მოლოდინი ზოგჯერ ტკბილია, თუმცა, მხოლოდ მაშინ, როცა მის დასასრულს ხედავ. და, აი, შუახმელეთში დაბრუნების და ლეგენდარული ბეჭდების მბრძანებლის სერიალის მოლოდინის დასასრულიც გამოჩნდა — Amazon-ის გადაღებულ ეპიკურ საგას 2022 წლის 2 სექტემბერს ვიხილავთ, ახალი სერიები კი ყოველკვირეულად გამოვა.
სერიალში, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს სახელი, მოქმედება ჯ. რ. რ. ტოლკინის სამყაროს მეორე ეპოქაში ხდება — შუახმელეთის იმ პერიოდში, რომელსაც ჰობიტის და ბეჭდების მბრძანებლის მოვლენებს ათასობით წელი აშორებს. Amazon-ის ცნობით, სერიალი "ნაცნობ და ახალ პერსონაჟებს გააერთიანებს, რომლებიც შუახმელეთში უკეთურის აღზევებას წინ აღუდგებიან".
მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის დეტალები ჯერჯერობით არ ვიცით, სილმარილიონიდან გვახსოვს, რომ მეორე ეპოქა დიდი დავიდარაბის პერიოდი იყო, როცა საურონმა ძალაუფლება იგდო ხელთ. და მართალია, პერსონაჟების ვინაობაც ჯერ არ გახდა ჯერ ცნობილი, თუმცა, დადასტურებულია, რომ სერიალში შუახმელეთის ნაცნობ გეოგრაფიაში ვიმოგზაურებთ: ელფების სამეფო ლინდონიდან ნისლიან მთებში ჯუჯების ქალაქებამდე და ნუმენორის უძველეს კუნძულამდე.
თუმცა, საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს პირველი სერიის კადრი, რომელიც Amazon-მა თარიღთან ერთად გამოაქვეყნა: მასზე გამოსახულია თეთრებში გამოწყობილი უცნობი ფიგურა, და ფონად ორი მოელვარე ხე. ესენი არიან ტელპერიონი და ლაურელინი, ვალინორის ორი ხე და სინათლის ორი უძველესი წყარო, რომელიც ვალარმა მზის და მთვარის გაჩენამდე შუახმელეთის გასაშუქებლად დაადგინა.
უცნაურია ის ფაქტი, რომ ორი ხე, რეალურად, მეორე ეპოქამდე განადგურდა; შესაბამისად, პირველ სერიაში თხრობა, სავარაუდოდ, ბევრად ადრეული პერიოდიდან დაიწყება — ან, შესაძლოა, ეს შესავალი რეტროსპექტივის ნაწილიც იყოს.
აღსანიშნავია, რომ ნაწარმოები აქამდე გადაღებულ სერიალებს შორის ყველაზე მასშტაბურად მიიჩნევა. მასზე მუშაობა უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს, გადაღება კი ჯამში $465 მილიონი დაჯდა.
ცნობილია სერიალის სამსახიობო გუნდიც: რობერტ არამაიო, ჯოზეფ მოული, მორფიდ კლარკი და სხვები.