დათო მაღრაძე: „ არც მიშელის შეთანხმებაა იმაზე მნიშვნელოვანი¬ და არც სხვა დოკუმენტი იმასთან შედარებით, ვიდრე კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნისთვის რყევების არიდებაა“

დათო მაღრაძე: „ არც მიშელის შეთანხმებაა იმაზე მნიშვნელოვანი¬ და არც სხვა დოკუმენტი იმასთან შედარებით, ვიდრე კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნისთვის რყევების არიდებაა“

„კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დათო მაღრაძემ განაცხადა:

„ ხელისუფლება არჩევნებით იცვლება. "ძალა", რომელიც აცნობიერებს, რომ ხელისუფლებაში არჩევნებით ვერ მოდის, ცდილობს ქაოსით მოვიდეს. ქაოსი კი მისაღებია იმისთვის, ვისაც არჩევნებით მოსვლის იმედი არა აქვს. პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს არის სააკაშვილის უსუსური ცდა, რომლის "აქციებიც" მხარდამჭერების გარეშე დარჩა.

ასე რომ, არ ვეთანხმები ზოგიერთი დასავლელი თანამდებობის პირის მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს.¬ კი არ უნდა გადადგეს, მმართველ გუნდთან ერთად ძალიან მაგრად უნდა დადგეს, რომ ქვეყანას რყევები აარიდოს. ეს არის მათი უპირველესი მოვალეობა. არც მიშელის შეთანხმებაა იმაზე მნიშვნელოვანი¬ და არც სხვა დოკუმენტი იმასთან შედარებით, ვიდრე კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნისთვის რყევების არიდებაა. მათ ეს უნდა შეძლონ, ვინაიდან ოპოზიციის ულტიმატუმი დაახლოებით ასე ჩანს - მანამდე ვიქნებით გიჟად, სანამ ხელისუფლებაში არ მოვალთო. არადა, მათი ხელისუფლებაში ყოფნით ქვეყნის მოსახლეობა გაგიჟდება. ამიტომ ჯობია, ისევ პირველ სურათს ვუყუროთ. მოსახლეობას რევოლუცია კი არა, ევოლუციური განვითარება სურს. რაც შეეხება მთელ ამ უმსგავსობას, ხელისუფლებამ კეთილინებოს და უზრუნველყოს, რომ მოსახლეობამ თავისი ნება არჩევნებზე გამოხატოს და პასუხიც გასცეს.

ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი, ასეთი ფორმულირება: "ჯვარი ევროპის სანაცვლოდ", არასწორია. ამგვარად არც ევროპაა სწორად დანახული და არც ჯვარი, ლოცვა და რწმენა. ევროპული რენესანსი, რაც ხიბლავს მთელ კაცობრიობას და ძალზე ფაქიზ ყურადღებას იმსახურებს, გვამდიდრებს და გვასაზრდოებს, სწორედ ჯვარზეა დამყარებული.

ბერძნულ-რომაულმა სამყარომ გაუშალა ასპარეზი ქრისტიანობას. დავით აღმაშენებლის მემატიანე გელათის აკადემიის დაარსებაზე ამბობს: ყოვლისა აღმოსავლეთისა მეორე იერუსალიმად, სასწავლოდ ყოვლისა და კეთილისად, მოძღვრად სწავლულებისად, სხვად ათინადო... ეს იყო გელათის იდეა. ანტიკური რაციოსა და ქრისტიანული ზნეობრივი საფუძვლების სინთეზში აღმოცენდა "ვეფხისტყაოსანი", ისევე, როგორც მიქელანჯელო, რაფაელი, ჯოტო და სხვ. ჯვარსა და ევროპას შორის საუკუნეებშია განფენილი უდიდესი სიმფონიაა. ასე რომ, გრძელდება სწრაფვა ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისკენ და მჯერა, ქვეყნის საგარეო ვექტორი, ჩრდილოეთისკენ კი არა, სუვერენიტეტისკენ იცვლება“-განაცხადა დათო მაღრაძემ.