ლონდონის „ტოტენჰემი“ ბერგამოს „ატალანტასა“ და არგენტინის ნაკრების მცველის, კრისტიან რომეროს ტრანსფერთან ახლოსაა. იტალიური და არგენტინული მედია ამის შესახებ აქტიურად წერს.
როგორც ცნობილი გახდა, ინგლისელები 23 წლის ფეხბურთელთან პირად კონტრაქტზე უკვე შეთანხმებულნი არიან, ახლა კი კლუბებს შორის შეთანხმებაა დარჩენილი. „ტოტენჰემი“ მზადაა 40 მილიონი ევრო გაიღოს, რასაც 10 მილიონის ბონუსს დაუმატებს, მაგრამ „ატალანტა“ პირდაპირ 55 მილიონს ითხოვს.
ბერგამოში კარგად ესმით, რომ რომერო ჯერ მხოლოდ 23 წლისაა და მას განვითარება კიდევ შეუძლია, რაც მის ფასს უფრო მეტად გაზრდის. ამიტომაც, პირველივე წინადადებას არ თანხმდებიან. თუმცა, როგორც ირკვევა, ტრანსფერის წარმატებით დახურვამდე ერთი ნაბიჯი რჩება.
კრისტიან რომერო „ატალანტამ“ გასულ წელს „იუვენტუსიდან“ იჯარით დაიმატა და ცოტა ხნის წინ 18 მილიონ ევროდ გამოისყიდა. აღსანიშნავია, რომ რომეროს „იუვენტუსის“ ღირსება არასდროს დაუცავს, რადგან, როცა ის ტურინელებმა „ჯენოასგან“ იყიდეს, ჯერ იმავე „ჯენოაში“ გაანათხოვრეს, ხოლო შემდეგ „ატალანტაში“. 23 წლის ფეხბურთელი ცოტა ხნის წინ არგენტინის ნაკრების რიგებში კოპა ამერიკის ჩემპიონი გახდა.