საქართველოში 25 ივლისის მონაცემებით ჯამურად 402 765 აცრა ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებული 139 289 ადამიანია. ამ რიცხვს უახლოეს დღეებში 150 ათასი ადამიანიც მიემატება, რომლებიც „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრებიან.
შაბათს, ჩვენს ქვეყანას ამერიკამ „ფაიზერის“ 150 ათასი ვაქცინა აჩუქა. როგორც კი აღნიშნულ ვაქცინაზე რეგისტრაცია დაიწყო, მოსახლეობის უმრავლესობამ რეგისტრაცია გაიარა. მასალის მომზადების პერიოდში, გადავამოწმეთ, თუ „ფაიზერის“ რამდენი ვაქცინა დარჩა და სად არის შესაძლებელი ვაქცინის გაკეთება. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ „ფაიზერის“ 4 ათასი ვაქცინა არის ხელმისაწვდომი. ამ ვაქცინით აცრა კი შესაძლებელია ქობულეთში, ზუგდიდში, ქუთაისში და გორში.
თუმცა, იმათ, ვისაც აცრა სურს და „ფაიზერზე“ ამ ეტაპზეც ვერ მოახერხეს რეგისტრაციის გავლა, ხელმისაწვდომია „სინოვაკის“ 96 ათასი ვაქცინა, „სინოფარმზე“ 115 ათასი ადგილია დარჩენილი, ხოლო „ასტრაზენიკაზე“ კი 30 ადგილი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, 4750 პირს ჯავშანი არ დაუდასტურდა, გამომდინარე იქედან, რომ მათი ნაწილი უკვე ვაქცინირებული დარეგისტრირდა.
„ასევე იყვნენ მოქალაქეები, რომელთაც რიგი მიზეზების გამო ჯერჯერობით არ უწევდა აცრის გაკეთება, თუმცა მათ მაინც შეიყვანეს თავიანთი მონაცემები. ასე რომ, 5000-მდე ჯავშანი რეალურად არ შედგა. ბუნებრივია, ეს ადგილები დაემატება პორტალს. უახლოეს დღეებში ადგილები დაემატება, კლინიკები არიან მზად იმისთვის, რომ 8-საათიანი რეჟიმიდან გადავიდნენ 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე, ასევე ემატება ახალი კლინიკები, არის სრული მობილიზება იმისთვის, რომ ის დოზები, რაც ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად მოკლე ხანში იქნეს ათვისებული. უხლოეს პერიოდში ადგილების დამატებას გამოვაცხადებთ, დღესაც და ხვალ გამოვაცხადებთ და შეუძლიათ კიდევ დარეგისტრირება. ასევე სატელეფონო ჩაწერაც გრძელდება, კვირის ბოლოსკენ შესაძლებელი იქნება ვირტუალური კაბინეტით ამცრელ კლინიკებში რეგისტრაცია“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
როგოც for.ge-თან ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა, უკვე მყოფ აცრილებს, როდესაც 150 ათასი ვაქცინირებული შეემატება, კოვიდ სტატისტიკაზე, დადებითად 2 თვეში აისახება.
„პირველ რიგში, ძალიან კარგია, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასეთი მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციის ტემპი გაიზრდება და დღეში შეილება აცრილთა რიცხვი 15-20 ათასიც იყოს, რის შედეგსაც დაახლოებით, 2 თვეში დავინახავთ, როდესაც ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა 20-30 პროცენტს მიაღწევს. როდესაც ეს მაჩვენებელი გევქნება, ჩვენს ეპიდსიტუაციაზეც აისახება და ვნახავთ, რომ დინამიკა დადებითობისკენ წავა. რა თქმა უნდა, უახლოეს ორ კვირაში ვაქცინის შედეგს ვერ ვიგრძნობთ, რაც არ უნდა სწრაფი ტემპით წავიდეს ვაქცინაცია“, - გვითხრა ინფექციონისტმა.
ჯანდაცვის ექსპერტმა, აკაკი ზოიძემ კი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის ინფორმაცია მოგვაწოდა და გვითხრა, რომ ორჯერ აცრილებს შორის გარდაცვალება არ ფიქსირდება.
„რაც მეტი ადამიანი აიცრება, ეს იმოქმედებს მძიმე შემთხვევებზე და სიკვდილიანობის კლებაზე, ეს არის ჩვენი ამოცანა. ამასთან შემცირდება გავრცელების სისწრაფეც. უკვე „ფაიზერის“ შემოვიდა და უახლოეს დღეში გვეყოლება 150 ათასი ვაქცინაცირებული. თუმცა, ჩვენ ვაქცინაციის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ მინიმუმ 700 ათასი ვაქცინირებული გვეყოლებოდა. ჯერ აცრის მსურველები სრულად არ დაგვიკმაყოფილებია. როგორც გამოჩნდა, უმეტესობა „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა, მაგრამ როდესაც სხვა ვაქცინაც ხელმისაწვდომია, ლოდინი არ იყო საჭირო. რა თქმა უნდა, კვლევების მიხედვით, რომელიც ჩვენთვის ცნობილია „ფაიზერი“ „სინოფარმთან“ და „სინოვაკთან“ შედარებით, 20%-ით მეტად იცავს. კი, ადამიანს კოვიდი ემართება, მაგრამ მსუბუქი ფორმით, თუმცა, სხვა ადამიანს თითქმის არ გადასცემს. თუმცა, გარდაცვალებისგან პრაქტიკულად ყველა ვაქცინა ერთნაირად იცავს“, - გვითხრა აკაკი ზოიძემ.
იმის მიუხედავად, რომ ვაქცინის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა, ქვეყანაში ეპდსიტუაცია მაინც რთულად არის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადეით, ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია რეგულაციების დაცვა და მასობრივი ვაქცინაცია.
„ყველა ინდიკატორში, სამწუხაროდ, გაუარესება გვაქვს - ინციდენტობის მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი. თუ არ გავითავისეთ, რომ ეპიდსიტუაციას შეაკავებს მხოლოდ მასობრივი აცრები და რეკომენდაციების და რეგულაციების დაცვა, ისე არაფერი არ გამოვა. უნდა დავიცვათ რეგულაციები, ვატაროთ პირბადე ყველგან, დახურულ სივრცეებში ყველგან და ღია სივრცეში იქ, სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი, ასევე ყველანაირ დიდ შეკრებებს თავი უნდა ავარიდოთ, იქნება ეს ქორწილი, ქელეხი, კონცერტი თუ სხვა - ამაზე უარი უნდა ვთქვათ დროებით, ან სადაც იქნება ეს შეკრება, განსაკუთრებით თუ ეს არის სემინარები, კონფერენციები და ა.შ. ადამიანები უნდა იყვნენ ორჯერადად აცრილი და ისე არ უნდა დაიშვან ან უნდა იყვნენ PCR ტესტით უარყოფითი, ან სწრაფი ტესტით 24 საათში უარყოფითი. რეგულაციები უნდა დავიცვათ თუ გვინდა, რომ ეპიდსიტუაცია უფრო არ გაუარესდეს იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობა ძალიან ჰგავს ნოემბერს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში ვაქცინაცია ჩატარდა ვაქცინებით: „ასტრაზენეკა“, „ფაიზერი“, „სინოფარმი“, „სინოვაკი“.