დაავადადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 2 აგვისტოს 3000-მდე ადამიანი ადამიანი აცრაზე არ გამოცხადდა. საუბარია „ფაიზერის“ ვაქცინით აცრაზე. მისივე თქმით, ამის მიზეზს სწავლობენ. სპეციალისტების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა იყოს გარკვეული საბოტაჟის მოწყობის მცდელობა და შესაბამისი უწყებას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს. თუმცა, მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილი შესაძლოა ჰქონდეს ტექნიკურ ხარვეზს.
„2 აგვისტოს 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე, ვსწავლობთ მიზეზებს, შეიძლება, გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის ადგილს და აუქმებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
ექიმი და „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე For.ge-სთან ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მსგავსი რამ მიზანმიმართულად ხორციელდება, ეს სცდება ყოველგვარ ადამიანურ საზღვარს.
„ბევრი აქციენტი შეიძლება მოიძებნოს თეორიულად, მაგრამ, როდესაც „ფაიზერზე“ ჯავშანს აკეთებ და მერე აუქმებ, არ მიდიხარ, აქ კითხვის ნიშნები ჩნდება. თუ ეს კეთდება შეუცნობლად, ეს განათლების ნაწილია და ამას შეავსებს ადამიანი, გამოაკეთილშობილებს, მაგრამ, როდესაც მიზანმიმართულად აკეთებ, რა თქმა უნდა, ცუდია.
ჩვენ ვიცით, რომ ტექნიკასთან გვაქვს საქმე. როდესაც არის კომუნიკაციის საშუალება დისტანციურად, შეიძლება იყოს რაღაც უკუკავშირი, თუმცა, როდესაც 3000-მდე ასეთი შემთხვევა გვაქვს, ეს ფაქტი კითხვის ნიშანს სვამს.
ძალიან საწყენი და გულდასაწყვეტი იქნება, თუ ეს არის მიზანმიმართულად. ვაქცინაციის პროცესს ჰყავს მომხრები და მოწინააღმდეგეები. თუ წინააღმდეგობა ასეთ ტექნიკურ ნაწილში გადავა და ხელის შეშლას ექნება ადგილი, არ არის კარგი და ეს ჰუმანურ მისიას სცდება. თუ ტექნიკური წუნია, ამას გამოსწორება დასჭირდება“, - განაცხადა ლადო კახაძემ For.ge-სთან.
ექიმი-ინფექცინისტი ირაკლი ხმალაძე თვლის, რომ ეს საბოტაჟის მოწყობის მცდელობას ჰგავს და შესაბამის უწყებას მოუწოდებს, საქმე გამოიძიონ. როგორც მან For.ge-ს უთხრა, მსგავსი ფაქტები ხელს უშლის ვაქცინაციის პროცესს.
„ამას ვაქსერები აკეთებენ. ეს სერიოზულად უშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს, რადგან ის ადამიანები, ვისაც ნამდვილად უნდათ აცრა, შესაძლოა ვერ ჩაეწერონ. ახლა რომ შეხვიდეთ საიტზე, თბილისი მთლიანად გამორთულია. თუ აქ შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ჩაერია, არაფერი გამოვა. როგორც სკოლაში იყო, თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ცნობა, რომ ამ ადამიანებისთვის იმ დროს შეუძლებელი იყო აცრის ჩატარება, მაგრამ ეს ყველაფერი ოფიციალური უნდა გახდეს.
თვითონ თუ არ უნდა, ნუ აიცრება, თუმცა ასეთი რაღაცის გაკეთება არის კრიმინალი, ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული და ხელის შეშლა ომის დროს, ქვეყნის პრობლემატურობის გაზრდისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ჩვენ, ასეთი ხალხი ვართ ქართველები და კავკასიელები, სანამ დაუსჯელობის სინდრომი იმუშავებს, მანამდე იგივე განმეორდება. ნუ გვავიწყდება, რომ საუბარია „ფაიზერზე“, რომელსაც ძალიან რთული შენახვის პირობები აქვს და გარკვეული ვადები და სწორედ, ამაზე თამაშობენ. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მთავრობას, რომ დაისაჯოს ის ადამიანი, ვინც ამ საქმეს აკეთებს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ For.ge-სთან.
დღეს უკვე ნახევარ მილიონზე მეტი, 523 000 აცრაა ქვეყანაში ჩატარებული.
„აქედან სრულად, ანუ ორჯერადად აცრილია 165 000 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8 პროცენტს შეადგენს. გუშინ 24 საათში გვქონდა 16 677 აცრა. მნიშვნელოვანი მიგნებაა ბოლო ორი დღის ასევე ის, რომ გუშინ გვქონდა ჩვენ 19 000 ჯავშანი და დაახლოებით 3 000-მდე ადამიანი არ გამოცხადდა აცრაზე ან არ ჩაიტარა აცრა.
ამიტომ, ახლა, ჩვენს IT სამსახურებთან ერთად ვსწავლობთ გაუქმების მიზეზები რა იყო. ესეც მნიშვნელოვანია, რადგანაც შეიძლება, რაღაც ეჭვი იყოს, რომ ადამიანების გარკვეული ნაწილი მიზანდასახულად ჯავშნის აცრებს და შემდეგ მას აუქმებს. თუმცა, არის მეორე რამ - რადგან ინფიცირების მაჩვენებელი მაღალი გვაქვს, შეიძლება, ადამიანები ინფიცირდებიან და მერე აღარ მიდიან აცრებზე.
ან ჰქონდა მესამე მიზეზი, რომ დაჯავშნული ჰქონდათ, მაგალითად, „სინოფარმზე“ და შემდეგ ამოეწერნენ, გადაჯავშნეს „ფაიზერზე“. დღევანდელი დილის მონაცემებით, 4 700 ადგილია თავისუფალი „ფაიზერზე“, ძორითადად რეგიონებში, „ასტრაზენეკაზე“ – 17 791, „სინოფარმზე“ – 79 523, „სინოვაკზე“ – 73 749“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დახურულ შენობებში პირბადის ტარებაზე კონტროლი გამკაცრდება.
„ძირითადი გზავნილები დღეს, რაც იქნა ინტენსიურად განხილული და რასაც დათანხმდა საბჭო, გახლავთ ის, რომ განსაკუთრებით გამკაცრდეს აღსრულება პირბადის ტარებაზე დახურულ შენობებში. განსაკუთრებით, ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და რეკომენდაცია, ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში და ამავე დროს, თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს უკვე მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რამეთუ მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება.
ერთი მხრივ, დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცათ დავალებები შესაბამის ორგანოებს – აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესტივალები და ა.შ.
ასევე, ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იყვნენ მხოლოდ ორჯერადი აცრით, „პისიარ“ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ და თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ყველა ინდიკატორით: ინციდენტობის ინდიკატორით, დადებითობის მაჩვენებელით, სიკვდილიანობის მაჩვენებელით მილიონ მოსახლეზე, არის ყველა იმის საფუძველი, რომ გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში მაქსიმალურად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.