იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: „ქართულ ოცნებაში“ იცოდნენ, ვერ ასცდებოდნენ ხელახალ არჩევნებს

იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევაზე: „ქართულ ოცნებაში“ იცოდნენ, ვერ ასცდებოდნენ ხელახალ არჩევნებს

"გირჩის" დეპუტატის იაგო ხვიჩიას განცხადებით, IRI- ის კვლევები ზუსტად ვერ ასახავს პარტიების რეიტინგს, თუმცა, ზოგად ტენდენციებს აჩვენებს.

ხვიჩია აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" რეიტინგი 27.7 პროცენტს შეადგენს, შესაბამისად, იცოდნენ, ხელახალ არჩევნებს ვერ ასცდებოდნენ და სწორედ ამიტომ მოახდინეს შეთანხმების ანულირება.

"ფაქტია, რომ IRI- ის კვლევებში რაც იწერება, განსაკუთრებით, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ და მმართველ პარტიაზე, ის არ ხდება ხოლმე. მე მაქვს 2020 წლის მონაცემები, სადაც „ქოცებს“ უწერიათ 33 პროცენტი, სინამდვილეში აიღეს - 48 და არავინ კამათობდა იმაზე, რომ 43 პროცენტი მაინც ჰქონდათ რეალურად აღებული. ნაცებს ჰქონდათ 15 პროცენტი კვლევებით და რეალურად აიღეს - 27%. მაშინ ქოცებში გახარია არ იყო და ახლა არის 9 პროცენტით. ამ კვლევაში ყველა პარტიის მიმართ ნაკლები პროცენტები წერია, თუმცა, საერთო ლოგიკა, რომ ეს ყველაფერი "ქართულმა ოცნებამ" მოაწყო, იმიტომ რომ კვლევის შედეგებს იცნობდა, მაინც მართებულია, რადგან "ოცნებას" აქვს 26 პროცენტი, ეს რომ გადავანაწილოთ იმ ლოგიკით, რითაც 48 მიიღეს, დღევანდელი წესით უნდა მიიღონ 27.7. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ იცოდნენ, ვერ ასცდებოდნენ ხელახალ არჩევნებს", - განაცხადა ხვიჩიამ.