„თქვენ მხოლოდ ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებთ, მაგრამ რა ქნას ჩვენმა ხალხმა - თქვენგან და რუსეთისგან დასაცავად ვეძებოთ ახალი მოკავშირე?“

„თქვენ მხოლოდ ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებთ, მაგრამ რა ქნას ჩვენმა ხალხმა - თქვენგან და რუსეთისგან დასაცავად ვეძებოთ ახალი მოკავშირე?“

„ქართული ოცნების“ მიერ, შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამოსვლამ ოპოზიციურ სპექტრში დიდი არეულობა გამოიწვია. საპარლამენტო ოპოზიცია დაბნეულია, მათ მიერ, უკვე გაწერილი გეგმა წყალში ჩაიყარა, ახლის შედგენაც დიდ სირთულეს წარმოადგენს, იქიდან გამომდინარე, რომ სახელისუფლებო გუნდის შემდგომი ნაბიჯების გათვლა რთულია. საქმეს ართულებს უცხოელი პარტნიორების პოზიციაც, საერთაშორისო გამოხმაურება სულაც არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ოპოზიცია ელოდა. ოპოზიციას და მათთან ასოცირებულ მედიას ისღა დარჩენია, საზოგადოებაში განავითაროს აზრი - ხომ არ დაუბრუნდება ხელისუფლება მიშელის დოკუმენტს? ამ კითხვაზე ხელისუფლების პასუხი ცალსახაა - სახელისუფლებო გუნდმა ქვეყნის განვითარების ათწლიან გეგმასთან ერთად, საარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. ამას დაემატა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა, სადაც, ოპოზიციის რეიტინგი არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გამოსვლა ხელისუფლებამ ცოტათი დააგვიანა კიდეც, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავდა.

„შარლ მიშელის ცალმხრივი ხელშეკრულებიდან გამოსვლით ხელისუფლებამ, როგორც იქნა, მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება, რომელიც ამყარებს როგორც პროცესების კონსტიტუციურ ჩარჩოებში მოქცევას, ისე ქვეყნის სუვერენიტეტს. ამ ფონზე ნეგატიური შეფასებები, მით უფრო მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლის მხრიდან, ხელს არ უწყობს სწორი აღქმების დამკვიდრებას ჩვენს ქვეყანაში. საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრებმა, უცხოელი კოლეგების მხარდაჭერით მივმართეთ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებას, რათა დაიცვან ობიექტურობა და მიუკერძოებლობა საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებისას. ჩვენს მიმართვაში მითითებულია იმ რისკის რეალურობაზე, რომ ასეთი შეფასებებისა და ანალიზის დროს, ბალანსის დაუცველობა და საქართველოს მოქალაქეთა მენტალიტეტისათვის მიუღებელი ღირებულებების დამკვიდრების კატეგორიული მოთხოვნა, ნოყიერ ნიადაგს ქმნის ანტიდასავლური განწყობილებების გაღვივებისთვის. ეს კი, არ შედის არც ჩვენი ქვეყნის და არც ჩვენი დასავლელი პარტნიორების ინტერესებში. დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ჩვენს ბუნებრივ მოკავშირედ ევროპა -ამერიკა დავიგულეთ და ბოლომდე მივენდეთ მათ. გულუბრყვილოდ დავიჯერეთ, რომ ისინი მომაკვდავი იმპერიული გველეშაპის კუდის მოქნევისას კედლად აღიმართებოდნენდა ჩვენს თავს არავის დააჩაგვრინებდნენ. მალე დავინახეთ, რომ არც ერთი ქვეყანა ჩვენს ინტერესებს თავის ინტერესებზე წინ არ დააყენებდა (ან რატომ უნდა დაეყენებინა?). ეს ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა. შემდგომში უფრო ფრთხილად, მაგრამ ერთგულად ვასრულებდით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე აღებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სამართლებრივ ვალდებულებას,

იქნებოდა ეს კანონმდებლობის ცვლილებები, საერთაშორისო ფორუმებზე პოზიციების დაფიქსირება თუ ქართველი მეომრების მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში. ამას არავის ვამადლით, რადგან ჩვენი არჩევანია, როგორმე დაცული ვიყოთ რუსეთის აგრესიული შემოტევებისგან. მიუხედავად ამისა, ამდენი ხნის მანძილზე, ვხედავთ როგორ გაურბიხართ ჩვენი დაცვის პასუხისმგებლობას. ამიტომაც არ გვიშვებთ ნატოში შემავალ იმ კარებში, რომელზეც მუდმივად გვეუბნებით, რომ ღიააო. გვესმის, რომ ერიდებით რუსეთთან კონფრონტაციას, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როდესაც სწორედ თავისუფლებისკენ და თქვენკენ აღებული გეზის გამო გვაჭრის რუსეთი ტერიტორიებს?

ხომ ხედავთ, რომ რუსეთს თქვენგან ყოველ ჯერზე გამოთქმული მხოლოდ შეშფოთება-აღშფოთებები ვერ აჩერებს? თქვენ იმ ხალხის ერთგულ მოკავშირეებად იქეცით, ვისაც ჩვენი ერის სულიერებასა და ცხოვრების წესზე მიაქვს იერიში. თქვენი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ჩვენთან, უხეში ფორმებით ცდილობთ და გვემუქრებით: თუ თქვენს მითითებებს არ შევასრულებთ, სანქციებს დაგვიწესებთ, თქვენი ბიუჯეტით გათვალისწინებული ფულით აღარ დაგვეხმარებით და შიმშილით დაგვხოცავთ. გგონიათ, ასეთი პოზიციებით გააძლიერებთ პროდასავლურ განწყობებს? 

რატომღაც ეს წარსული გაგვახსენა ბოლოდროინდელმა გახშირებულმა საუბრებმა, რომ საქართველოს შეუმცირდება ან სულაც შეუწყდება ევროკავშირიდან თუ აშშ-დან დაგეგმილი დაფინანსების მიღება, თუ ჩვენი ხელისუფლება ისე არ მოიქცევა, როგორც საჭიროა. მართალია, ეს „როგორც საჭიროა“ კარგად არის შეფუთულ შეფერადებული ზიზილ-პიპილოებიანი „ადამიანის უფლებების “, „დემოკრატიის “, „ტოლერანტობის “, „ხალხზე ზრუნვის “, „თავისუფლების “, „დამოუკიდებლობის “, „თანასწორობის “, „სამართლიანობის” დაცვის აუცილებლობით, მაგრამ როდესაც ვხედავთ, რომ ეს სიტყვები მხოლოდ სახელმწიფოზე ზეწოლის ინსტრუმენტებად გამოიყენება, მოქალაქეებს სხვა განწყობები და ასოციაციები უჩნდებათ. 

ჩვენ ვხედავთ, რომ რაც დასაშვებია სხვა ქვეყნებისთვის, ის დაუშვებლად ცხადდება საქართველოსთვის. თუ აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის შედეგად დაკავებული ასეულობით ადამიანის სისხლისსამართლებრივი დევნა და სასტიკი სასჯელები ბუნებრივი მოვლენაა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში შეჭრისათვის დაკავებულები პოლიტიკურ პატიმრებად ინათლებიან, თუ ასეთი შეჭრის დროს აშშ-ში რამდენიმე ადამიანის არათუ დაშავება, არამედ მკვლელობაც კი კანონის აღსრულებად ითვლება, საქართველოსთვის რამდენიმე ადამიანის დაზიანება პოლიციელთა მხრიდან კანონის დარღვევად აღიქმება და წინა პლანზე გამოდის პოლიციელთა დასჯის მოთხოვნა, რასაც თქვენც უბამთ მხარს.

თქვენ ვერასოდეს მოითხოვთ მოკავშირე საუდის არაბეთში ან სხვა ქვეყნებში გეი-აღლუმებისა და გეი-ქორწინებების დაშვებას, ჩვენთან ამის მიუღებლობაზე ისეთი რეაქცია გაქვთ, ლამის ყველა იმ ხალხის დაპატიმრება მოითხოვოთ, ვინც ამას სიტყვითაც კი ეწინააღმდეგება. ასეთი კი საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობაა. რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე უნდა დასაჯოს კანონმა, მაგრამ, როდესაც ჩვენგან მოითხოვთ 5 ივლისის მოძალადეების დასჯას და მეორე მხრივ, მოითხოვთ 2019 წლის 20 ივნისის პოლიციელებზე მოძალადეების გათავისუფლებას, როგორ უნდა დაგიჯეროთ, რომ მხოლოდ მაღალი სტანდარტები და სამართლიანობა გაწუხებთ და არა სხვა ინტერესები? 

ჩვენ არ გვინდა, ქართველი ხალხი თქვენ დამპყრობლებად აღგიქვამდეთ, მაგრამ მაშინ რითი ავხსნათ თქვენი ასეთი დაჟინებული და უკომპრომისო მოთხოვნა, რომ მაინცდამაინც ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები ერთ დონეზე დავაყენოთ, ერთნაირად მიმზიდველად და მისაბაძად დავსახოთ და ჰომოსექსუალური ვნებების წასახალისებლად აუცილებლად ლგბტ პრაიდები ჩავატაროთ? და თუ ამას არ გავაკეთებთ, ფულადი დახმარების შეწყვეტით უნდა დაგვსაჯოთ? 

ჩვენ მხოლოდ ის გვაწუხებს, რომ ასეთი ქმედებებით თქვენ მხოლოდ ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებთ და პრორუსულ განწყობებს აძლიერებთ. ჩვენ კი აღარ გვინდა რუსეთისკენ გახედვა, მაგრამ რა ქნას ჩვენმა ხალხმა ასეთ ვითარებაში, ერთდროულად თქვენგან და რუსეთისგან დასაცავად ვეძებოთ ახალი მოკავშირე? და, რადგან ბუნებაში ვერ გამოჩნდება ასეთი ძალა, გაჩნდება საქართველოში. ნუთუ ვერ ხვდებით, რომ თქვენდამი ნდობის შესუსტება ავტომატურად ნიშნავს რუსული ორიენტაციის გაძლიერებას? 

ჩვენი თხოვნაა, როცა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას (ანუ ქვეყანას) დირექტორების პოზიციებიდან დაუწყებთ თითების თუ მუშტების ქნევას, გაითვალისწინოთ ზემოხსენებული. ჩვენ დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პეტიციაში, რომელსაც ოთხასამდე მხარდამჭერის ხელმოწერა აქვს და ეს ციფრი ყოველდღიურად იზრდება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ აღნიშნული შეთანხმება იყო ანტიკონსტიტუციური და საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლა ხელყოფდა ქვეყნის სუვერენიტეტს.

ნანა კაკაბაძე: ჩვენ მოვუწოდებდით, რომ ასეთ შეთანხმებას ქვეყანა არ უნდა მიერთებოდა. სამწუხაროდ, ხელისუფლება ცალმხრივად ასრულებდა ამ ვალდებულებებს. კარგია, რომ ხელისუფლება გამოვიდა ამ შეთანხმებიდან. ჩვენი პეტიცია გაეგზავნა ამერიკის შერთებულ შტატებს, სახელმწიფო დეპარტამენტს, თეთრს სახლს, კონგრესმენებს. ჩვენს პეტიციას შემოუერთდნენ საბჭოთა პერიოდის დისიდენტები და იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანების ხმა, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა კავშირის დროს დამოუკიდებლობისათვის, იქნება შესმენილი და ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი ზეწოლები ჩვენს ქვეყანაზე არ მოხდება. ასევე, ხელისუფლება აღარ შეუერთდება იმგვარ შეთანხმებას, რომელიც ხელყოფს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას.

იქნებ დააკონკრეტთ, რატომ იყო ეს შეთანხმება ანტიკონსტიტუციური?

- კონსტიტუცია მოიაზრებს მხოლოდ ორ მომენტს, რა დროსაც არის შესაძლებელი ვადამდელი არჩევნების ჩატარება. ეს ხდება, როდესაც პარლამენტი ვერ ამტკიცებს ბიუჯეტს და ეს ხდება სამთავრობო კრიზისის დროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვადამდელი არჩევნების ჩატარება, არადა ხელშეკრულებაში პირდაპირ იყო დათქმა 43%-იან ბარიერთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში კონსტიტუციასთან. ეს იყო ხელისუფლების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც ეს ფაქტორი არ გაითვალისწინა. ასეთი კარნახი და დიქტატი, არის პირდაპირი ჩარევა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში, ეს კი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შელახვა.

რაც შეეხება ხელისუფლების გამოსვლას ამ ხელშეკრულებიდან, რა იყ ამ შემთხვევაში განმაპირობებელი ფაქტორი, ის, რომ გვიან მიხვდა ხელისუფლება, რომ კონსტიტუციასთან არათავსებადი პუნქტები იდო მიშელის დოკუმენტში თუ ის, რომ არჩევნების შედეგები, რასაც ხელისუფლება მიიღებდა, პირდაპირ კავშირში იქნებოდა ვადამდელ არჩევნებთან?

- ვფიქრობ, რომ არჩილ თალაკვაძის გადაყენება, პირდაპირ იყო იმისი ნიშანი, რომ ხელისუფლებამ გააცნობიერა საკუთარი არასწორი ნაბიჯები. კრიზისიდან გამოსვლის ეგიდით, ისინი კიდევ უფრო დიდ კრიზისში შევიდნენ ამ ხელმოწერით. ჩემი აზრით, თალაკვაძის წასვლაც სწორედ ამას უკავშირდებოდა. არც ერთ ხელისუფლებას არ ეპატიება კონსტიტუციის უპატივცემლობა და ასევე უპატიებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც მუდმივად ახორციელებდნენ ზეწოლას ხელისუფლებაზე. ჩვენ მზად ვიყავით, ეს გაგვესაჩივრებინა საკონსტიტუციო სასამართლოში, თუკი ამ დოკუმენტის საფუძველზე დაინიშნებოდა არჩევნები და კიდეც მოვიგებდით ამ სარჩელს. ვერც ხელისუფლება შექმნიდა ვერანაირ იურიდიულ დოკუმენტს, რომ მე ვერ გადავლახე 43%-იანი ბარიერი და ამიტომაც ვნიშნავ რიგგარეშე არჩევნებსო. ეს რომ გაეკეთებინა ხელისუფლებას, ხელოვნურად უნდა გამოეწვია ორიდან რომელიმე კრიზისი და ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ხარ ჩვეულებრივი მონა, რათა გაამართლო ზეწოლები დასავლეთის მხრიდან.