ესპანური „ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „მილანის“ წინააღმდეგ 90 წუთი ითამაშა, კარი მშრალად შეინახა, 5 სეივი შეასრულა და ზოგადად უშეცდომო, დამაჯერებელი და მაგარი თამაში ჩაატარა.
20 წლის ქართველ კიპერს ესპანელთა თავკაცი ხოსე ბორდალასი ენდობა და უკვე ზედიზედ მეოთხე სპარინგში ათამაშა (სამჯერ გიორგიმ გოლი არ გაუშვა). „მილანთან“ გიორგიმ ხუთი სეივი მიითვალა, მათ შორის, სამი გამორჩეული იყო, მაგრამ ცალკე მე-60 წუთის ეპოზიდზე უნდა ითქვას, როცა ბრაჰიმ დიასს წარმოუდგენლად რთული დარტყმა აუღო. იმდენად ლამაზი, ეფექტური და დაუჯერებელი ეპიზოდი იყო, იტალიელმა კომენტატორმა გიორგი ასე შეამკო: „ზღაპრული ქართველი მეკარე მამარდაშვილი!“
თამაში 0:0 დასრულდა, მაგრამ პენალტების სერია დაინიშნა, რადგან „ვალენსიას“ მიერ თავის დროზე დაარსებული „ნარანხას თასი“ თამაშდებოდა და ესპანელებმა საფეხბურთო ლატარიაში 5:3 მოიგეს. გიორგის კარში მილანელებმა 4 პენალტი დაარტყეს, 3 გაიტანეს (ოლივიე ჟირუმ, დავიდე კალაბრიამ და ანტე რებიჩმა), ხოლო რადე კრუნიჩმა კარს ააცილა. მართალია, ქართველმა კიპერმა პენალტი ვერ მოიგერია, მაგრამ სამჯერ ახლოს იყო ამასთან და დარტყმის მიმართულება გამოიცნო. „ვალენსიამ“ 5 პენალტიდან ხუთივე გაიტანა მოიგო. ამ გამარჯვებაში კი მამარდაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა, რადგან მართლაც დიდებული თამაში ჩაატარა და "ვალენსიამ" თამაშში გოლი რომ არ გაუშვა, ჩვენებურის დამსახურებაა.
„ვალენსია“ 7 აგვისტოს, ამხანაგურ შეხვედრას ინგლისურ „ბრენტფორდთან“ გამართავს, ხოლო 13 აგვისტოს, „ხეტაფეს“ ლა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდება და დიდი შანსია, ქართველი მეკარის ოფიციალური დებიუტი შედგეს.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ღამურებს“ ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და ესპანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს.