სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ის დოკუმენტის ანულირებას ხსნის

სალომე ზურაბიშვილი: არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ის დოკუმენტის ანულირებას ხსნის

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა, რითაც ის დოკუმენტის ანულირებას ხსნის, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დოკუმენტი ამ პოლარიზაციას ამცირებს, ასუსტებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი, ყველაფრის მიუხედავად გაგრძელდება. ეს არის უალტერნატივო გზა, სტაბილურობისა და დამოუკიდებლობის გამყარებისკენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზოგადოებამ აირჩია.

პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, რეგიონული გამოწვევების წინაშე, ჩვენი ერთადერთი გზა პოლარიზაციის საბოლოოდ დასრულებაა. წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის დანიშვნას გუშინ მოვაწერე ხელი. ეს არჩევნები უნდა იყოს სამაგალითო, დაცული უნდა იყოს ყველა სუბიექტის უფლებები, რაც გამორიცხავს ძალადობას, სიძულვილისა და შეურაცხყოფის ენას, პირადი ცხოვრების მონაცემების გამოყენებას, კონკურენტის მოღალატედ გამოცხადებას, მედიისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას, ფეიკ ნიუსების გავრცელებასა და სხვადასხვა სახის ზეწოლას.

ასეთ არჩევნებსა და ასეთ საარჩევნო გარემოს ელის ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა. მე, როგორც ამ ქვეყნის დემოკრატიულობის, სტაბილურობისა და ევროპულობის გარანტი, მოვუწოდებ მათ ჩართულობისა და აქტიურობისაკენ, ამას ელიან ჩვენი პარტნიორები და მათ ვთხოვთ მრავალრიცხოვანი სადამრკვირვებლო მისიების დანიშვნას, ამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი ევროპული გზისთვის ზიანის მიყენება შიგნით ან გარეთ. ამისთვის ჩამოვედი და ამისთვის ვიქნები“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

2 აგვისტოს სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა 19 აპრილის შეთანხმება იყო, რომელიც მმართველმა გუნდმა ანულირებულად გამოაცხადა.