აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე დიდი ხანია მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი, დახვეწილი და გემოვნებიანად ჩამცმელი პირველი ლედი.
რამდენიმე კვირის წინ მეჰრიბან ალიევას ფოტოები ქართველების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე მისი გარეგნობითა და ჩაცმულობით მოხიბლული მანდილოსნები და მამრობითი სქესის წარმომადგენლები კომენტარებს არ იშურებენ.
როგორც შევიტყვეთ, მეჰრიბანის პარიკმახერი და ვიზაჟისტი საქართველოში დაბადებული, რუსთაველი აზერბაიჯანელი ანარ აგაკიშიევია. მას ინტერვიუ ვთხოვეთ, თუმცა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და არც იმ კითხვებზე გვიპასუხა, რომლებიც აზერბაიჯანის პირველ ლედის ეხებოდა.
მეჰრიბან ალიევას მიმართ განსაკუთრებული ინტერესის გათვალისწინებით, მის შესახებ ინფორმაცია მსოფლიო პრესაში, ინტერნეტსა და აზერბაიჯანის ელიტურ წრეებში გავრცელებული ამბების მიხედვით მოვაგროვეთ.
მეჰრიბან ალიევა აზერბაიჯანის ერთპალატიანი პარლამენტის დეპუტატია. ამასთან, ჰეიდარ ალიევის ფონდის პრეზიდენტი გახლავთ. ის მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტიც არის. ხოლო იუნესკოში, გაეროში, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ისლამური ორგანიზაციაში კეთილი ნების ელჩია. იგი ინტელიგენტთა ოჯახიდანაა. მისი მშობლები ფილოლოგები არიან, ორივე მათგანი მეცნიერებათა დოქტორი გახლავთ. მამა ავიაციის ეროვნული აკადემიის რექტორი, ხოლო დედა პროფესორი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინტიტუტის ხელმძღვანელია. აზერბაიჯანის პირველი ელჩი ამერიკაში სწორედ მეჰრიბანის ბიძა გახლდათ. მისი გვარი, ფაშაევა, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი იყო აზერბაიჯანში ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მათი ქალიშვილი პირველი ლედი გახდებოდა. მეჰრიბან ალიევამ სამედიცინო განათლება აზერბაიჯანსა და მოსკოვში მიიღო.
ალიევებს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი ჰყავთ. 27 წლის ლეილა, 26 წლის არზუ და 16 წლის ჰეიდარი.
როგორც აზერბაიჯანული პრესა "ვაშინგტონ პოსტზე" დაყრდნობით წერს, მათ ვაჟს, ჰეიდარს, 9 მდიდრული სახლი აქვს დუბაიში. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ფლობენ უძრავ ქონებას მათი ქალიშვილებიც. ალიევების შთამომავალთა ამ უძრავი ქონების საერთო ღირებულება 75 მილიონი აშშ დოლარია. როგორც პრესა ამტკიცებს, ისინი სხვადასხვა ბიზნესს აკონტროლებენ. ინტერნეტში ქვეყნდება მასალები, რომლებშიც დასავლელი დიპლომატები წერენ, რომ მეჰრიბან ალიევა არ ესწრება პარლამენტის სხდომებს და არ არის ინფორმირებული პოლიტიკურ საკითხებში. მას მხოლოდ იმ შეკითხვებზე შეუძლია პასუხის გაცემა, რაც ჰეიდარ ალიევის ფონდს ეხება.
პრეზიდენტ ალიევის ხელფასი წელიწადში 230 ათასი დოლარია. ცნობილია, რომ პრეზიდენტობამდე ის ნავთობკომპანია "სოკარის" ვიცე-პრეზიდენტი იყო. ილჰამმა საპრეზიდენტო პოსტზე, 30-წლიანი მმართველობის შემდეგ, მამა, ჰეიდარ ალიევი შეცვალა და, როგორც ამბობენ, "სოკარში" თავისი წილი მეუღლეს გადააბარა.
ალიევების ოჯახის ქონებისა და შემოსავლების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. პრესის ინფორმაციის თანახმად, ალიევების ქალიშვილის, არზუს ჰოლდინგს ეკუთვნის ყველა ის ბიზნესი, რომელიც აზერბაიჯანის საერთაშორისო აეროპორტს ემსახურება. ის ასევე ფლობს 29%-იან წილს აზერბაიჯანის ბანკში, რაშიც მან 7,8 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.
ჟურნალი "გარდიანი" აქვეყნებს ინფორმაციას, რომ მეჰრიბან ალიევა გატაცებულია პლასტიკური ოპერაციებით. გარდა ამისა, ის იმდენად პროვოკაციულად იცვამს, რომ დასავლეთშიც კი გამომწვევად მიიჩნევა, თუკი ზოგადად მუსლიმანი ქალების ჩაცმულობას გავითვალისწინებთ.
ინტერნეტში საიტ "ვიკილიქსზე" მოიპოვება მასალები, რომლებშიც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის მეუღლის აზერბაიჯანში ვიზიტია აღწერილი. მას აზერბაიჯანში პირველი ლედი ქალიშვილებთან ერთად მასპინძლობდა, ამერიკის უსაფრთხოების სამსახური კი დიდხანს ცდილობდა დაედგინა, რომელი მათგანი იყო დედა. ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ბოლოს დაასკვნეს,
ლოგიკურად, ალბათ, დედა შუაში დგასო. როგორც აზერბაიჯანში ჭორაობენ, პლასტიკურმა ოპერაციებმა მეჰრიბანს გამომეტყველება და მიმიკა შეუცვალა, თუმცა იქვე იმასაც დასძენენ, პირველ ლედის ისედაც მკაცრი და არისტოკრატული გამომეტყველება აქვსო. მეჰრიბან ალიევას ბოტოქსებსა და პლასტიკურ ოპერაციებზე წერს ჟურნალი "შპიგელიც", ასევე "ვიკილიქსზე" დაყრდნობით. თუმცა ყველა წყარო ერთხმად აღნიშნავს, რომ მეჰრიბანს ძალიან დადებითი იმიჯი აქვს აზერბაიჯანში, ის ძალიან ცნობილი და პოპულარულია, ძალიან უყვართ აზერბაიჯანშიც და სხვა ქვეყნებშიც.
პრეზიდენტი ალიევი ვერ იტანს, როცა მის ოჯახზე ნეგატიურად წერენ, თუმცა თვითონ ადვილად ეგუება კრიტიკას, - აცხადებს დასავლური პრესა.
რაც უნდა დაწერონ, ფაქტია, რომ მეჰრიბან ალიევა უდავოდ რჩება ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და მომხიბვლელ ქალბატონად. სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ყველაზე გავლენიანი პირველი ლედია.
როგორც ჩანს, მეჰრიბან ალიევას კლასიკური სამოსი მოსწონს. მშვიდი ფერები ხიბლავს, ელეგანტური და დახვეწილი სტილი აქვს არჩეული. მას იშვიათად ნახავთ შარვალში, მოსწონს კაბები და ლაბადები. იშვიათია მისი ახლო ხედით გადაღებული ფოტოებიც. ამის მიუხედავად, მისი სამოსის, ფეხსაცმლისა და ჩანთების ბრენდის ამოცნობა ადვილად ხერხდება. გასაკვირი არავისთვისაა, რომ აზერბაიჯანის პირველი ლედი მაღალი კლასის ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას. მას, ძირითადად, შანელის პატარა ზომის ჩანთები უჭირავს, რომელთა ფასიც 3-დან 8 ათას დოლარამდეა. ხშირად აცვია შანელის კოსტიუმები. როგორც ცნობილია ამ ბრენდის კოსტიუმების ფასი 5 ათასი დოლარიდან იწყება და ზედა ზღვარი არ გააჩნია. მოსწონს ასევე ივ სენ ლორანის კაბები და ძვირად ღირებული იტალიური ბრენდის - სერჯიო როსის ფეხსაცმელი. მისი ფეხსაცმელი ყოველთვის მაღალქუსლიანია და დახვეწილი.
მეჰრიბან-ხანუმი აქტიურად მისდევს მოდას. როგორც მისი ფოტოებიდან ჩანს, პირველი ლედი ცნობილი ბრენდების სამოსს პოდიუმზე გამოტანიდან მალევე ირგებს. ორჯერ ერთსა და იმავე კოსტიუმში არასოდეს ჩნდება, რასაც ვერ ვიტყვით მის ფავორიტ სერჯიო როსის პრაქტიკულ, კრემისფერ ფეხსაცმელზე, რომელიც თითქმის ყველა კოსტიუმს უხდება და ბოლო წლებში ძალიან მოდურად ითვლება. ამ ბრენდის ფეხსაცმლის ფასი 600 დოლარიდან იწყება. პირველი კლასის ბრენდების, დიორისა და ლანვინის გარდა, მის სამოსს შორის არის ოსკარ დე ლა რენტას, ჯამბატისტა ვალის და ტომ ფორდის გამორჩეული კაბები. პირველი ლედი ატარებს ბრილიანტისა და სხვა ძვირფასი ქვების სამკაულებს.
როგორც ბაქოში ამბობენ, ის საშოპინგოდ ხშირად დაფრინავს პარიზში.
მისი ბაქოში გადაადგილებისას გზები ყველა მიმართულებით იკეტება. როგორც ამბობენ, არისტოკრატულ ქალბატონს პათოსური გადაწყვეტილებები ხიბლავს, როდესაც ის ქვაფენილზე სასეირნოდ გამოდის, წითელ ხალიჩებს უფენენ, რომ ქუსლი არ ჩაეჭედოს. მისი ოფისი ბაქოს ცენტრში, ახალაშენებულ შენობაშია განთავსებული. უყვარს ესკორტით და მრავალრიცხოვანი დაცვით სიარული. ხშირად ესწრება გამოფენებსა და კულტურულ ღონისძიებებს. აზერბაიჯანში გავრცელებული ჭორების თანახმად, მას ეკუთვნის ბაქოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ მეჰრიბანი პლასტიკურ ქირურგიას არ მიმართავს, ჯანსაღი ცხოვრების წესით და შვეიცარიული აპარატურის წყალობით ინარჩუნებს შესაშურ ფორმასა და გარეგნობას. ერთი მხრივ, ეს შესაძლებელია, რადგან უკვე ცნობილია, რომ პლასტიკური ქირურგია აქტიურად ჩაანაცვლა ძვირად ღირებულმა პროცედურებმა.
მეჰრიბან ალიევას ახლო კავშირები აქვს ფრანგული კულტურის გამოჩენილ ადამიანებთან და ხშირად იწვევს მათ ბაქოში. ხალხის სიყვარულის და მისი გავლენის გათვალისწინებით, ხშირად ამბობენ, რომ შესაძლოა, აზერბაიჯანის მომავალი პრეზიდენტი სწორედ მეჰრიბან ალიევა გახდეს.