ამირან გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარადგენს

ამირან გამყრელიძე: თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარადგენს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება, NCDC შეზღუდვების გამკაცრების რეკომენდაციას გასცემს.

„ძირითადი გზავნილები, რომელიც დღეს ინტენსიურად განვიხილეთ და რომელთაც საბჭო დათანხმდა, არის შემდეგი - უნდა გამკაცრდეს დახურულ შენობებში პირბადის ტარების აღსრულება; ასევე, დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება გარე სივრცეებში 5 ადამიანზე მეტის შეკრების შემთხვევაში. თუ ახალი შემთხვევების ზრდა გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს წარმოადგენს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია იმაზე, რომ აღსრულდეს ის, რაც დაწესებულია. ყველანაირი ტიპის თავშეყრის - ქორწილების, ქელეხების, წვეულებების, ფესტივალების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება და ეს დავალებები უკვე მიეცათ შესაბამის ორგანოებს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში ეპიდვითარება უარესდება - 2 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11%-ს მიუახლოვდა. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.