მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამი „ლამბდა“ გაჩნდა. ახალი სახეობა პირველად პერუში, 2020 წლის აგვისტოში გამოვლინდა და მალევე გავრცელდა სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. თუმცა, დღეს უკვე ახალი სახეობა 30-ზე მეტ ქვეყანაში ცირკულირებს. სტატისტიკის მიხედვით, „ლამბდა“ მსოფლიო მასშტაბით 700-მდე ადამიანს დაუდასტურდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, საქართველოში დღეს ახალი შტამი არ დადასტურებულა. როგორც მან For.ge-ს უთხრა, არსებული კვლევების თანახმად, „ლამბდა“ შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და შედარებით მეტი სიმძიმე ახასიათებს:
„მე, როგორც ვიცი, საქართველოში ჯერ დადასტურებული არ არის. რაც ვიცით, ეს არის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება, ამასთან, თითქოს აქვს უფრო მეტი სიმძიმე. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. რაც შეეხება ვაქცინას, იგი იცავს ადამიანს ამ ახალი შტამის შემთხვევაშიც, თუმცა, ასევე ვიცით, რომ 100%-ით არც ერთი ვაქცინა არ იცავს ადამიანს, თუმცა, პაციენტებს დამძიმებისგან იცავს“, - განაცხადა მარინა ენდელაძემ For.ge-სთან.
ექსპერტების ცნობით, „ლამბდა“ შტამით ინფიცირებულ პაციენტებს აღენიშნებათ სიმპტომები, როგორებიცაა მაღალი სიცხე, მუდმივი ხველა, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას „საყურადღებო შტამი“ უწოდა. ამასთან, ამ დროისთვის მეცნიერები აღნიშნული შტამის მიმართ ვაქცინების ეფექტიანობას სწავლობენ.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე აღნიშნავს, რომ „ლამბდა“ შტამის არსებობა საგანგაშო არ არის, რადგან სხვა სახეობებისგან დიდად არ განსხვავდება:
„ფაქტია, რომ მუტაცია არსებობს, რომელიც არის იმავე კატეგორიის, როგორიც „დელტა“ შტამის შემთხვევაში. ჯერჯერობით არ ვიცით, ეს რამდენად არის უფრო საშიში, თუმცა, როგორც ვიცით, პერუში არის დომინანტი. ვფიქრობ, არაფერი საგანგაშო არაა სხვა შტამებთან შედარებით, ვირუსოლოგების მონაცემების მიხედვით, რაც ქვეყნდება. ყველა ვაქცინა არის ეფექტური სხვადასხვა შტამების წინააღმდეგ და გვიცავს სიკვდილისა და მძიმე ფორმით დაავადებისგან. ასევე, მეტ-ნაკლებად ეფექტურად გვიცავს იმისგან, საერთოდ გადაგვედება თუ არა.
მნიშვნელოვანია, ავიცრათ ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით, რადგან გვიცავს სიკვდილისაგან. აუცრელი ადამიანები ფაბრიკები არიან ახალი მუტირებული ვირუსების გამომუშავების“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ For.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, დღეისათვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კორონავირუსის მხოლოდ ოთხი მუტაციაა აღწერილი ესენია: ალფა (ბრიტანული), ბეტა (სამხრეთ აფრიკული), გამა (ბრაზილიური) და დელტა (ინდური) შტამები და ლამბდა (სამხრეთ ამერიკა).
ამჟამად „ლამბდა“ შტამი აქტიურად გვხვდება შემდეგ ქვეყნებში: პერუ, ჩილე, არგენტინა, ეკვადორი, ბრაზილია და კოლუმბია.
გარდა ამისა, მისი რამდენიმე შემთხვევა კანადაში, გერმანიაში, ესპანეთში, ისრაელში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინები „ლამბდა“ შტამის მიმართ მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, Johnson & Johnson-ისა კი – შედარებით დაბალი.
მეცნიერების თქმით, „ლამბადასა“ და COVID-19-ის სხვა ვარიანტების წინააღმდეგ დაცვის საუკეთესო საშუალებად ისევ ავტორიზებული ვაქცინები რჩება.