იაგო ხვიჩია:  პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის - ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას

იაგო ხვიჩია:  პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის - ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას

ხშირად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად. თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ „ქართული ოცნების“ ვნებების მოთოკვას, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

ხვიჩია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია, თუმცა მხოლოდ საუბარი არაფერს შველის და თავის დროზე პრეზიდენტს კარგი იქნებოდა ოპოზიციის მოსაზრებები გაეთვალისწინებინა და კანონპროექტზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებდა, ვეტო დაედო, რადგან ის მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას ეწინააღმდეგებოდა.

„პრეზიდენტის განცხადება ადეკვატურია იმის გათვალისწინებით, თუ რა ჩაიდინა „ქართულმა ოცნებამ“ და იმის გათვალისწინებითაც, რომ რაც ჩაიდინა, ის რომ არ ყოფილიყო ჩადენილი, პასუხისმგებელი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იყო პრეზიდენტიც. უბრალოდ, ჩემი აზრით, მხოლოდ საუბარი არ არის საკმარისი და ამასთან დაკავშირებით კრიტიკა ბევრი იქნება. არსებობდა მანამდე დროის გარკვეული მონაკვეთები, როცა "ქართული ოცნება" ცუდად და უპატივცემულოდ იქცეოდა ამ დოკუმენტის მიმართ და ჩვენ მივმართეთ პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო კანონპროექტისთვის, რომელიც იყო ამ დოკუმენტის სულისკვეთების საწინააღმდეგო, მაშინ ეს არ მოხდა და ზოგადად, ისეთი ფაქტები, რომ "ქართულ ოცნებას", მათ შორის, გუნდის შიგნით არავინ არაფერზე ზღუდავს, იწვევს ამას. ამიტომ აქამდე არ უნდა მივიდეთ ხოლმე, მე ამას ვურჩევდი ქალბატონ პრეზიდენტს. ჩვენ ხშიდად დავინახავთ მომენტებს, როცა „ქართული ოცნება“ არ იქცევა კარგად და თუ გვინდა ისეთი შედეგი არ მივიღოთ და ისეთ უხერხულ სიტუაციაში არ აღმოვჩნდეთ, რომელშიც ახლა ქვეყანა და ქალბატონი პრეზიდენტი აღმოჩნდა, ყველა უნდა ვეცადოთ "ქართული ოცნების " ვნებების მოთოკვას. "ქართული ოცნება " ახლა არის იმ სიტუაციაში, როცა ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერს ილაპარაკებს, სიტყვებს გამოსცემენ შინაარსის გარეშე,"- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება სანქციებს, ხვიჩია აცხადებს, რომ სანქციების მომხრე არ არის, თუმცა, თუ სხვა გამოსავალი არ რჩება, მაშინ „ქართული ოცნების“ წევრებს სანქციები უნდა დაუწესდეთ.

„ყველაზე უარესი, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ ხელი ჩაიქნიონ ამ ქვეყანაზე და საერთოდ წავიდნენ ჩვენი პარტნიორები აქედან. ამას სჯობს ყველაფერი, სჯობს, რომ "ქართული ოცნების" ყველა წევრს დაუწესონ სანქციები, ოღონდ ეგ არ გააკეთონ. თუ ასე დგას საკითხი, რომ ან ქვეყნის მიმართ ინტერესები უნდა დაიკარგოს ან "ქართული ოცნება" დასანქცირდეს, რასაკვირველია, "ქართული ოცნება" უნდა დასანქცირდეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.