ტოკიოს ოლიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაში სანდრო ბაზაძემ (მსოფლიო რეიტინგის მე-8 ნომერი) ნახევარფინალში წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა მოუწევს. ქართველი მოფარიკავე ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ არონ შილადის (მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი) დაუპირისპირდა და ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 13:15 დამარცხდა.
სანდრომ ნახევარფინალური შეხვედრა კარგად დაიწყო, ჯერ 3:0 და მერე 4:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ შილადიმ მობილიზება მოახერხა მიჯრით 5 დარტყმა მიაყენა ქართველ მოფარიკევეს და უნგრელი წინ გაიჭრა - 6:4. საბოლოოდ, პირველ პერიოდში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის უპირატესობა იგრძნობოდა და პირველი მან პერიოდი 8:5 მოიგო.
მეორე პერიოდი ბაზაძემ კარგად დაიწყო, მიჯრით 3 ქულა მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა (8:8). ამის შემდეგ შეხვედრა ქულა-ქულაში მიმდინარეობდა, სანდრო 13:12 დაწინაურდა, მაგრამ ბოლო 3 გადამწყვეტი ქულა უნგრელმა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ორივე ქულის დროს მსაჯების გადაწყვეტილება საეჭვო იყო და ბაზაძემაც გააპროტესტა, მაგრამ ფაქტია, გამარჯვება მეტოქეს მიანიჭეს.
შეგახსენებთ, სანდრო ბაზაძემ ნახევარფინალამდე ტოკიოს ოლიმპიადაზე ორი ეგვიპტელი მეტოქე დაამარცხა - ჯერ მოჰაბ სამერს 15:10 აჯობა, ხოლო მერვედფინალში ზიად ელსისის ძლევა შეძლო (15:12), ხოლო მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, სამხრეთკორეელი სანგუკ ოჰი 15:13 დაამარცხა.