ზაალ უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას

ზაალ უდუმაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას

სალომე ზურაბიშვილმა ძალიან კარგად იცის, რატომაც არ მოვაწერეთ ჩვენ ხელი მიშელის შეთანხმებას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამას სჯობდა, პრეზიდენტს თავის დროზე გაეკეთებინა განცხადება, როცა „ქართული ოცნება“ უკვე შეთანხმებულ დოკუმენტს არღვევდა პარლამენტში მიღებული კანონპროექტებით.

„მე ვგულისხმობ ამნისტიის შესახებ კანონს, მართლმსაჯულების რეფორმას - არცერთი განცხადება სალომე ზურაბიშვილისგან ჩვენ ამ პერიოდში არ მოგვისმენია. საბოლოო ჯამში მან გააკეთა ეს განცხადება მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან დიდია ამ დღეებში წნეხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის გარდაუვალი პროცესი იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც გადაუხვევს არჩეულ კურსს და დაკარგავს პარტნიორების ნდობას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

გუშინ გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ ეთანხმება მმართველი პარტიის შეფასებას, თითქოს 19 აპრილის შეთანხმებამ ქვეყანაში პოლარიზაცია არ შეამცირა. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ ამ დოკუმენტის შედეგია, რომ გარკვეულმა ოპოზიციურმა ძალებმა ქუჩაში ვერ გადაიტანეს პოლიტიკური პროცესები, დაკარგეს დესტაბილიზაციის რესურსი და ხელის არმოწერით განიცადეს ერთგვარი მარგინალიზაცია.