ნიკოლოზ სამხარაძე IRI- ის კვლევაზე:  ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი - მინიმუმ იგივე შედეგს გავიმეორებთ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა

ნიკოლოზ სამხარაძე IRI- ის კვლევაზე:  ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი - მინიმუმ იგივე შედეგს გავიმეორებთ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა

IRI- ის კვლევაში მოყვანილი პროცენტები დამაჯერებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

სამხარაძის თქმით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ შედეგს გაიმეორებენ.

"ეს პროცენტები არ არის დამაჯერებელი, თუ მათ დავაჯამებთ, 49 პროცენტი გამოდის და მოსახლეობის დანარჩენი 51 პროცენტი რომელ პარტიებს აძლევს მაშინ ხმას, გაუგებარია. არ ვიცი მეთოდოლოგია როგორი იყო, რამდენი ადამიანი გამოიკითხა და ა.შ. ამიტომ გამიჭირდება პასუხის გაცემა, სანამ არ გავეცნობი კვლევას. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ მინიმუმ იგივე შედეგს გავიმეორებთ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე გვქონდა,"- განაცხადა სამხარაძემ.

მისივე თქმით, კვლევა მიშელის დოკუმენტის ანულირებასთან კავშირში არაა.

"ეს არანაირ კავშირში არ არის, კვლევა დღეს გამოქვეყნდა, მიშელის დოკუმენტზე კი წინა კვირას იყო გაკეთებული განცხადება. მიშელის დოკუმენტის მთავარი ამოცანა იყო დეპოლარიზაცია, სამწუხაროდ, ამ ამოცანას დოკუმენტმა ვერ მიაღწია, რადგან პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს ხელი არ ჰქონდა მოწერილი, შესაბამისად, როცა ასე ცალმხრივად ხდება დოკუმენტის გაფორმება, ის ვერ მიაღწევს შედეგ,. "- განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისათვის, „საერთაშორისო რესპუბლიკური“ ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 14% „ნაციონალურ მოძრაობას“, 9 % კი გიორგი გახარიას პარტიას.