„ცხოვრების ჯანსაღი წესი და პირველადი სკრინინგი გადაარჩენს ადამიანს იმ მძიმე შედეგისგან, რომელიც შეიძლება განვითარდეს სიმსივნის შორსწასული ფორმების დროს“,- აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე.
პანდემიის პერიოდში ნებისმიერი დაავადების მკურნალობაზე მიმართვიანობა შემცირდა. ალბათ, გამონაკლისი არც სკრინინგ პროგრამა იქნება. ადამიანები გადაუდებელ აუცილებლობად არ თვლიან სკრინინგის ფარგლებში გამოკვლევას, არადა, არსად გამქრალა ონკოლოგიური დაავადებები. როგორია თქვენთან მომართვიანობა კოვიდის პერიოდში?
- მომართვიანობა ცოტა შემცირებულია, თუმცა თქვენი თქმისა არ იყოს, ეს დაავადებები არსად გამქრალა, ჩვენს გვერდითაა და კვლავაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ჩვენი ცენტრი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რეგულაციების სრული დაცვით, რაც მომზადებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, განახორციელოს კვლევები. გარკვეული ცვლილებები გავატარეთ კიდეც, რაც გულისხმობს, რომ პაციენტთა რაოდენობას უკვე სპეციალური პროგრამა ითვლის და ადგენს, კორონავირუსის რისკის ასაცილებლად რამდენი ადამიანი შეიძლება დაიშვას ერთდროულად სხვადასხვა კვლევაზე ჩვენს ცენტრში. ისიც არ შეიძლება, რომ ეს გეგმური სერვისი საერთოდ გავაჩეროთ, ამიტომ ფრთხილად, რეგულაციების დაცვით უნდა გავაგრძელოთ კვლევები.
კოვიდის გარდა, რა უნდა იყოს ის დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც ადამიანები თავს იკავებენ სკრინინგ პროგრამის გამოყენებაზე? ეს ხომ არ უკავშირდება გამოსხივებასთან დაკავშირებულ მითს და სკრინინგ კვლევების ჩატარებას ამიტომაც ხომ არ უფრთხიან?
- ცხადია, არის გარკვეული შიში საზოგადოებაში, პირველ რიგში, დიაგნოზის შიში უფრო წინა პლანზეა. ადამიანებს ეშინიათ და ფიქრობენ, რომ დამიდასტურდეს დაავადება, მერე რა ვქნა?! ამიტომ გაურკვეველ პოზიციაში ურჩევნიათ ყოფნა, რომ არ გაიგონ, რაიმე თუ სჭირთ. მეორე შიშია, რაც თქვენ ბრძანეთ, უშუალოდ პროცედურის შიში, რაც ასოცირდება მამოგრაფიის დროს გარკვეულ ტკივილთან. ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონიათ მათ. ასევე, რადგანაც რენტგენოლოგიური კვლევაა მამოგრაფია, ჰგონიათ, რომ ისეთი დასხივებაა, რომელმაც შეიძლება ჯანმრთელობისთვის საზიანო ეფექტი გამოიწვიოს. სინამდვილეში, რენტგენოლოგიური კვლევისას დასხივება მინიმალურია, მით უმეტეს, იმ აპარატებით, რომელიც სკრინინგ ცენტრში დგას. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ შემთხვევაში, სარგებელი აჭარბებს გარკვეულ მინიმალურ რისკებს. რაც შეეხება დიაგნოზის შიშს, აქაც უნდა გვახსოვდეს, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე უნდა გამოვავლინოთ დაავადება, რათა ადვილად მართვადი და ეფექტური იყოს შემდგომი მკურნალობა. თუკი არსებობს დაავადება, ის ადრე თუ გვიან ეტაპზე გამოვლენილი, ბევრად რთული სამართავია. ამიტომ ის ფუფუნება, რაც საქართველოს აქვს, რომ არსებობს სკრინინგის პროგრამა და მოსახლეობას შეუძლია უფასო მომსახურება მიიღოს, აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
ვინ სარგებლობს უფასო გამოკვლევებით და რით არის უპირატესი ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევა?
- სკრინინგის პროგრამა მოიცავს სამ კომპონენტს: ეს არის ძუძუს სკრინინგი, რომელიც უფასოა 40-დან 70 წლის ჩათვლით ქალებისთვის, ასევე, საშვილოსნოს ყელის სკრინინგი - უფასოა 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალბატონებისთვის და მსხვილი ნაწლავის კიბოს, ანუ კოლორექტული კიბოს სკრინინგი უფასოა 50-დან 70 წლის ჩათვლით ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის. ამ პროგრამით ფინანსდება, ასევე, პროსტატის კიბოს მართვის პროგრამა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროგრამა თბილისში რეგისტრირებულებისთვის. სკრინინგი ჯანმრთელ მოსახლეობაში ტარდება იმ ეტაპზე, როცა არაფერი აწუხებს ადამიანს. მართვის პროგრამის მენეჯმენტის შემთხვევაში კი, გარკვეული რისკები გამოვლინდება და რისკჯგუფებში ხდება კვლევების ჩატარება. თქვენ მკითხეთ, რატომ უნდა ჩაიტაროს ადამიანმა კვლევები სკრინინგ ცენტრში? გეოგრაფიულ ლოკაციასაც აქვს მნიშვნელობა. თბილისში სკრინინგ ცენტრი წარმოდგენილია ამჟამად სამი ფილიალით, ეს არის გლდანის ცენტრი, ვარკეთილის და დიდუბის ფილიალები. ახალი ლოკაციის დამატებასაც ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში. ამით დაცულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ფინანსური ხელმისაწვდომობაც თავისთავად უზრუნველყოფილია უფასო პროგრამის გამო შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით. ჩვენს ცენტრში უახლესი სამედიცინო აპარატურაა, რომელიც საშუალებას იძლევა, მინიმალური საზიანო ეფექტებით, როგორიცაა დასხივება, მაქსიმალური ხარისხი მივიღოთ კვლევების დროს. ჩვენთან მუშაობენ პროფესიონალი კადრები, რომლებიც მუდმივად გადამზადების პროცესში არიან. ყველა ექიმს სჭირდება გადამზადება და ჩვენს ცენტრშიც პერმანენტული გადამზადება მიმდინარეობს. უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა ახლა ცოტა შეზღუდულია, მაგრამ ონლაინკონსულტაციები გრძელდება. ჩვენი ექიმები წამყვან ქვეყნებში იმაღლებენ კვალიფიკაციას. პროფესიონალი კადრების და ხარისხიანი სამედიცინო ტექნიკის შერწყმა გვაძლევს ზუსტად იმ ხარისხს, რასაც დებს ეროვნული სკრინინგ ცენტრი.
ცდომილება არ არსებობს სკრინინგის პროგრამებში?
- ზოგადად, მედიცინაში არსებობს გარკვეული შემთხვევები, რომლებიც შემდგომში მოითხოვენ კონსილიუმს, დაზუსტებას. ეს არ არის ზუსტი მეცნიერება. ამიტომ მაქსიმალურად მიახლოებულია იმ შესაძლებლობებთან, რაც კი საერთოდ არსებობს სიზუსტის კუთხით. ჩვენს ლაბორატორიაში მიმდინარეობს ხარისხის როგორც შიდა, ასევე, გარე კონტროლი, რაც გულისხმობს ევროპის ერთ-ერთ ლაბორატორიაში ჩვენი მასალების გაგზავნას და შემდეგ იქიდან დასკვნების გამოგზავნას, რაც თითქმის თანხვედრაშია ჩვენს დასკვნებთან.
თქვენ ახსენეთ დიაგნოზის შიში ჩვენს მოსახლეობაში. უცხოეთში ასეთი შიში ნაკლებადაა. ეს რით აიხსნება, ექიმთან მისვლის კულტურით, თუ უცხოელებს შიში არ აქვთ სავარაუდო დაავადების მიმართ?
- შიში, ალბათ, ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ამ მხრივ განათლება, საინფორმაციო კამპანიების ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია. ვცდილობთ, მოსახლეობას მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია სხვადასხვა პლატფორმით - სოციალური ქსელით, ტელევიზიით, პირადი შეხვედრებით. ამ მხრივ საჭიროა მუშაობა ჩვენს ქვეყანაში, სოციალური პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ, რისთვის ვაკეთებთ ამას, ეს არ არის მხოლოდ ჩვენს თავზე ზრუნვა, ეს არის ჩვენს ოჯახზე, ქვეყანაზე ზრუნვა. ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელებმა სწორად უნდა დაგეგმონ ეს პროცესები. არ არის საკმარისი მარტო იმის იმედად ყოფნა, რომ ვიღაცამ ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მონაწილეობა მიიღო. სკრინინგის პროგრამა ეფექტურია მაშინ, როდესაც მოცვის მაჩვენებელი, ანუ მიზნობრივი მოსახლეობის პროგრამაში ჩართულობის მაჩვენებელი 60-70%-ზე მეტია.
ჩვენთან რამდენია?
- ჩვენთან ძალიან დაბალია ეს პროცენტი. სხვადასხვა კომპონენტის მიხედვით სხვადასხვაა, თბილისში ოდნავ აჭარბებს, ვიდრე რეგიონებში და, საერთო ჯამში, 20%-ს აღემატება. ამიტომ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი როგორც განათლების, ისე დაგეგმარების მიმართულებით, რომ ორგანიზებულად ჩატარდეს სკრინინგი, ე.წ. ორგანიზებული სკრინინგი. ამის ელემენტები უკვე დაწყებული გვაქვს. ეს ნიშნავს მოქალაქეების პერსონალურ მოწვევას პროგრამაში ჩასართავად. ეს სხვადასხვა ფორმით შეიძლება განხორციელდეს. უცხოეთში წერილი მისდით ფოსტით, ჩვენთან საფოსტო სისტემა ნაკლებად აწყობილია, თანაც გარკვეულ ფინანსებთანაა დაკავშირებული. პრობლემაა ისიც, რომ რეგისტრაციის მისამართებზე არ ცხოვრობენ ადამიანები. ამიტომ უპირატესობას ვანიჭებთ სატელეფონო კომუნიკაციას. როგორც კი ადამიანს, პირობითად რომ ვთქვათ, სასკრინინგე ასაკი შეუსრულდება, ვცდილობთ, მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მას ეკუთვნის სკრინინგის პროგრამა და ამ პროგრამით გათვალისწინებული კვლევები შეუძლია უფასოდ ჩაიტაროს.
არსებობს „ჩუმი კიბოს“ მოულოდნელი სიმპტომები, მათ შორის, მუცლის მუდმივი შებერილობა, წონის აუხსნელი დაკლება კიბოს გამაფრთხილებელი სიმპტომი შეიძლება იყოს. საქართველოში განსაკუთრებით რა სახის სიმსივნეა გავრცელებული და, თუ არსებობს გარკვეული ნიშნები, რომ ადამიანმა ეჭვი მიიტანოს?
- სხვადასხვა სიმსივნეს განსხვავებული ნიშნები გააჩნია. წონაში დაკლება ცოტა უფრო მოგვიანებითი ნიშანია, ვიდრე საწყისი ნიშანი, თუმცა შესაძლოა, სიმპტომების გამოვლენამდე წონაში დაკლებაც იყოს. მთავარია, აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება პირველად ნიშნებს, ძუძუს კიბოს შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს ძუძუს ასიმეტრია სხვადასხვა მხარეს, შეიძლება იყოს შეწითლება, გამონადენი; საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, შეიძლება იყოს სისხლდენები, რომელიც ციკლთან არ იყოს დაკავშირებული, მუცლის შებერილობა უფრო მსხვილი ნაწლავის სიმსივნეს ახასიათებს. გარკვეული ნიშნები არის, რომლის დროსაც დიფერენცირებული დიაგნოზია გასაკეთებელი, ანუ შეიძლება ერთი ნიშანი იყოს, მაგრამ რამდენიმე პათოლოგიაზე მიიტანო ეჭვი. ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სკრინინგის როლი, ვიდრე რაიმე სიმპტომი გამოუვლინდება ადამიანს და რაიმე შეაწუხებს, იმ ეტაპზევე უნდა მოხდეს გამოკვლევა, რათა სკრინინგმა გამოავლინოს პრეკარცენოგენური დაავადებები, კიბოს წინარე მდგომარეობები და ადრეულ ეტაპზევე გამოავლინოს კიბო, რომ მერე მარტივად იმართოს ეს დაავადება.
ყველაზე მეტად ქალებში გავრცელებულია ძუძუს კიბო, ხუთეულში შედის ფარისებრი ჯირკვლის კიბო, საშვილოსნოს ყელის და ტანის კიბო, მსხვილი ნაწლავის კიბო. ამიტომაცაა, რომ ამ კონკრეტულ პათოლოგიებზე ტარდება სკრინინგი. გარდა ამისა, რის გამოც დაიწყო სკრინინგი, ეს არის, რომ კვლევა უნდა იყოს მარტივი და სკრინინგული კვლევები მარტივზე მარტივია, ფინანსურად და ტექნიკურად ხელმისაწვდომია. არსებობს განმეორებითობის საშუალებაც, ანუ სკრინინგი არ არის ერთჯერადი გამოკვლევა, გარკვეული პერიოდულობით უნდა მოხდეს პაციენტის გამოკვლევა. მაგალითად, ძუძუს შემთხვევაში, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევაში, სამ წელიწადში ერთხელ და ა.შ. რაც მთავარია, მოსახლეობისთვის კვლევის მეთოდი მისაღებია. ამიტომაცაა კონკრეტული სკრინინგები მთელ მსოფლიოში გავრცელებული.
რა იწვევს სიმსივნის ჩამოყალიბებას - გენეტიკური განწყობა, დაბინძურებული გარემო, არაჯანსაღი კვება, ნერვიულობა, თუ ყველაფერი ერთად?
- კიბოს განვითარების რისკები სხვადასხვაა. ცხადია, ზოგადი მდგომარეობა, ეკოლოგიური მდგომარეობა მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. გენეტიკურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უმეტეს, პირველი რიგის ნათესავებში. ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია და ზუსტად ამას ვიკვლევთ, ხომ არ არის ეს პათოლოგია პირველი რიგის ნათესავებში. გასათვალისწინებელია კვებისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიც, მსხვილი ნაწლავის შემთხვევაში, დადგენილია კვების თავისებურებების გავლენა ამ პათოლოგიის განვითარებაზე. მაინც მივდივართ იქამდე, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი და პირველადი სკრინინგი, პრევენცია გადაარჩენს ადამიანს იმ მძიმე შედეგისგან, რომელიც შეიძლება განვითარდეს სიმსივნის შორსწასული ფორმების დროს.