ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებში დასრულდა ძიუდოისტთა შეჯიბრება - დასრულდა ქართველი ფალავნების დიდი წარმატებით. ერთდროულად ოთხი ჯილდო არც ერთ ოლიმპიადაზე არ მოგვიპოვებია. ტურნირი ქართველი და იაპონელი ძიუდოისტების დომინირებით წარიმართა. დარწმუნებული ვარ, ოლიმპიადა ტოკიოში რომ არ გამართულიყო, გაცილებით მეტი ოქროს ჯილდოები გვექნებოდა.
ტატამის მებრძოლთა ბოლო ორმა დღემ გაორებული გრძნობა დაგვიტოვა. ვერცხლის ჯილდო დიდი წარმატებაა, მაგრამ გურამ თუშიშვილს ჩემპიონობაც თავისუფლად შეეძლო. აი, ვარლამ ლიპარტელიანმა კი დიდი იმედგაცრუება მოგვიტანა. ეჭვი არ არის, ლიპარტელიანი მედლის მოპოვების უპირობო კანდიდატი გახლდათ, მაგრამ გადამწყვეტ ორთაბრძოლებში საკუთარ თავს და მისთვის ჩვეულ ნერვიულობას ვერ გადაახტა.
თავად განსაჯეთ. საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ ათლეტს სპორტული კარიერის განმავლობაში შემდეგი გამოსარჩევი ჯილდოები აქვს მოპოვებული: ევროპის სამგზის ჩემპიონია, მაგრამ ექვსი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო, მსოფლიოს პირველობებზე სამი ვერცხლი და ამდენივე ბრინჯაო, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე დასანანად წაგებული ფინალური ორთაბრძოლა. ვარლამ ლიპარტელიანს კარიერის განმავლობაში ერთადერთი სერიოზული მეტოქე ჰყავდა, რომელსაც „ბრძოლა საკუთარ თავთან“ ეპითეტით მოვიხსენიებდით.
ტოკიოში უმედლოდ დარჩენის შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანმა დიდი სპორტიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. რასაკვირველია, ეს იმედგაცრუებული ადამიანის ნაჩქარევ გულის ამოძახილად გვეჩვენება. ქართულ სოციალურ ქსელებში ლიპარტელიანის მხარდამჭერი აქტიური კომპანია დაიწყო და სახელოვან სპორტსმენს მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვენ. წინ პარიზის ოლიმპიური თამაშები და მსოფლიოს მორიგი პირველობაა. სპორტთან განშორებას, ალბათ, აჯობებს ვარლამმა ამ შეჯიბრებებზე საკუთარი ძალა დაამტკიცოს და ორი ოცნება აიხდინოს - ოლიმპიური ჩემპიონობა და მსოფლიო პირველობის გამარჯვებულის წოდება.
აგერ ერთი ცინცხალი მაგალითი. სახელგანთქმულმა ლეო მესიმ არგენტინის ეროვნული გუნდის დატოვების სურვილი რამდენჯერმე გამოთქვა, მაგრამ დანაქადი არ შეასრულა და აგერ, ცოტა ხნის წინ „კოპა ამერიკის“ გამარჯვებულიც გახდა. ასე რომ, ვარლამისთვის ჯერ არაფერია დაკარგული. მას უმაღლეს დონეზე ასპარეზობა კიდევ რამდენიმე წლის განმავლობაში შეუძლია. მიზანი აქვს, ამიტომ ხელები არ უნდა ჩამოუშვას და ოლიმპიურ ჩემპიონობასა და მსოფლიო პირველობის გამარჯვებულის ტიტულებს კიდევ შეუტიოს.
რამდენიმე დღის წინ ქართულ სოციალურ ქსელებში საგანგაშო განცხადება გაავრცელა ტატო გრიგალაშვილის მეგობარმა, ასევე ძიუდოისტმა გიორგი თუთაშვილმა.
„ქართველები ცოტა უცნაური ერი ვართ. როცა ადამიანი წარმატებას აღწევს, მაშინ ქება-დიდება და გვერდში დგომა ვიცით, როცა მარცხდება, მაშინ ყველა პროფესორია, ერთი სული აქვთ სადმე პოსტი ნახონ და რამის დაწერა მოასწრონ, თან ისეთის, რაც არ იციან.
ასე არ შეიძლება! პირველ რიგში, ტატო გრიგალაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საკუთარი პროფესია და საქმე უზომოდ უყვარს და არ მგონია, რომელიმე ქართველს ტატოს გამარჯვება იმაზე მეტად სურდეს, როგორც მას თავად სურდა. ეს ძიუდოა და ყველაფერი ხდება, მაგრამ ტატო არის ის ადამიანი, რომელიც მარცხს არ ეგუება და ბოლომდე იბრძვის. ასე რომ, ვიცი და მჯერა, ეს ადამიანი თავის ოჯახსა და სამშობლოს ბევრჯერ ასახელებს, აი, ძალიან ბევრჯერ.
ვინც კომპიუტერთან ზიხართ, უცდით თუ ვის დაუცდება ფეხი, მერე ვერავინ რომ დაგასწროთ ცუდის დაწერა და პროფესორობა, ეს ბიჭი მალე გულებს გაგიხეთქავთ!
ტატო ჩემთვის დღეს ჩემპიონია და ასე იქნება სულ. მადლობა მას!“
ალბათ, ცოტა ზედმეტი მოსდით ჩემი თანამემამულეების ნაწილს. ჯერ ნინო სალუქვაძის საწინააღმდეგოდ მიმართული განცხადებები, შემდეგ კი ტატო გრიგალაშვილის სახელის აუგად მოხსენიება. ტოკიოში წარმატებით გამოსვლა „ფეისბუქისა“ თუ სხვა სოციალური ქსელის „აქტივისტებზე“ მეტად თავად ტატოს სურდა, მაგრამ სპორტი იმითაა განსაკუთრებული, რომ წინასწარ შედეგს ვერ განსაზღვრავ. სახელოვანი ფრანგი ძიუდოისტის ტედი რინერის მაგალითი ავიღოთ. ადამიანი ტოკიოში წარმატების უპირობო ფავორიტი გახლდათ, მაგრამ მოულოდნელად რუსს ოპონენტთან დამარცხდა და მხოლოდ მესამე ადგილით დაკმაყოფილება მოუწია.
საქართველოში კი ჩამოყალიბდა ადამიანთა კატეგორია, რომლებიც კომპიუტერთან დღე და ღამეს ათენებენ და განურჩევლად ყველასა და ყველაფერს უთავბოლოდ აკრიტიკებენ.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები კი გრძელდება. ნიგერიელმა მოკრივე იუნეს ბაალამ მაიკ ტაისონის „ილეთი“ ჩაატარა და ახალ ზელანდიელ დევიდ ნიიკასთან დაპირისპირებისას ამ უკანასკნელს ყურზე უკბინა. აფრიკელი „ტაისონი“ დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩა და თავის შორეულ კონტინენტზე ვადაზე ადრე დაბრუნება მოუწია.
იუნეს ბაალამ თავი „ორიგინალურად“ ისახელა, აი, არგენტინის დელეგაციაში კი მალე ერთ გემრიელ ქორწილს გადაიხდიან. მოფარიკავეთა შეჯიბრების მიმდინარეობისას დიეგო მარადონას თანამემამულეთა გუნდის მწვრთნელმა ლუკას გილიერმო საუსედომ მოფარიკავე მარია პერეს მორისს ოფიციალურად ხელი სთხოვა. ქალმა თანხმობით უპასუხა და სამხრეთ ამერიკაში დაბრუნების შემდეგ არგენტინაში ერთი ლამაზი სპორტული ოჯახი შეიქმნება.