ამირან გამყრელიძე: გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო

ამირან გამყრელიძე: გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო

„გუშინ გაანალიზდა წელს გარდაცვლილთა რაოდენობა და მათი 99.7%, სამწუხაროდ, აუცრელი იყო. მეორე მხრივ, ასევე, გაანალიზდა აცრილ მოსახლეობაში ინფიცირების მაჩვენებელი. ესაა 0.3% ორჯერადად აცრილებში და 0.9% ერთხელ აცრილებში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, ორჯერადად აცრილ ადამიანებში, გარდაცვალების ალბათობა 15-ჯერ ნაკლებია.

„სრულად აცრილებში, დაახლოებით 15-ჯერადი განსხვავებაა. ანუ, აცრა 15 ჯერადობით იცავს; 1000 ადამიანში, ვინც აცრილია და კოვიდი დაემართება, შეიძლება, დაიღუპოს ერთი, მაშინ, როცა 1000 ინფიცირებულში დაღუპვის ალბათობა 15-ია. 15-ჯერადი განსხვავებაა. ამიტომ, აცრის დაცვას ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს. კიდევ ერთხელ, მოწოდებაა, რომ აცრები ჩვენს მოსახლეობას დაიცავს“, - აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ამ დროისთვის, სრულად აცრილია 165 ათასი ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 5.8%-ს შეადგენს.

საქართველოში ეპიდვითარება უარესდება - 2 აგვისტოს მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11%-ს მიუახლოვდა. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს, ტესტირებულთა საერთო რაოდენობის რამდენ პროცენტს დაუდგინდა კორონავირუსი. სტაბილური ეპიდვითარების პირობებში, დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 423 843 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 386 998, გარდაიცვალა 5 876 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.