრო უყურებენ.

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე სამწუხარო რეალობად აღიქვამს, რაც კულტურის მინისტრსა და მწერლებს შორის მოხდა.

„თეა წულუკიანთან დაკავშირებით ხშირად მიფიქრია, რომ თეასნაირი მინისტრი, რომელიც იბრძვის არსებული რეალობის წინააღმდეგ, ძალიან ცოტაა. მოდიან მინისტრები სხვა სამინისტროებში და ეგუებიან იმას, რაც იქ ხდება. თქვენ იცით, რომ „ნაციონალური“ რეჟიმის დროს თანამდებობებზე ყველა დანიშნული იყო პოლიტიკური ნიშნით. პოლიტიკური გემოვნებით წყდებოდა ადამიანების ყოფნა მწერალთა კავშირშიც და ყველგან, ამისგან ვერც ერთმა მინისტრმა ვერ გაბედა გათავისუფლება და ამ ხალხისთვის თავისი ადგილის მიჩენა. როდესაც თეამ დააპირა, კანონის ფარგლებში მოექცია რიგი უწყებები, იქვე მიიღო პროტესტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ნანა კაკაბაძე.

ამასთან, მიიჩნევს, წულუკიანი ისეთი პიროვნებაა, რომელიც შედის ხოლმე ომში და იმედია, ამ ომიდანაც გამარჯვებული გამოვა. უფლებადამცველი დარწმუნებულია, წულუკიანი არ იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ის არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი მინისტრი არა, რომელსაც ნანა კაკაბაძე ყველაზე მეტად ენდობა.

 

 

ლაზი სამწუხაროა ეს ყველაფერი.
ამ მწერლებს ერთმანეთის მეტი კაციშვილი არ იცნობს.
ასი კაცი რომ გააჩერო ქუჩაში, ორი მწერლის გვარსაც ვერ დაგისახელებს ყველა ერთად.
მათ, უმრალოდ, მწერალთა სახლს გაუკეთეს ოკუპაცია და ამისათვის უპირებენ ადგილის მიჩენას. მათი არც დაწერილი აინტერესებს ვინმეს და არც პროტესტი იქნება რაიმეს მთქმელი, ისევე, როგორც თავისი ნაწერებით ვერ ამბობენ ვერაფერს. ხანდახან რომ ყურადღებას უხამსობით იქცევენ, ეს ვითომ მწერლობაა?
არადა დრო იყო, ლიტერატურული ჟურნალების, ახალი ნომრის გამოსვლას, ხალხი დღესასწაულივით ელოდა.
3 წლის უკან
სერმინე წიფურიას ნათქვამიდან აზრის გამოტანა ძნელია. კიდევ ვიმეორებ, რურუას მინისტრობას იტანდნენ და ახლა გადაირივნენ, ასეთებიც ხდება...
3 წლის უკან
Gami წიფურია ლომაიას მოადგილე იყო და ახლა დაეწყო "ფანტომური ტკივილები"?!
3 წლის უკან
Katana . სამწუხაროდ, დამთავრდა ის დრო, როცა პოეტს შეეძლო ეთქვა:
მე ცა მნიშნავს და ერი მზრდისო...
არავითარი "ღმერთთან ლაპარაკი" და ერის წინამძღოლობაზე პრეტენზიები მწერლების მხრიდან! - ვისაც ამ ტვირთის აწევა შეეძლო, მთაწნინდაზე განისვენებენ. ხოლო მათ მემკვიდრეები საჩივრებს წერენ და ქვეყანას თავზე იმხობენ: ძერჟინსკის ჩამომავალ თეა წულუკიანს უნდა, რომ გააკონტროლოს, როგორ გავინაწილებთ მის მიერ გამოყოფილ ფულს პრემიებშიო!., ვინ ჰკითხავს ამ ბოლშევიკ კულტურის მინისტრს, მწერლების საქმეში რომ ერევა და ჩვენ - ამხელა ლიტერატორებს! - ვიღაც ჭუმბურიძეს გვატენის ჟიურიშიო!..
შეურაცხყოფილი წევრები სულ პანტა-პუნტით ტოვებენ ჟიურის და საშველად უხმობენ ყველა ძალას - მამაზეციერიდან, დეგნანამდე!
წლუკიანი რა ადვილი შესაშინებელიც არის, კი იციან ნაცებმა და მათთან აფილირებულმა ჯგუფებმა. ამიტომ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს იჩენენ მწერლები, რომელთაც ყოფილი მხედრიონელი კულტურის მინისტრის მიერ რობიკო სტურუას გაგდებაზე რუსთაველიდან, ერთი შორისდებული არ წამოსცდნიათ!..
აი, ბოლშევიკებს კი ძალიან ეიმედებოდათ მწერლების თანადგომა და ყველანაირად ცდილობდნენ მათი გულის მოგებას, რადგან ძვირი უღირდათ მათი სიტყვა: უფასო ბინები პრესტიჟულ უბნებში, აგარაკები, პრემიები, უცხოეთის საგზურები, "ვოლგები" სისტემატურად... ჩემს თაობას ახსოვს, ამ მხრივ განსაკუთრებით გულუხვი იყო ამბროსევიჩი.
ახლანდელების სიტყვას კი ერთი ჩურჩხელის ფასი არა აქვს და არც არავინ იკლავს თავს მათი მომადლიერებით... ჰოდა, რა ქნან!
3 წლის უკან