გიგა ბოკერია: ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს

გიგა ბოკერია: ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს

ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, რომ თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი განცხადებები.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და არც პასუხისმგებლობა აუღია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე.

„პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ჩემი აზრი არ შემიცვლია. გუშინაც ვთქვი და დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ გაჩერებული საათი დღეში ორჯერ სწორ დროს აჩვენებს. სიმპტომატური აქ ის არის, რომ ისე ღრმად შეტოპა ივანიშვილის რეჟიმმა საერთაშორისო იზოლაციაში და ქვეყნის შიგნით, საკუთარ მოქალაქეებთან, რომ ზურაბიშვილის მსგავსი უპასუხისმგებლო ფიგურაც კი საჭიროდ თვლის, თავი დაიზღვიოს და დისტანცია დაიჭიროს. ეს ნიშანდობლივია, მეტი ეს არაფერს ნიშნავს. ზურაბიშვილს არც გავლენა აქვს და მოვლენებზე პასუხისმგებლობა არც არასდროს აუღია“, - განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, მოელის თუ არა სანქციებს, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ თავად არაფერს ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ საგანგაშოა ვითარება, როდესაც დასავლეთისგან ასეთი კრიტიკული განცხადებები ისმის.

„ის, რომ „გავრილოვის ღამის“ და ახლა განსაკუთრებით, ბოლო მოვლენების ფონზე, თავისუფალ სამყაროში საქართველოსნაირ ქვეყანაზე მისი მთავრობის წინააღმდეგ სანქციები უკვე განხილვის საგანია, ეს არის კატასტროფული ვითარება, რომელიც უნდა შევცვალოთ. ჩვენ გვჭირდება ვითარება, როდესაც საქართველოს მთავრობა სანქციებისგან კი არ იცავ თავს, არამედ ისეთი მთავრობა გვყავს, რომელიც მუშაობს იმაზე, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შემდეგი ნაბიჯი გადავდგათ და ევროკავშირთან დავახლოვდეთ. დღეს გვყავს მთავრობა, რომელიც ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს ნებისმიერ, მათ შორის პუტინის პოზიციების გაძლიერების ფასად და თავს იცავს შესაძლო სანქციებისგან. ეს არის დიაგნოზი და კატასტროფა “,- განაცხადა ბოკერიამ.

მან ასევე ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტომას ჰენდრიკ ილვესის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „თუ ქვეყანას დამოუკიდებელი სასამართლოს ეშინია, მაშინ ევროკავშირში მისი ადგილი არ არის“.

„დასავლეთს და თავისუფალ სამყაროს სურს, საქართველო იყოს მისი ნაწილი. როცა ხალხის არჩევანს აკეთებს და მიისწრაფვის, ბუნებრივია, იქ არის თამაშის წესები. იმის გამო, რომ საზოგადოებრივი აზრი არის პროდასავლური, ჩვენს მთავრობას უნდა ფორმალურად ისაუბროს, ვითომ ევროკავშირისკენ, ნატოსკენ მიისწრაფვის, მაგრამ რეალურად, საქმეს აფუჭებს. ამ წინააღმდეგობის გამო გვაქვს ეს კრიტიკა და ამაზე მითითებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტიც“,-აღნიშნა ბოკერიამ.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა.