ქსნის საპატიმროში პირამოკერილი პატიმრები სცემეს

ქსნის საპატიმროში პირამოკერილი პატიმრები სცემეს

სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში, კონკრეტული პატიმრების ცემა-წამების მორიგ ფაქტზე პროკურატურისგან წინასწარი გამოძიების დაწყებას მოითხოვს, რის შესახებაც პრესაგე.ტვ-ს სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტმა აცნობა.

მართალია სასჯელაღსრულების მინისტრი, ხათუნა კალმახელიძე ცენტრალური ტელეარხებიდან მშვიდი სახით დროდადრო გვაუწყებს, რომ ციხეთა სისტემაში ყველაფერი შესანიშნავადაა, რომ აქაური პატიმრების 80% საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის პირობებში იხდიან სასჯელს და რომ მათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ეპყრობიან, მაგრამ რეალობა სულ სხვაა.

უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე და ასევე, მეტ-ნაკლებად თავისუფალ მედიასაშუალებებში პატიმრების ცემა-წამებაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აღარაფერი ვთქვათ, სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშსა და წამების საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში მოტანილი ფაქტებიც საკმარისია იმის დასადასტურებლად, რომ კალმახელიძისეული “საერთაშორისო სტანდარტები“ რბილად, რომ ვთქვათ, ძალიან, ძალიან შორსაა რეალურ საერთაშორისო სტანდარტებთან.

ახლა რაც შეეხება სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას - “საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახალხო დამცველმა მსჯავრდებულ გ.ო–ს და შ.ნ–ს ახსნა–განმარტებები და გარეგნული დათვალიერების ოქმები საქართველოს მთავარ პროკურორს გადაუგზავნა და ქსნის N15 დაწესებულებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყების რეკომენდაციით მიმართა, რომელშიც ზემოხსენებული მსჯავრდებულებისთვის უმოკლეს ვადაში სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებაც არის მითითებული, რათა მათ სხეულზე დადგინდეს არსებული დაზიანებების ხასიათი, ხარისხი და ხანდაზმულობა.

სახალხო დამცველის რწმუნებულმა, 2010 წლის 21 დეკემბერს ახსნა–განმარტება ჩამოართვა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაბა–ქსნის N15 დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს - გ.ო–ს და შ.ნ–ს. მათი განმარტებით, 2010 წლის 16 დეკემბერს შიმშილობა გამოაცხადეს და პირი ამოიკერეს, ვინაიდან მედიკამენტები არ ეძლეოდათ.

მსჯავრდებული გ.ო–ს განმარტებით, მისი შიმშილობის მიზეზი იყო არასათანადო სამედიცინო მომსახურება. იგი აცხადებს, რომ აქვს: ვენების ვარიკოზული დაავადება, ცე ჰეპატიტი, თავის ტკივილები და ნევროზი.

როგორც მსჯავრდებულებმა განმარტეს, პროტესტის ოფიციალურად დასაფიქსირებლად მორიგეს და ცვლის უფროსს მიმართეს, რათა ინფორმაცია აღნიშნული დაწესებულების სოციალური სამსახურის მუშაკისთვის მიეწოდებინათ.

მსჯავრდებული შ. ნ. ამბობს, რომ მათთან სოციალური სამსახურის თანამშრომელი მივიდა, მაგრამ შიმშილობის ფაქტი არ დააფიქსირა, რის გამოც მსჯავრდებულებს ცვლის უფროსთან შელაპარაკება მოუვიდათ. ეს უკანაკსნელი პატიმრებს ცემით დაემუქრა. მსჯავრდებულთა გადმოცემით, მათ ცემის შეეშინდათ და მიიყენეს თვითდაზიანება - ხელები გადაიჭრეს; სამედიცინო დახმარება 30–40 წუთის შემდეგ გაეწიეს, ოღონდ ეს გააკეთა არა საპატიმროს ექიმმა, არამედ პატიმარმა ექიმმა.

მსჯავრდებულების განცხადებით, ამის შემდეგ ისინი აიყვანეს დირექტორის ოთახში, სადაც მათ დაემუქრნენ, რომ თუ შიმშილობას არ შეწყვეტდნენ, სასჯელს დაუმატებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

2010 წლის 17 დეკემბერს, როდესაც მსჯავრდებულები კვლავ სოციალური სამსახურის თანამშრომელთან შეხვედრას ითხოვდნენ, მათთან დაწესებულების თანამშრომლები მივიდნენ, მსჯავრდებულები დირექტორის კაბინეტში წაიყვანეს, სადაც მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მსჯავრდებულები ასევე აცხადებენ, რომ ამოკერილი პირი მათ ძალის გამოყენებით გაუხსნეს.

“მსჯავრდებულ შ.ნ–ს. გარეგნული დათვალიერებით ორივე ზედა კიდურზე და ზურგზე ექსკორიაციები და ტუჩების არეში ნახვრეტი ჭრილობები აღენიშნებოდა. მსჯავრდებულ გ.ო-ს - ტუჩების არეში ნახვრეტი ჭრილობები, მარცხენა ზედა კიდურზე და შუბლზე ექსკორიაციები, მარცხენა მკლავის იდაყვთან სიყვითლე, ხოლო მაჯის არეში ექსკორიაციები“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ინფორმაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.