დღეს მსოფლიოს სტადიონებზე 2014 წლის მუნდიალის მორიგი შესარჩევი შეხვედრები გაიმართება. სამხრეთ ამერიკის რეგიონში არგენტინის ეროვნული გუნდი სტუმრად ბოლივიას დაუპირისპირდება.
სამხრეთ ამერიკის შესარჩევ ჯგუფში უკვე ათი ტურია ჩატარებული და დიეგო მარადონას თანამემამულეები სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფებიან.
დღევანდელი მატჩი ქალაქ ლა პასში ჩატარდება და რასაკვირველია ფავორიტად არგენტინა მიიჩნევა. ამის მიუხედავად საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მაღალმთიან ბოლივიის დედაქალაქში თამაში ნებისმიერი გუნდისთვის დიდ სიძნელეს წარმოადგენს. ალბათ გახსოვთ, რომ ლეო მესი და მისი თანაგუნდელები დღევანდელ მეტოქესთან 2009 წლის პირველ აპრილს გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ - 1:6.
დღეს გამოცემა „Goal.com”-ის ჟურნალისტი ლეო მესის დაუკავშირდა. კატალონიური „ბარსელონას“ თავდამსხმელმა აღნიშნა რომ ბოლივიაში ურთულესი თამაში ელით.
„დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვებულის დასახელება ძალიან გამიჭირდება. ლა პასი ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა მდებარეობს და იქ ასპარეზობა დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
კარგად გვახსოვს ამ ქალაქში განცდილი სასტიკი მარცხი. დღეს რევანშისთვის ბრძოლა მოგვიწევს. მეტოქე სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ საკუთარ კედლებში პრაქტიკულად დაუმარცხებელია. წარმატების შემთხვევაში 2014 წლის მსოფლიო პირველობის საგზურს უფრო მივუახლოვდებით.“ - განაცხადა ლეო მესიმ.