ბოლო ერთი კვირაა ქვეყანაში კოვიდიფიცირებულთა რაოდენობა ოთხნიშნა ციფრს შეადგენს, გაზრდილია ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობაც. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ სპეციალისტები ე.წ. მეოთხე ტალღასა და კიდევ ერთი „ლოკდაუნის“ გამოცხადების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ. თუმცა, მეორე მხრივ, გასათვალისწინებელია მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა - ქვეყნის „ჩაკეტვა“ საზოგადოებას მძიმე ტვირთად დააწვება.
5 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, თუკი კვირის ბოლომდე ეპიდვითარება არ დასტაბილურდება, შეზღუდვების ამოქმედების საკითხი დადგება.
„ძალიან გვეხმარებოდა კომენდანტის საათი, რომელიც ცოტა ხნის წინ მოიხსნა კურორტული სეზონიდან გამომდინარე... ვფიქრობთ, რომ მომდევნო ერთი კვირა მაინც გვჭირდება, რათა დავაკვირდეთ ტენდენციას. პროგნოზულად პიკში ვიმყოფებით და რამდენიმე დღეში უნდა დასტაბილურდეს შემთხვევები. თუ დასტაბილურდა შემთხვევების რაოდენობა, ჯანდაცვის სექტორი ამ დაწოლას გაუძლებს და შემდეგ უნდა წამოვიდეს ქვემოთ ინფიცირება, მაგრამ თუ კვირის ბოლომდე არ დასტაბილურდა, დავაყენებთ შეზღუდვების გააქტიურების საკითხს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია რეკომენდაციებისა და წესების დაცვა, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ შეიძლება მოიმატოს.
„პირველ რიგში, ადამიანებმა უნდა იარონ პირბადით, დაიცვან დისტანცია და აიცრან, - ეს არის აუციელებელი. თუ ასე დაიწყო კლება, ალბათ, მეტი ღონისძიებები არ იქნება საჭირო, მაგრამ თუკი ისევ მოიმატებს, შესაძლოა საჭიროდ ჩაითვალოს უფრო მკაცრი ღონისძიებების მიღება. მე მეშინია ინფიცირების რაოდენობამ მოიმატოს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში ვატო სურგულაძე არსებული ეპიდვითარების გაუმჯობესებისთვის მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მოქმედი რეგულაციების გამკაცრება.
„ეპიდსიტუაცია მძიმეა. მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციის აქტიური კონტროლი და საჯარიმო ღონისძიების გამკაცრება. ნიღბის სავალდებულო ტარება უნდა გაკონტროლდეს გარეთ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში. ქორწილები, ქელეხები და ა.შ. - ეს არის საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ. ამასთანავე, აუცილებელია საზღვარზე მკაცრი კონტროლის გამკაცრება.
მნიშვნელობა არ აქვს „დელტა“ შტამი იქნება თუ სხვა, აუცილებელია წესების დაცვა. ჩვენ დავარღვიეთ რეგულაციები. ამ სახეობას გადაცემა აქვს უფრო მაღალი, - თუ ერთი ადამიანი აინფიცირებდა სამს, „დელტა“ შტამის შემთხვევაში აინფიცირებს შვიდს, - ორჯერ მეტი აქვს ე.წ. რეპროდუქციის რიცხვი“, - თქვა ვატო სურგულაძემ For.ge-სთან.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ერთგვარი პიკი შესაძლოა 2-3 კვირა გაგრძელდეს. მისი თქმით, პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა.
პაატა იმნაძე განმარტავს, რომ ეპიდვითარების გაუმჯობესება მხოლოდ ვაქცინაციითა და რეგულაციების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ გარდაცვლილთა ყოველდღიური რიცხვი საქართველოში დიდია.
„გამოსავალი ამ სიტუაციიდან არის აცრების ტემპის კიდევ უფრო მომატება, კიდევ უფრო მეტი ადამიანის აცრა, იმიტომ რომ პროგნოზები საკმაოდ არასასიამოვნოა. კი, ახლა კი ვართ პიკში და სამწუხაროდ, ეს პიკი გაგრძელდება 2-3 კვირა მაინც. ვიანგარიშოთ, რომ 1000 ავად გამხდარი ადამიანიდან 15 შეიძლება დაიღუპოს (სამწუხაროდ ასეთია სტატისტიკა), აქედან გამომდინარე, პროგნოზები, რა თქმა უნდა, არასასიამოვნო იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა განმარტა, თუ რა სიმპტომებია ყურადსაღები, როდესაც ბავშვი კოვიდითაა ინფიცირებული.
„სუნთქვის გაძნელება, სისუსტე, სითხეებს თუ დიდი რაოდენობით არ იღებს და აქვს ძლიერი ცხელება, ეს ყველაფერი შესაძლოა იყოს ბავშვის ჰოსპიტალში გადაყვანის ნიშანი. სახლში ვინც აკვირდება ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობას, პირველ რიგში მშობლებმა, ყურადღება უნდა მივაქციოთ ყველა ამ ნიშანს. ასევე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ ბავშვებმა მაქსიმალურად მიიღონ სითხეები, ჰქონდეთ წყალი. მივაქციოთ ყურადღება ნებისმიერ სიმპტომს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა, რაც ამ ეტაპზე იქნებოდა დამტკიცებული, არ არსებობს.
ზრდასრულებში ვაქცინაცია იმაშიც დაგვეხმარება, რომ ვირუსი სახლში არ მივიტანოთ და ბავშვები არ დაინფიცირდნენ“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.