„ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ“

„ჩვენ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ“

დამოუკიდებელი თამაში თუ ხელისუფლებასთან შეთანხმებული განცხადება? - რატომ მიიჩნევს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი კვლავ არსებობს და პირობების შესრულება უნდა მოხდეს? მიდის თუ არა პრეზიდენტი მმართველი გუნდის წინააღმდეგ და რატომ ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს? მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გადის და შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია, პრეზიდენტმა ოპოზიციის და მმართრთველი გუნდის მოსმენის შემდეგ საკმაოდ კრიტიკული განცხადება გააკეთა. ის, ფაქტობრივად, ხელისუფლებასთან კონფროტაციაში შედის და დოკუმენტის შესრულებისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება სახელმწიფოებრივად სწორია, რადგან ამ დოკუმენტის შედგენასა და შემდეგ ხელმოწერის პროცესში ის აქტიურად მონაწილეობდა. პასუხისმგებლობა ნაწილობრივ მასზეც გადადის, მაგრამ მას გარდა განცხადებისა სხვა ბერკეტი არ გააჩნია, რომ ხელისფლებას პირობების შესრულება აიძულოს. თუმცა პრეზიდენტი კარგად ხვდება, რომ მსგავს გადაწყვეტილებას ევროპიდან და ამერიკიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვება და ხელისუფლების გაფრთხილებას ცდილობს. როგორც ჩანს, მას აქვს გარკვეული ინფორმაციები და ელის, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა, ხელისუფლებისთვის პასუხის მოთხოვნა კიდევ უფრო მკაცრი იყოს.

„მიმაჩნია და ვუთხარი კიდევ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ.

მე, პირადად, ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა, დღეს, პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი.

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა - წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე ვუჭერ მხარს.

გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე პარლამენტში შევიდნენ, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, დიდი იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

„ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ“, -  განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. იგი საერთაშორისო პარტნიორებს მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას სთხოვს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.

„მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისათვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს განვითარებისა და დეოკუპაციის ერთადერთი გზა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობაა.

„დამოუკიდებლობა ვერ და არ უნდა ნიშნავდეს რაიმე ფორმის იზოლაციონიზმს, რამეთუ, როგორც კი მარტო რჩები, დასუსტებული, ძალაგამოცლილი, ბუნებრივად ხდები იმისი სამიზნე, ვისაც მუდმივი სწრაფვა ჰქონდა და აქვს გაფართოებისა და შენი დამორჩილებისაკენ... ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული დღევანდელი რეალობა ყველას კარგად უნდა ესმოდეს, განსაკუთრებით ჩვენს პატარა, ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყანას. ეს ჩვენს წინაპრებს კარგად ესმოდათ და სწორედ ასე მოიყვანეს ეს ქვეყანა დღემდე – რეალური მოკავშირეების გამუდმებული ძებნით, რათა თავიდან აგვეცილებინა იმ დროისთვის ყველაზე დიდი საფრთხე. ამას ერქვა დიპლომატია და ამ ხელოვნებას უმაღლეს დონეზე ვფლობდით. დღესაც ჩვენი არჩეული პარტნიორები და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი საუკეთესო დასაყრდენია, ჩვენი განვითარების საფუძველია და ჩვენი უალტერნატივო გზა დეოკუპაციისაკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი თქმით, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის განცხადებას ეთანხმება, ვინაიდან პოლიტიკურად სრულიად სწორი აქცენტები იყო გაკეთებული, ეს მაინც „ქართული ოცნების“ შიგნით დაწყებული თამაში ჰგონია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გუნდის შიგნით გარკვეული დუღილი არსებობს, რადგან ირაკლი კობახიძე ბოლო ორი დღეა კატეგორიულად აცხადებს, რომ ისინი შარლ მიშელის განცხადებას არ დაუბრუნდებიან. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ „ოცნების“ შიგნით დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. რაც შეეხება პრეზიდენტის პოზიციას, მან კარგად იცის, ქვეყანას რა სჭირდება და ევროპულ ღირებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, რა სიტუაციაში შესაძლოა, აღმოვჩნდეთ. ამიტომაც მან გააკეთა ის განცხადება, რაც პრეზიდენტს უნდა გაკეთებინა, მაგრამ მის ნათქვამს არანაირი შედეგი არ მოჰყვება.

„როგორც ჩანს, ევროპიდან სერიოზული ზეწოლა ხდება. პრეზიდენტი ამას კარგად ათვითცნობიერებს, ამიტომაც მათ აჩვენებს, რომ თავად ხელისუფლების შიგნითაც პოზიციები არაერთგვაროვანია. აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლების შიგნით არსებობს ბირთვი, როელიც ამ დოკუმენტის შესრულებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თუმცა დარწმუნებული ვარ, არსებობს ნაწილი ჯგუფის, რომელიც აღებული პასუხისმგებლობის შესრულებაზე საუბრობს. კობახიძეს ახლა ევროპა არ ადარდებს, რადგანაც მას უნდა, რომ არჩევნებამდე გუნდი როგორღაც მიიყვანოს, ფინიშს გავიდნენ და ევროპას მერე დაელაპარაკებიან. ეს პათოსი აქვთ და ფიქრობენ, რომ რა დროს ევროპაა, თავი გვაქვს გადასარჩენი. ეს დამოკიდებულება ბოლო დროა ძალიან კარგად იგრძნობა.

პრეზიდენტმა კი თქვა, რომ მთავარი სახელმწიფო და ჩვენი ღირებულებებია. გასაგებია, მაგრამ მისი სიტყვები სიტყვებად დარჩება. არ არსებობს არანაირი ბერკეტი, რაც „ქართულ ოცნებას“ აიძულებს, 43%-ზე დაბალიც რომ აიღოს, რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს. მთავარი ხელმომწერი დოკუმენტის პირობებიდან გავიდა და ვალდებულება რატომ უნდა შეასრულოს? ვინ და რა ბერკეტით შეიძლება ისინი აიძულოს? არ არსებობს მსგავსი მექანიზმი. ევროპაც არჩევნებს დაელოდება. თუკი ხალხი ხმას არ ამოიღებს და არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულად შეფასდება, კაციშვილს ეს დოკუმენტი აღარ გაახსენდება“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ დოკუმენტით აღებული ვალდებულებების შესრულება უნდა მოხდეს. თუმცა ხუხაშვილისთვის გასაგებია, რომ ზურაბიშვილი ამ დოკუმენტის შესრულებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, რადგან მას კონსტიტუციური ფორმატიდან გამომდინარე ხელისუფლების იძულების არანაირი მექანიზმი არ გააჩნია.

„სიმართლე გითხრათ, დღეს პრეზიდენტი დავინახე და პირველად მან თავისი მოვალეობა შეასრულა. მას კონსტიტუციით რისი საშუალებაც აქვს, ის გააკეთა. არ აქვს არანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ხელისუფლებას ამ დოკუმნეტით აღებული ვალდებულებების შესრულება აიძულოს. ამ თემაზე მან ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა, გააკრიტიკა ხელისუფლება და ხელმოწერის უკან წაღება არ მოუწონა. მეტს ვერაფერს იზამს. ფაქტობრივად პრეზიდენტი „ქართულ ოცნებასთან“ კონფრონტაციაში შევიდა. ჩვენი და ევროპის ურთიერთობაზე საკმაოდ სწორი აქცენტი გააკეთა. სხვათა შორის ისიც გადაჰკრა, რომ ხელისუფლება ევროპის მიმართ სკეპტიციზმს ნერგავს. მან თქვა, რომ ასეთი რამ ქვეყნისთვის სახიფათოა. ზურაბიშვილი პასუხისმგებელია, რა თქმა უნდა, დოკუმენტის შესრულებაზე, რადგანაც ის იყო შუამავალი, მაგრამ ხელისფლების იძულების მექანიზმი არც მას და არც შარლ მიშელს არა აქვთ“, - ამბობს გია ხუხაშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება სანქციებს და დასჯის მექანიზმს, რაც შეიძლება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ამოქმედდეს, ხუხაშვილი ამბობს, რომ არჩევნებამდე ევროპა ჯერჯერობით თავს შეიკავებს. თუმცა ევროპის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პრესტიჟის საქმეა, რომ ეს დოკუმენტი შესრულდეს. მან დადებული შეთანხმება კოლეგებთან თავის წარმატებად გამოაცხადა, ამიტომაც მიშელიც მძიმე მდგომარეობაშია.

„ილუზიას ნუ შევიქმნით, რომ ევროპა არჩევნებამდე რამეს იზამს. ევროპა არ თვლის, რომ „ოცნება“ ხელშეკრულებიდან გასულია. საერთოდ სახელშეკრულებო სამართალი, ასე ცალმხრივად ხელშეკრულებიდან გასვლას არ ითვალისწინებს. ასეთი რაღაცა ბუნებაში არ არსებობს. ხელშეკრულებიდან თუ გადიხარ, მაშინ დარღვევის ფასიც უნდა გადაიხადო. სანქციებს მანამდე არ აამუშავებენ, სანამ დოკუმენტის პირობების დარღვევის ფაქტი არ დადგება. ფაქტი კი მაშინ დადგება, როცა „ოცნება“ ამ 43%-ს ვერ მიიღებს. შესაბამისად, კობახიძის განცხადებაზე არავინ არ არის. თუ არჩევნებზე დაფიქსირდა, რომ ხელისუფლებამ 43% ვერ აიღო, დამერწმუნეთ, ვერც ერთი ხელისუფლების წარმომადგენელი თავს მშვიდად ვეღარ იგრძნობს. პუტინიც კი თუ რამეზე ხელს აწერს, იმას ასრულებს. დიქტატორმაც კი კარგად იცის, რომ სიტყვის დარღვევა რეპუტაციულ განულებას ნიშნავს. ანუ ხელი აღარავინ აღარ უნდა ჩამოგართვას. პრეზიდენტი ამას კარგად ხვდება დ ზურაბიშვილის განცხადება სწორედ ეს იყო“, - ამბობს ხუხაშვილი for.ge-სთან.

კ ა ხ ე ლ ი ხუხავ, ვინ გასწავლა, რომ ხელშეკრულება მეტია, ვიდრე კონსტიტუცია? ან რა სახელშეკრულებო სამართალზე უბნობ, როცა მეორე მხარეს საერთოდაც ხელი არ მოუწერია ამ ხელშეკრულებაზე? ან სად გაგია, დასავლეთმა, აქაოდა პირობა დადე, კონსტიტუცია უნდა დაარღვიოო, ვინმეს კატეგორიულად მოსთხოვოს? ხუხავ, ტიტე უნდა გერქვას შენ, ნატუტარი. ანუ - ნაცი ნაქოცარი. :)
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ქართველო ერო იქნებ ახლა მაინც გაიგო ვინ ან რამ გვესროლა მოღუნული თოფი, დაგვაკარგინა აფხაზეთი და სამაჩაბლო?! ვინ ან რამ ჩაგვაბნელა მთელი 10 წელი და მეტი?! ვინ ან რამ გვაომა ერთმანეთში 90 წლებში?! ვინ ან რამ გაანადგურა საქართელოს ეკონომიკა- მრეწველობა და სოფლის მეურნეობა?! ვინ ან რამ წაშალა ქართული ღირებულებები და ჯოხით მიგვერეკება ლგბტ -ს დეპოში?!
ახლა კი გაგიშიფრავთ - ჩემი პასუხი: ქართველი და რუსი ხალხების 8 საუკუნოვან მოყვრობას და 2 საუკუნოვან ძმობას ვერავითარი აშშ და ევროკავშირი ვერ შეარყევს. ხანდახან ღვიძლი ძმებიც წაიჩხუბებენ. დარწმუნებული ვარ მალე ჩაივლის ეს უსიამოვნო პერიოდი და აღდგება ძველი ძმობა და სიყვარული დაფუძნებული მართლმადიდებლურ რწმენაზე და ურთიერთ პატივისცემაზე! სამაჩაბლო და აფხაზეთიც მშვიდობიანად დაბრუნდებიან დედა საქართველოს სხეულში! დიდება ქრისტე ღმერთს და მის სამართალს!
2 წლის უკან