როგორ აღმოჩნდა ლაშქარავას ორგანიზმში „ჰეროინის“ დიდი დოზა - იყო თუ არა ლექსო ლაშქარავა სააკაშვილის მსხვერპლთშეწირვა?

როგორ აღმოჩნდა ლაშქარავას ორგანიზმში „ჰეროინის“ დიდი დოზა - იყო თუ არა ლექსო ლაშქარავა სააკაშვილის მსხვერპლთშეწირვა?

„TV პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულია ექვსი პირი, მათ შორის ხუთს პატიმრობა აქვს შეფარდებული. ასევე, დაკავებულია პირი, რომელმაც ფონიჭალაში, ლექსო ლაშქარავაზე და მის თანმხლებ პირებზე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გაასაღა. დანაშაული 8–დან 20 წლამდე ვადით, ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ 1987 წელს დაბადებული ფ.ა. უკანონოდ ეწეოდა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, სამართალდამცავებმა ბრალდებული 17 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში დააკავეს. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული, ოთხ შეკვრად დაფასოებული, ხოლო საცხოვრებელი ბინიდან სამ შეკვრად დაფასოებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

ლექსო ლაშქარავას საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილის მეგობრები გარდაცვალების მიზეზად მიყენებულ ტრავმას ასახელებენ. თუმცა, ასე არ ფიქრობს, ექსპერტი ალეკო გეჯაძე, რომლის განცხადებით, მიღებული ტრავმა ლაშქარავას სიკვდილს ვერ გამოიწვევდა. გამოძიება კი ამბობს, რომ „TV პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზი ზედოზირება გახდა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ლექსო ლაშქარავა  5 ივლისს სცემეს, როდესაც იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ამ თავდასხმის შემდეგ ლაშქარავას ტვინის შერყევა დაემართა, გაუტყდა სახის ძვლები და განუვითარდა მრავლობითი დაჟეჟილობა. მას საავადმყოფოში ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც იგი გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა, თუმცა ჰქონდა ძლიერი ტკივილები და ამ მოტივით ოჯახის ინფორმაციით ის ღებულობდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებლებს. ასევე, საავადმყოფოში უკეთდებოდა ძლიერი გამაყუჩებლები, თუმცა კონკრეტულად რა პრეპარატები უკეთდებოდა, ოჯახი ამბობს, რომ ეს ისტორიაში წერია.

ლექსო ლაშქარავას ცხედარზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები. შსს-მ ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიამ ოპერატორის გარდაცვალების მიზეზად 5 ივლისს მიღებული დაზიანება დაასახელა. ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით, შსს–ს 200–ზე მეტი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, გამოკითხულია 110 პირი, დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა.

გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალეკო გეჯაძე. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშებში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები, „მორფინი“, „კოდეინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პენტინი“ და „მონოაცეტილმორფინი“. შესაბამისად, ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშული საშუალებებით ზედოზირება.

გარდა ამისა, შს სამინისტრომ გაავრცელა ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების წინა დღეს მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ ვიდეო ჩანაწერები. მოპოვებული ვიდეო მასალებიდან და მოწმეთა ჩვენებებიდან დგინდება, რომ ლაშქარავამ გარდაცვალების წინა დღეს მეგობართან ერთად ფონიჭალაში ნარკოტიკული საშუალებები ჯერ შეიძინა, შემდეგ მოიხმარა, რის შედეგადაც ზედოზირების გამო ორჯერ გახდა ცუდად.

ლექსო ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტი დეტალურად შედგენილია კერძო ობიექტებისა და 112–ის ზოგადი ხედის ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, ასევე დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. გამოძიების მიერი მოპოვებული მტკიცებულებით დგინდება, რომ ლაშქარავა 15:28 წუთზე ფიქსირდება მისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე იოსელიანის ქუჩაზე, სადაც მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით.

მეგობართან ერთად ბახტრიონის ქუჩაზე 15:31 საათზე შედის აფთიაქში, ყიდულობს ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და ერთდჯერადი გამოყენების შპრიცებს. სწორედ ამის შემდეგ მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, სადაც 16:31 წუთზე ფიქსირდება. ფონიჭალაში ორჯერ ჩადის. პირველად გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალისკენ, სადაც ფიქსირდება ერთ–ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს.

ამის შემდეგ ისევ ბრუნდებიან ფონიჭალის დასახლებაში. ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე 19:41 წუთზე, სადაც შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ბრუნდებიან ორთაჭალაში, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ–ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს.

ლაშქარავას მეგობრის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკული საშუალებების გამო ხდება ცუდად და ცდილობს მის დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი, ვერ ახერხებს ამას და მიმართავს იქვე არსებულ ერთ–ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასევე ასახულია ვიდეო–მასალაზე. ლაშქარავას მეგობარი ითხოვს პრეპარატ „ნარკანს“, რადგან მისი მეგობარი გამოიყვანოს ნარკოტიკების ზედოზირებისგან, რაც ასევე ასახულია და ვიდეო კადრებში - ისმის ხმა.

ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ლაშქარავას მიყვანას და თავად ბრუნდება მასთან, სადაც ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების გამო მის მეგობარს, რასაც ახერხებს. როგორც მისი ჩვენებით ირკვევა, მოჰყავს გონებაზე. შემდეგ ერთად, მოპედის საშუალებით 23:16 საათზე ბრუნდებიან „დედაენის ბაღში“, სადაც ლაშქარავა კიდევ ერთხელ ხდება ცუდად.

გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდება საცხოვრებელ სახლში – 00:10 წუთზე ჩანს გარე კამერებში როგორ ადის საცხოვრებელ სახლში. დაახლოებით დილის 6:00 საათზე სასწრაფოში კეთდება შეტყობინება, სასწრაფოს მისვლის დროს ლექსო ლაშქარავა უკვე გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას. ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ გვამი ექსპერტიზაზე გადაასვენა.

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმემ მალევე მიიღო პოლიტიკური დატვირთვა. ხელისუფლებისადმი კრიტიკული მედია საშუალებები, სამოქალაქო აქტივისტები და რა თქმა უნდა, ოპოზიცია პრემიერ–მინისტრის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს. ოპოზიცია და მედია ქუჩაში გავიდნენ, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღეს. მედია ისევ ტელევიზიაში დაბრუნდა, ოპოზიცია კი საკუთარ ოფისში.

ოპოზიცია, რომელიც საპარლამენტო მუშაობაზე უარს ამბობს, ოპერატორის გარდაცვალებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. პროცესების რადიკალიზაციისთვის რომ ქართული ოპოზიცია მსხვერპლს საჭიროებს, ამას ზედმეტი მტკიცება არ სჭირება. ამის მაგალითია სააკაშვილის, ნიკა გვარამიას და გიგა ბოკერიას სატელეფონო საუბარი. საქმე ეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის გარშემო მიმდინარე დავას, რა დროსაც სააკაშვილმა პროცესების რადიკალიზაციისთვის და მეტი ეფექტისთვის მოითხოვა ორსული ქალის მკვლელობა.

„იშოვეთ ბოევიკები. საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება. უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს შეგვიძლია – თუ ეს არ შეგვიძლია, კაპიკია ჩვენი ფასი. სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას. უნდა იყოს ცხვირ–პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ“, – აცხდებდა მიხეილ სააკაშვილი. მაშინ ოპოზიციამ სააკაშვილის „იმედები“ ვერ გაამართლა, ვერ მიიღეს მსხვერპლი და შესაბამისად, ვერც პროცესების რადიკალიზაცია შეძლეს.

თუმცა ამ გეგმაზე უარი არ უთქვამთ. სქემა ახლაც იგივეა. for.ge–ს ინფორმაციით, გამოძიება ვარაუდობს, რომ პროცესების რადიკალიზაციისთვის შერჩეული იყო სწორედ ლექსო ლაშქარავა, რომელსაც თავდასხმის შემდეგ განუვითარდა ტვინის შერყევა, სახის ძვლების მოტეხილობა და განუვითარდა მრავლობითი დაჟეჟილობა. გამოძიების ოქროს მოწმეა მოპედის მძღოლი, რომელიც რამდენიმე საათი იმყოფებოდა პოლიციის შენობაში და ჩვენებას აძლევდა გამოძიებას. სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. მათ შორის იმაზე, როგორც აღმოჩნდნენ ისინი ფონიჭალაში და როგორ აღმოჩნდა ლაშქარავას ორგანიზმში „ჰეროინის“ დიდი დოზა.

შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი უწყება იძულებული გახდა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესაძლო გარემოებების ამსახველი კადრები გამოექვეყნებინა. გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ რუსთაველის გამზირზე ხალხი შეიკრიბა და ძალიან ბევრი მოქალაქე ითხოვდა პასუხს. გომელაურის თქმით, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დასკვნა არ გაუკეთებია.

„ბევრმა ტელევიზიამ რატომღაც ასე გააჟღერა, რომ წინასწარ დააანონსეს მისი გარდაცვალების მიზეზი. ეს ასე არ ყოფილა. არ ყოფილა, რომ ჩვენ ვთქვით, რითი გარდაიცვალა. პირველ, მეორე, მესამე ბრიფინგებზე იყო ფაქტი ის, რომ როგორ მოძრაობდა, სად მოძრაობდა, ნარკოტიკების თემა.

დაკითხვებით ხდებოდა ეს ყველაფერი და ბოლოს დაიდო ექსპერტიზის დასკვნა, ქიმიური დასკვნა, რომელსაც სჭირდება ნაკლები დრო, ვიდრე 25 დღე და იქ დაფიქსირდა, რომ იქ მაღალი დოზის ნარკოტიკის შემცველი ამოვიდა სისხლიდან და მისი ორგანიზმიდან. შეიძლება გამოიწვია ამან, შეიძლება – არა. საბოლოო დასკვნა უნდა დადოს სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ. სხვათა შორის, ჩვენ შევთავაზეთ და იქ ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტებიც“, – აცხადებს ვახტანგ გომელაური.

როგორია მარცხენა თვალ–ბუდის მიდამოში არსებული დაზიანებების სიმძიმის ხარისხი?– ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც დამოუკიდებელ ექსპერტს ალეკო გეჯაძეს ჯერ პასუხი არ აქვს. for.ge–სთან საუბრისას ალეკო გეჯაძე ამბობს, რომ დაზიანების ხარისხზე ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იმსჯელებენ. ექსპერტიზა კი, ორ თვეში, ან სავარაუდოდ ორ თვენახევარში დასრულდება. გარდა ამისა, ექსპერტი ამბობს, რომ მიღებული ტრავმა ლაშქარავას სიკვდილის მიზეზი ვერ გახდებოდა.

„თქვენს კითხვაზე, როგორია მარცხენა თვალ–ბუდის მიდამოში არსებული დაზიანებების სიმძიმის ხარისხი, ამას ყველაფერს ვიტყვით ექსპერტიზის დასკვნაში. დაზიანების ხარისხი განისაზღვრება ექსპერტიზის დასრულებულ დასკვნაში. ეს, ერთ–ერთი საკითხია, რაზეც მსჯელობა მიდის, მაგრამ მიღებული ტრავმა სიკვდილის არ გამოიწვევდა. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით სხეულში გამოვლინდა ხუთიოდე ნარკოტიკული ზემოქმედების მატარებელი ნივთიერებები. შესაბამისად, იმის გამო, ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ მიღებული ტრავმა სიკვდილს ვერ გამოიწვევდა.

მაპროვოცირებელი შესაძლოა თუ არა ყოფილიყო ეს ტრავმა დამდგარი შედეგის ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ფონზე – ამ თვალსაზრისით გვჭირდება სწორედ, პირველ რიგში, ლაბორატორიული მონაცემების ნახვა, თუ რა ცვლილებებია მიკროსკოპულად შინაგან ორგანოებში და ამ მონაცემების მიღებისა და ანალიზის შემდგომ მაღალი ალბათობით დაგვჭირდება ვიწრო პროფილის ექიმ-კლინიცისტების ჩართულობა. ნარკოტიკების აღმოჩენასთან მიმართებაში გვაინტერესებს ნარკოტიკების ოდენობა, კონცენტრაცია“, – აცხადებს ალეკო გეჯაძე.

იმ შემთხვევაში, თუკი ექსპერტიზა იტყვის, რომ ეს არის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, როგორც ზოგადად სახის ძვლების მოტეხილობა, ასეთ შემთხვევაში დამოუკიდებელი ექსპერტის მაია ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეს სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში ვერ იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მძიმეა, მაშინ დგება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ნარკოტიკი იქნება, ალკოჰოლი, თუ სხვა, ამას უკვე მნიშვნელობა არ აქვს.

„სასამართლო სამედინიცო ექსპერტიზამ პირველი, რაც უნდა გაარკვიოს – რა დაზიანებები აღენიშნება, მეორე – როგორია დაზიანებების სიმძიმის ხარისხი და მესამე – დაზიანებები არის თუ არა მიზეზობრივ კავშირში სიკვდილის დადგომასთან. ალეკო გეჯაძემ ჩამოთვალა რა დაზიანებები აღენიშნება, მაგრამ ძალიან ძნელია დოკუმენტის ნახვის გარეშე ვთქვა რამე. ძალიან მნიშვნელოვანია როგორია მარცხენა თვალ–ბუდის მიდამოში არსებული დაზიანების სიმძიმის ხარისხი.

გეტყვით რატომ – არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე არავინ არ საუბრობს. კონკრეტულ შემთხვევაში, არ ვიცი რომელი ძვლებია მოტეხილი, მაგრამ სახის ძვლების მოტეხილობა მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას. თუ აღმოჩნდება, რომ ლექსოს ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება აქვს მიყენებული, ის ვერასოდეს სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში ვერ იქნება. ანუ, სიკვდილს ვერასოდეს ვერ გამოიწვევს, მორჩა, გათავდა, აქ წერტილი ისმება.

მაგრამ, თუ ამ დაზიანებებიდან გამომდინარე კლინიკაში მოხდა რაღაცა დაინფიცირება, გადავიდა თავის ტვინის ანთებაზე და ა.შ. და დაიღუპა ადამიანი, სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირში ტრავმა მაინც არ იქნება. იმიტომ, რომ ის არის სამედიცინო მანიპულაციის გართულება და ის პირვანდელი სიმძიმის ხარისხს ვერ შეცვლის“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას მაია ნიკოლეიშვილი.

რაც შეეხება ე.წ. შუალედურ დასკვნას, რაზეც მედია ამახვილებს ყურადღებას, მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ შუალედური დასკვნა, როგორც ასეთი, არ არსებობს. ეს არის ჟურნალისტების მიერ შემოტანილი ტერმინი. როგორც ვაქცინაზე ანტიდოტი.

„როდესაც იწყება გვამის გამოკვლევა, ხდება ბიოლოგიური ნიმუშების აღება, რომლითაც ხდება დნმ-ის და სისხლის ჯგუფის დადგენა; ქიმიური ექსპერტიზისთვის ხდება შინაგანი ორგანოების ნიმუშების აღება და საკმაოდ დიდი რაოდენობით. მიდის მომწამლავი, ალკოჰოლი, ნარკოტიკული და ა.შ. ნივთირების გამოკვლევა. შეიძლება ინექციის კვალიც აიღო, სადაც ინექციის საეჭვო კვალია – არის ჰისტოლოგიური ექსპერტიზა. ეს ყველაფერი იგზავნება ლაბორატორიებში. როდესაც ერთიანი დასკვნა დგება, ყველა ეს მასალა იგზავნება ლაბორატორიაში და რეგისტრირდება როგორც ცალკე ექსპერტიზა. ზოგი დასკვნა ადრე მზადდება, ზოგი გვიან.

ჰისტოლოგიას მეტი დრო უნდა, ვიდრე ნარკოლოგიას. ეს ყველა დასკვნა, რომელიც ლაბორატორიული კვლევებია, ცალკე კოდებით გადიას და დარგის ექსპერტები იკვლევენ. მერე იტვირთება სისტემაში და ბოლოს სამედიცინო ექსპერტი, ვინც გვამი გამოიკვლია და გადაგზავნა სისტემაში, წერს საბოლოო დასკვნას, სადაც შეტანილია სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის მონაცემები. აი, ამას ეძახიან შუალედურს და არ არის ეს შუალედური, ეს დამოუკიდებელი ექსპერტიზებია“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

ნარკოლოგიაში რომ შუალედური დასკვნა არ არსებობს, ამაზე საუბრობს კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი, რომლის განცხადებით, პროცესში ასეთი რამე არ არსებობს. იყო ე.წ. წინასწარი კვლევის შედეგები, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს.

„არსებობს დასკვნა, რომელსაც ექსპერტი ხელს აწერს. შუალედური დასკვნა არ არსებობს, ეს უფრო ოპერატიული–სამძებრო ღონისძიებისთვის გამოიყენება და ეს არის გამოკვლევა, რომელმაც ინფორმაცია შეიძლება მოგცეს გამოძიებისთვის, მაგრამ ის, რომ შუალედური დასკვნა საქმეში იყო როგორც მტკიცებულება, ასეთი რამე არ არსებობს.

ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე რაღაცებზე საუბარი ზედმეტია. დავუშვათ, კი იყო მომხმარებელი, ამან გამოიწვია სიკვდილი? ამიტომ, უნდა დაველოდოთ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას. ასე წინასწარ საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა for.ge–სთან საუბრისას ზაზა ალთუნაშვილმა.

კიდევ ერთი დეტალი, რაც ლექსო ლაშქარავას შემთხვევაში იკვეთება, ეს არის მიყენებული დაზიანება. როგორც ექსპერტები ამბობენ, მუშტი სხვა კვალს ტოვებს - განფენილია. ლაშქარავას შემთხვევაში დაზიანებული ადგილი ძალიან შემოსაზღვრულია, რაც ადვილად შესაძლებელია კამერის ობიექტივის მიჯახებას გამოეწვია, ვიდრე მუშტის დარტყმას.

„პოლიციის ოპერმა მკითხა – არის თუ არა, ეს მუშტი? მუშტს არ გავს-თქო. დაზიანება ძალიან პატარა ზომის არის, ზუსტად იმ არეალში აქვს დაზიანება მიღებული, სადაც კამერის სათვალთვალოა. ჯაჯგურში ხომ არ მოხდა ეს ამბავი? არ არის ეს მუშტის კვალი. მუშტი სხვა კვალს ტოვებს, უფრო დიდი და განფენილია, ასეთი პატარა არ არის მუშტის კვალი. მარტო თვალ–ბუდის ქვედა კიდეზე არ მოქმედებს მუშტი. მუშტი თუ მოხვდებოდა, სილურჯე ლოყაზეც იქნებოდა. დაზიანება მარტო თვალის არეშია, ერთ ადგილას. ვფიქრობ, რომ ჯაჯგურის დროს კამერის ე.წ. თვალით საყურებელი აქვს თვალში მოხვედრილი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ერთ–ერთი ექსპერტი.

კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, პროტესტი, რომელსაც ჟურნალისტები გამოხატავენ, კავშირში არ არის ლექსო ლაშქარავასთან.

„არაფერ შუაში არ არის საწყალი ჩემი კოლეგა. მე, ოპერატორი ვარ. სამი ომი მაქვს გამოვლილი და 9 აპრილი, ვიცი რას ნიშნავს კოლეგის სიყვარული და პატივისცემა. ამიტომ, ჩემთვის ის ბიჭი ჩემი კოლეგაა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად არ ვიცნობდი, ჩემი უბნელია, მეც ხილიანზე დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგად ვიცი, ვინ და რა არის. გული მეტკინა როცა დავინახე რა უქნეს ამ ბიჭს და როგორ იქცეოდა იმ დროს, როცა საკუთარ მოვალეობას ასრულებდა და როგორ ექცეოდა თავის ჟურნალისტს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენდა საუბედუროდ, სიმართლე სიმართლეა. ჩემთვის ერთი კადრი იყო საკმარისი, მეტი რაფერი მინდოდა... მისი მეგობარი ითხოვს „ნარკანს“ – ბიჭი მიკვდება ნარკოტიკით და მიშველეთო, ამას მეტი არაფერი არ სჭირდება.

ამის მიუხედავად, უნდა იყო ისეთი სულიერი მეძავი, როგორც არის გვარამია, სანაია, გრიგოლია, ჟორჟოლიანი, მიშველაძე, რომ ასეთი ბაკჰანალია დააყენო ქვეყანაში და წინ ამოიფარო ეს საცოდავი ბიჭი, ძალიან უბედური ბედის, მაგრამ ამავდროულად წესიერი პროფესიონალი. პირად ცხოვრებაში ჩარევა ასე არ არის, ვიღაცა ნარკოტიკს მოიხმარს, თუ რას აკეთებს, ეს მისი პირადი საქმეა და არავის არ ეხება.

მაგრამ, შენ რომ მეძავი ხარ მთელი ცხოვრება, მეძავი ხარ ყველა მხრიდან და ამ საქმეს მეძავურად იყენებ. აი, იმიტომაც უნდა იცოდნენ, რომ ეს პრაიდისტები, აქაურები, იქაურები, ჩრდილოელები თუ აღმოსავლეთელები, სამხრეთელები თუ დასავლეთელები ყველა ერთად რომ შეიკრან, ფეხებს ვერ მოგვჭამენ ქართველებს! მოვკვდებით და არ დავუშვებთ! მირჩევნია, ჩემი შვილი შეეწიროს თავის ქვეყანას, ვიდრე შეეწიროს კაცების მეძავობას. არ დავუშვებთ, ვერ იბოგინებენ, ვინც არ უნდა იყვნენ მაგათი დამფინანსებლები და მხარდამჭერები. მაგის პირობას ვაძლევ“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გოგა ხაინდრავამ.

trampi tAVIDA
3 წლის უკან
Katana . "ზუსტად იმ არეალში აქვს დაზიანება მიღებული, სადაც კამერის სათვალთვალოა..." "თვალით საყურებელი აქვს თვალში მოხვედრილი“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას ერთ–ერთი ექსპერტი..
----------------
ოკულარი ჰქვია ამას, ო კ უ ლ ა რ ი .

...ძალიან დამაჯერებელია ეს ვერსია... როცა ოპერატორი იღებდა იმ ჯგლეთაში, კამერას წინიდან, სავარაუდოდ, ობიექტივში, მძლავრად მოხვდა რაღაც (ხელი, ფეხი, თავი)... შედეგად - დაფიქსირებული ტრავმა!..
3 წლის უკან