ტოკიოს ზაფხულის 32-ე ოლიმპიური თამაშები თანდათან ფინიშისკენ მიმავალ გზას გაუდგა. საქართველოს სპორტულ დელეგაციას საწუწუნო არაფერი აქვს: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო. ასპარეზობის დასრულებამდე კიდევ რამდენიმე დღეა და ჩვენი ოლიმპიური მონაგარი რასაკვირველია უფრო გაიზრდება.
დღევანდელი წერილის დასაწყისში ერთ ქართველ „აქტიურ მოღვაწეს“ მინდა შევეხო. ის 63 წლის გახლავთ. რაც თავი მახსოვს, სულ პოლიტიკაშია, სულ ოპოზიციაში და ყოველთვის ყველასა და ყველაფერს დაუნდობლად აკრიტიკებს. გაგიკვირდებათ, სად შალვა ნათელაშვილი და სად ტოკიოს ოლიმპიადა? სწორედ რომ ამაშია საქმე. „სტაჟიანმა ლეიბორისტმა“ ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური გააკრიტიკა. ისე, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას და ძაგება უფრო ამჟამინდელი ხელისუფლებისკენ გახლდათ მიმართული, მაგრამ ამ „ამბავში“ პირდაპირ თუ ირიბად, ლაშა ბექაური აღმოჩნდა გარეული.
„რამ დაგამონათ ხალხო, არ იცით, რომ ჩვენი ჩემპიონები ჩამოსვლისთანავე თავიანთ კუნთებს ივანიშვილს რომ მიჰყიდიან ადამიანთა ცემისა და დაჩაგვრისათვის, არჩევნების გაყალბებისთვის, მილიონიანი ბიზნესების არამად კეთებისათვის“.
გადის რამდენიმე დღე. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა და აეროპორტში ხალხმრავალი დახვედრა გაიმართა. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში იმ შეხვედრიდან ლაშა ბექაურისა და კახი კალაძის ერთობლივი ფოტოსურათი გამოქვეყნდა. შალვა ნათელაშვილის მორიგმა „პოსტმაც“ არ დაახანა.
„ლაშას ვულოცავ, მაგრამ ამ თახსირ, ქურდ, ვაგონის თაღლით პრავადნიკს, ავტოგოლას, რა უნდა ამ ანგელოზ ბიჭთან? იმედია მასაც არ ჩაითრევენ თავიანთ ბინძურ საქმიანობაში“.
რა გითხრათ. შალვა ნათელაშვილს ყველა კარგად ვიცნობთ. პროფესიონალი „პოლიტიკოსია“ და მთელი „პროფესიული კარიერის“ განმავლობაში უაზრო ყბედობისა და სხვების ქილიკის მეტი არაფერი უკეთებია. ამის მიუხედავად, ამ ცხოვრებას არ უჩივის. კარგად ჭამს, კარგად სვამს, კარგი სახლებიც გააჩნია და აგერ ვაჟიშვილიც „დიდი პოლიტიკის“ რთულ გზაზე დააყენა. არ ვიცი „ნათელაშვილი - ჯუნიორი“ მომავალში რა სიმაღლეებს მიაღწევს, მის სახელოვან მამიკოს კი, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაში შესაბამისი ავტორიტეტი უკვე მოპოვებული აქვს.
„როდემდე უნდა ანთხიოთ ბოღმა ბატონო შალვა. 30 წელია პოლიტიკაში ხართ და დენის ტარიფის დაწევის მეტი არაფერი გაგიკეთებიათ. მაგასაც ყოველ გამოსვლაზე გვაყვედრით. იქნებ საკუთარ მილიონებს მიხედოთ. გეყოთ ამდენი ბოღმა და შური“.
„შალიკო ყველანაირ ადამიანურ ზღვარს დიდი ხანია გასცდა. უბრალოდ, მისი შვილები მეცოდებიან ამ სატანა არსების ცოდვები რომ უნდა ზიდონ...“
„რა ცოდვა კაცი ყოფილა შალვა. ღმერთმა უშველოს“.
ეს არის ხალხის ხმა ბატონო შალვა! იმედია, ყურს დაუგდებთ...
ნამდვილად არ მეგონა ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას ქართული, ეროვნული შურიანობისა და ღვარძლის თემაზე არაერთხელ რომ მომიხდებოდა წერა. რას იზამ, ეს ჩვენი ამჟამინდელი ქვეყნის ვისთვის სასტიკი, ვისთვის კი სამართლიანი რეალობაა.
ოლიმპიური თამაშები კი გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ბელარუსის ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელობამ მძლეოსანთა ნაკრების წევრის კრისტიან ტიმანოვსკაიას ისტორიულ სამშობლოში იძულებითი წესით დაბრუნება გადაწყვიტა. მისი დეპორტაციის ბრძანება თავად „ბატკა“ - ალექსანდრე ლუკაშენკოს მიუღია.
100 და 200 მეტრზე მორბენალი ქალი, 400 მეტრზე ესტაფეტაში დააყენეს. ამან სპრინტერის გაღიზიანება გამოიწვია და სპორტსმენს მძლეოსანთა გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა.
ტიმანოვსკაიას ბელარუსში დაბრუნების ამბავი ვერ განხორციელდა. ტოკიოს აეროპორტში ქალი ადგილობრივმა პოლიციელებმა „დააკავეს“ და ბელარუსის დელეგაციასა და ლუკაშენკოს კა-გე-ბეს წარმომადგენლებს განარიდეს.
ევროკავშირმა დიპლომატიური არხების მეშვეობით იაპონიის მთავრობას რეკომენდაცია მისცა დევნილი სპორტსმენისთვის საყოველთაო მხარდაჭერა გამოეცხადებინა. თავად მორბენალი ავსტრიის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს.
ტოკიოში კიდევ ერთი პოლიტიკური სკანდალი „დაფიქსირდა“. ირანელმა ტყვიის მსროლელმა ჯავად ფორუგიმ ოქროს მედალი მოიპოვა. რამდენიმე დღეში ირანში მოღვაწე ორგანიზაციამ „United For Navid“, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს, სპეციალური განცხადება გაავრცელა:
„41 წლის ფორუგი ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ აქტიური წევრია და დიდი ხანია იქ მოღვაწეობს.
ტერორისტული ორგანიზაციის წევრისთვის ოქროს მედლის გადაცემა სპორტსმენებსა და ოლიმპიურ იდეალებს შეურაცხყოფას აყენებს და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს შავ ლაქას ასვამს. United For Navid საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მოუწოდებს, დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და მინიმუმ მის დასრულებამდე, ირანელ სპორტსმენს მედალი ჩამოართვას“.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ირანის ისლამური რესპუბლიკის არმიის ერთ-ერთი დანაყოფია, რომელიც აშშ-ის, ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის მთავრობებს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ აღიარებული.
ჯერჯერობით უცნობია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება ამ საკითხის მიმართ. „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრისთვის მედლის გადაცემას საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სოციალურ ქსელებში აქტიურად გააკრიტიკეს.