მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ კარიერას სავარაუდოდ ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს.
წყაროს თანახმად, 28 წლის ბელგიელმა ფეხბურთელმა „ინტერს“ უკვე აცნობა, რომ კლუბის დატოვება და „ჩელსიში“ დაბრუნება სურს, რომლის ღირსებას 2011-2012 წლების სეზონში იცავდა და 15 მატჩში გოლი არ გაუტანია.
„ჩელსი“ „ინტერს“ ბელგიელ ფორვარდში 130 მილიონ ევროს სთავაზობს და დიდი შანსია, იტალიელებმა წინადადება მიიღონ. „ნერაძურიში“ უკვე შერჩეული ჰყავთ ახალი თავდამსხმელი - დუვან ძაპატა, რომელიც ბერგამოს „ატალანტაში“ თამაშობს.
ლუკაკუ „ინტერში“ 2019 წლიდან თამაშობს და 95 მატჩში 64 გოლის გატანა მოასწრო. მან ინგლისში „ჩელსის“ გარდა, „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ევერტონისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ ღირსება დაუცავს, ხოლო კარიერის საწყის ეტაპზე ბრიუსელის „ანდერლეხტში“ თამაშობდა.