ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ტოკიოს ოლიმპიადის ნახევარფინალში არონ შილადისთან სკანდალურ შეხვედრას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. მან სოციალურ ქსელში ის კადრი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათლად ჩანს, მის მიერ მოპოვებული ქულა და მსაჯების შეცდომა, რადგან მათ ქულა მეტოქეს მიანიჭეს.
როგორც სანდრომ დაწერა, კარიერაში ყოველთვის უსამართლობასთან და დაბრკოლებებთან გამკლავება უწევდა და ეს ოლიმპიური თამაშები მას ეკუთვნოდა.
"მე დავბრუნდები თქვე უნამუსოებო... პირველ რიგში, უღრმესი მადლობა თითოეულ ქართველს ასეთი მხარდაჭერისთვის!!! თქვენ მე გამაძლიერეთ და მომეცით ძალა, რომ ყურები არ ჩამომეყარა და ამას არასდროს არ ვიზამ!!!!! მე ვარ ქართველი მებრძოლი და ჩვენ ბრძოლაში ვიგებთ... სულ უსამართლობა და დაბრკოლებები მქონდა კარიერაში და თამამად ვიტყვი, რომ ეს ოლიმპიური თამაშები მე მეკუთვნოდა. ეს ყველამ კარგად იცის და დაინახა... მიყვარხარ საქართველო, მიყვარხართ ქართველებო და დიდი მადლობა. l’ll be back very soon!!! (დავბრუნდები ძალიან მალე)!!!", - დაწერა ბაზაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა - ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12), ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერს, სამხრეთკორეელ სანგუკ ოჰს 15:13 აჯობა. ნახევარფინალში მისი მოწინააღმდეგე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ შილადი იყო, რომელთანაც 13:15 დამარცხდა. 13:13-ზე სანდრო მსაჯებმა აშკარად დაჩაგრეს და მისი მოპოვებული ქულა მეტოქეს მიაკუთვნეს. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ბაზაძემ სამხრეთკორეელ იუნგვან კიმთან 11:15 წააგო და ოლიმპიადაზე მეოთხე ადგილი დაიკავა.