საქართველოს პირველი ოქრო: ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

საქართველოს პირველი ოქრო: ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!

ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია! ქართველმა ძიუდოისტმა ტოკიოში ტრიუმფალურად იასპარეზა, ზედიზედ 5 შეხვედრა მოიგო და საქართველოს მიმდინარე ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა!

ფინალში 21 წლის წლის ქართველი გერმანელ ედუარდ ტრიპელს დაუპირისპირდა. ლაშა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როცა ვაზარით დაწინაურდა და იქვე მეტოქე შებოჭა, 7 წამი შებოჭილიც ჰყავდა, მაგრამ იპონამდე სულ რაღაც 3 წამი რჩებოდა, როცა ტრიპელმა თავის დაღწევა მოახერხა.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძიუდოისტი პირველი წრისგან თავისუფალი იყო და მეორე წრეში პოლონელ პიოტრ კუჩერას ადვილად მოუგო. ლაშამ თავიდან ვაზარი მოიპოვა, მერე კი მეტოქე შებოჭა და იპონით იმარჯვა. მერვედფინალში ბექაური ისრაელის წარმომადგენელ ლი კოჩმანს დაუპირისპირდა, რომლის წინააღმდეგ გაუჭირდა და თავიდან ვაზარით აგებდა, მაგრამ ამის შემდეგ წუთზე ნაკლებ დროში ორი ვაზარი თავად მიითვალა და საბოლოოდ იპონით იმარჯვა. მეოთხედფინალში ლაშამ უზბეკი დავლათ ბობონოვი დაამარცხა. ლაშა უპირატესობას ფლობდა, ერთ მომენტში კი უზბეკმა თავი სახიფათოდ დაიცვა, რის გამოც მსაჯებმა შეხვედრიდან მოხსნეს. ამრიგად, ლაშას ნახევარფინალის საგზური ერგო. ნახევარფინალში ლაშამ რუსი მეტოქე, მიხაილ იგოლნიკოვი ვაზარით დაამარცხა! შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბექაური უპირატესობას ფლობდა და მომგებიანი გდებაც განახორციელა.

გავიხსენოთ ისიც, რომ ბექაურმა თვენახევრის წინ გუნდურ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტრავმა მიიღო და სამედიცინო შტაბმა ყველაფერი გააკეთა, რომ ის ოლიმპიადას მზადყოფნაში შეხვედროდა...

შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ტოკიოს ოლიმპიადაზე სამი მედალია და სამივე ძიუდოისტებმა მოიპოვეს - ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლის მედლები, ხოლო ლაშა ბექაურმა ოქროს მედალი! 29 ივლისს, ოლიმპიადაზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი იასპარეზებს.

აქვე გეტყვით, რომ 2004 წლიდან 90 კგ წონით კატეგორიაში საქართველო ოლიმპიადაზე ბრწყინვალე შედეგებით გამოირჩევა - 2004 წელს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური გახდა, 2008 წელს ირაკლი ცირეკიძე, 2016 წელს ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, ახლა კი ბექაური ოქროს დაეუფლა.