ესპანური გამოცემა Estadiodeportivo „ვალენსიას“ უახლოეს გეგმებზე წერს. წყაროს თანახმად, „ღამურებს“ გასული წლის ანგარიშების დასაბალანსებლად 20 მილიონი ევროს შემოსავალი სჭირდება.
ამიტომაც, „ვალენსია“ გონსალო გედეშის, იასპერ სილესენის ან მაქსი გომესის გაყიდვას არ გამორიცხავს და შეთავაზებებს ელოდება. სტატიაში გიორგი მამარდაშვილიც შესახებაც არის საუბარი.
„ალესანდრო ბურლამაკი არ არის ერთადერთი ახალგაზრდა, რომელმაც აჩვენა, რომ მომდევნო სეზონში შეიძლება პირველი გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი იყოს. აგრეთვე ბრწყინავს ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მარცხენა მცველი ხესუს ვასკესი. სამივე ფეხბურთელის სიმწიფემ, რომელიც მათ აჩვენეს, შეიძლება შეცვალოს „ვალენსიას“ გეგმა სატრანსფერო პერიოდის ბოლო თვეში, რადგან გასული წლის ანგარიშების დასაბალანსებლად 20 მილიონი ევროს შემოსავალი ისევ სჭირდება“, - წერია სტატიაში.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა პრესეზონის ფარგლებში „ვალენსიაში“ 3 მატჩი ჩაატარა და საყოველთაო მოწონებაც დაიმსახურა. 20 წლის მეკარე ესპანურმა კლუბმა იჯარით, მაგრამ გამოსყიდვის უფლებით დაიმატა. „ვალენსია“ უახლოეს მატჩს 4 აგვისტოს, „მილანის“ წინააღმდეგ გამართავს.