„შემთხვევითი არ არის, რასაც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობდა, შიდა კვლევებით „ოცნებას“ 28%-ზე მეტი არ აქვსო. ფაქტობრივად, „აირაის“ მონაცემიც, ხვალ რომ არჩევნები იყოს, 26%-ს აიღებს „ქართული ოცნება“, ემთხვევა კახა ოქრიაშვილის მონაცემს. ეს არის მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43%-ს. ხომ იკითხავს საზოგადოება, თუკი ივნისის თვეში „ქართულ ოცნებას“ 26% ჰქონდა, როგორ გაუხდა 43%?!“ - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
არა მხოლოდ პოლიტიკოსებს, არამედ საზოგადოების წევრებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით. ერთნი თვლიან, რომ უნდა შესრულებულიყო ეს დოკუმენტი, მეორენი „ნაცისტებთან“ თავს მოხვეულ მეგობრობად აღიქვამენ ამ დოკუმენტს. ხომ არ გაყო საზოგადოების აზრი მიშელის დოკუმენტმა, რაიმე პოზიტიური მოიტანა თუ არა ამ ხელშეკრულებამ, თუ ეს ევროპის მორიგ შეცდომად შეიძლება ჩავთვალოთ?
- გიდასტურებთ, რომ ამ ხელშეკრულებამ საზოგადოება მართლაც გაყო, ადრეც გაყოფილი იყო ჩვენი საზოგადოება, როდესაც ეს შეთანხმება დაიდო. ევროპა შეცდა თუ არა, საერთოდ, ევროპას ბევრი რამ, რაც საქართველოში ხდება, ბოლომდე არ ესმის, რადგან არ ჯდება ეს ევროპულ პოლიტიკურ კულტურაში, ევროპულ წესებსა და ევროპულ პოლიტიკურ ურთიერთობებში. აქ ჩამოსული იყო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი, მანაც განაცხადა შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით, ასეთი რამ არსად მინახავს, რომ ადგილობრივი არჩევნები, ფაქტობრივად, რეფერენდუმად იყოს გამოცხადებულიო. ეს ექსტრაორდინალური დოკუმენტია, მიუხედავად ამისა, არ ვაპირებ თქვენს საქმეში ჩარევასო. ეს იყო დიპლომატიურად ქვა ნასროლი შარლ მიშელის ბოსტანში.
ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს დოკუმენტი იყო ერთგვარი ცეცხლის ჩაქრობის დოკუმენტი, ეს არ იყო იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, ეს იყო წმინდა პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ევროკავშირმა და აშშ-მა თავს მოახვიეს „ქართულ ოცნებას“. ვფიქრობ, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ გამოეთხოვა საკუთარ თანამდებობას ასე უცნაურად და სპონტანურად ბატონი არჩილ თალაკვაძე, ესეც შეიძლება ყოფილიყო. ის იყო ხელმომწერი ამ დოკუმენტზე, რომელიც, როგორც ჩანს, მთლად ბოლომდე გავლილი არ იყო. არ ვიცი, შეიძლება, მე ვცდები და „ქართულმა ოცნებამ“ მერე გააცნობიერა, რას მოაწერა ხელი და მიხვდა, რომ ეს დოკუმენტი მისთვის წამგებიანი იყო. ყველა ვარიანტი შეიძლება დავუშვათ, ჩვენ ახლა „ქართული ოცნების“ შიდა პარტიული სამზარეულო არ ვიცით, ვარაუდების დონეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ფაქტია, ეს დოკუმენტი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა ქვეყნის კონსტიტუციასთან, რომელიც მკაფიოდ განსაზღვრავს ვადამდელი ან რიგგარეშე არჩევნების ჩატარების პირობებს. ყოველ შემთხვევაში, წარსულზე ნუ ვილაპარაკებთ, მოდით, ვნახოთ, მომავალში რა იქნება.
როგორ ფიქრობთ, „ქართულმა ოცნებამ“ ამ დოკუმენტის ანულირებით მძიმე ტვირთი ჩამოიშორა და ამით დააზარალა ოპოზიცია?
- ფაქტობრივად, ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა და, შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ახლა უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია, ვიდრე მანამდე, როცა ის იყო ხელფეხშეკრული შარლ მიშელის დოკუმენტით. შესაბამისად, დაზარალდა ოპოზიცია, რომელსაც იმედი ჰქონდა, რომ „ქართული ოცნება“ თუ 43%-ს ვერ აიღებდა, ის ვადამდელ არჩევნებს მიაღწევდა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია არჩევნებზე, რა მოსაზრებებიც არ უნდა გამოითქვას, აიღებს, თუ ვერ აიღებს „ქართული ოცნება“ 43%-ს, უნდა დაველოდოთ არჩევნებს და ვნახოთ, რამდენ პროცენტს აიღებს მმართველი გუნდი.
რაც შეეხება სარგებელს, რაც მიშელის დოკუმენტმა მოიტანა, სასარგებლო ვიღაცისთვის შეიძლება იყოს, რომ გაუმჯობესდა საარჩევნო კოდექსი, სასამართლო რეფორმის კუთხითაც გარკვეული გაუმჯობესება დაისახა, გათავისუფლდნენ მელია და რურუა, რომელიც იყო პოლიტიკური ჭიდაობის ობიექტი, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს არის კიდევ ერთი პრინციპული საკითხი, იმაზე არანაკლებ პრინციპული, ვიდრე 43%. თუ მიაქციეთ ყურადღება, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს შალვა პაპუაშვილს არ უთქვამს ასე ცალსახად, ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს განვახორციელებთ იმიტომ, რომ 2%-იან ბარიერზე და სრულიად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთო, მან თქვა, ვიმსჯელებთ და მსჯელობის პროცესში გამოჩნდებაო. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაბლოკოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ მივიდეთ არსებული სისტემით?!
როდესაც ხელოვანი ადამიანები მკვეთრად აფიქსირებენ სათქმელს, როცა რობერტ სტურუა პირდაპირ მოითხოვს, ამერიკის ელჩი ულტიმატუმის ენით ნუ გველაპარაკება და ნუ გვახვევენ თავს „ნაცისტებთან“ მოღალატეობრივ შეთანხმებას, მანიაკი „ნაცების“ გამეფებას, ნუ გვართმევენ თავისუფლებას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მსგავსი დოკუმენტების შემოთავაზებით დასავლეთი ცდება თავის ღირებულებებს, რომლის ძირითადი არსიც სწორედ თავისუფლებაა?
- კი ბატონო, დღევანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად ან ნეიტრალურად განწყობილი ექსპერტებიც კი იმავეს ამბობენ, რომ ეს იყო თავსმოხვეული დოკუმენტი, აბა, რატომ ჩამოვიდა ორჯერ დენიელსონი, რატომ ჩამოვიდა მიშელი, რატომ შეიწუხეს თავი? საკუთარი პრობლემები არ ჰყოფნით? ეს იყო ძალდატანებითი და, თუ გნებავთ, ხელების ამოგრეხვით მიღებული დოკუმენტი. ჩვენ არ ვიცით, შიგნით რა ხდებოდა, მოლაპარაკებების დარბაზში. ვიღაცამ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას „ქართული ოცნებიდან“ და მოაწერა ხელი.
როგორც ჩანს, მმართველი გუნდი მთლად არ კეტავს კარებს და ანულირებული დოკუმენტის აღდგენასთან დაკავშირებით, თუკი ნაციონალები მას ხელს მოაწერენ, გია ვოლსკი აცხადებს, რომ მოლაპარაკების შანსი ყოველთვის არსებობს. ეს კიდევ უფრო წამგებიანი და არაპრინციპული გადაწყვეტილება არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“?
- მმართველი გუნდის მხრიდან ამ დოკუმენტთან დაბრუნება ძალიან წამგებიანი ნაბიჯი იქნება. პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, ჩვენ არანაირად არ გადავხედავთ ჩვენს გადაწყვეტილებასო. პარტიის სხვა წევრებმაც იგივე განაცხადეს. თუ ამას გააკეთებს „ქართული ოცნება“, დაკარგავს იმიჯს საკუთარი ამომრჩევლის თვალში და იმათ თვალშიც, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს, ვის მისცეს ხმა. ეს პარტიისთვის მომგებიანი არ იქნებოდა, მაშინ ეტყოდნენ, რაღას გამოდიოდი ხელშეკრულებიდან?
ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ „აირაიმ“ ზუსტად ახლა დაამთხვია კვლევის შედეგები - „ქართულ ოცნებას“ - 26%, ნაცებს - 14%, გახარიას - 9%.
- კი ბატონო, ეს შემთხვევითი არ არის. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობდა, შიდა კვლევებით „ოცნებას“ 28%-ზე მეტი არ აქვსო. ფაქტობრივად, „აირაის“ მონაცემიც, რომ 26%-ს აიღებს „ოცნება“ ხვალ რომ არჩევნები იყოს, ემთხვევა კახა ოქრიაშვილის მონაცემს. ფაქტობრივად, ეს არის მესიჯი საზოგადოებისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებს 43%-ს. ხომ იკითხავს საზოგადოება, თუკი ივნისის თქვეში „ქართულ ოცნებას“ 26% ჰქონდა, როგორ გაუხდა შემდეგ 43%? რეალურად რა შედეგი ექნება „ოცნებას“ არჩევნებზე, წინასწარ ამის თქმა რთულია.
დანარჩენი ვინ აიღო? გირჩმა და ნათელაშვილმა?
ეს ციფრები მიუთითებს შემდეგს: 52% + 28% + 18% =98%