რუსთაველზე მოპროტესტო ე.წ. „ოპოზიციური მედია,“ რომლის უკანაც ძალიან აშკარად მოსჩანს „ნაცმოძრაობის“ და მისი სატელიტების ცხვირიც და ყურებიც, საზოგადოებას ეუბნება, რომ 5 ივლისის მოვლენებზე უნდა დაისვას მხოლოდ ერთადერთი კითხვა - როდის გადადგება ირაკლი ღარიბაშვილი? სხვა დანარჩენი, მათ შორის გარდაცვლილი ოპერატორის სიკვდილის მიზეზი არაა საინტერესო. ხოლო თუ ვინმეს „მაგრამ“, „თუმცა“ ან მსგავი წამოსცდა, პირდაპირ სამარცხვინო ბოძზე აკრავენ, ფსიქოლოგიურად ატერორებენ, მოდური ტერმინი რომ ვიხმაროთ „აბულინგებენ,“ და ა.შ. არადა, 5 ივლისის მოვლენებზე პასუხგაუცემელი უხერხული კითხვები საკმაოდ ბევრია. მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ძალადობრივი კონფლიქტი ცარიელ ადგილზე არ წარმოიშვება და მას ყოველთვის აქვს გამომწვევი მიზეზები და წყაროები, მათ შორის ადამიანური ფაქტორი. ემოციურად ნაკლებად გაწონასწორებული ადამიანი მარტივად შეიძლება გამოიწვიო კონფლიქტზე თუნდაც ერთი მაპროვოცირებელი წინადადებით.
რატომ განახორციელეს კონტრ-აქციის მონაწილეებმა ძალადობა ჟურნალისტებზე, როდესაც მათი სამიზნე სულ ლგბტ ჯგუფები იყვნენ? რატომ არ წავიდა კომპრომისზე „თბილისი პრაიდი?“ რატომ გადაწყვიტეს ჩაეტარებინათ საკუთარი „ღირსების მარში“ მაინცადამაინც რუსთაველზე, სადაც გარანტირებული ჰქონდათ მძაფრი პროტესტი და წინააღმდეგობა? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ პასუხი უნდა გავცეთ კითხვას, თუ ვინ ისარგებლა ყველაზე მეტად 5-6 ივლისის მოვლენებიდან? ვინ მიიღო აქედან პოლიტიკური დივიდენდები, მათ შორის საერთაშორისო არენაზე? რა თქმა უნდა, იმ 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც შესანიშნავად აცნობიერებდნენ, თუ რა მოხდებოდა, მაგრამ მაინც საჯაროდ და წერილობით მხარი დაუჭირეს „თბილისი პრაიდს“.
საინტერესოა ისიც, რომ არც 5-6 ივლისს, არც შემდგომ დღეებშიც, აღნიშნული პარტიები ხმამაღლა და აქტიურად არ საუბრობენ LGBTQ უფლებების დაცვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ საზოგდოებაში მათ მიმართ სიმპათიების ღიად დაფიქსირება პოლიტიკური პარტიისათვის თუ პოლიტიკოსისათვის ელექტორატის დაკარგვის ტოლფასია.
ეს ის ოპოზიციური პარტიებია, რომლებიც 5 ივლისს გაყურსული ელოდებოდნენ მოვლენების განვითარებას და მას შემდეგ, რაც პროცესები ძალადობრივად განვითარდა, ხმაშეწყობილად დაიწყეს კამპანია საქართველოს „პრო-ევროპული გზიდან გადახვევის“ ლოზუნგებით და ტრადიციულად ხელისუფლების პრორუსულობაში დადანაშაულება. მათი მომსახურე ტელეარხების და მათ ფეხის ხმას აყოლილი ვითომ „ნეიტრალური“ მედიის მეშვეობით, დაიწყეს „ხელისუფლების მხრიდან მედიაზე დაგეგმილი ანგარიშსწორების“ ვერსიის კულტივირება, პოლიტიკური მოთხოვნებით გაჯერებული მიტინგები და „პერფორმანსები.“
ახლა კი დავსვათ მთავარი კითხვა - ვის აძლევს ეს ხელს? როგორი კუთხითაც არ უნდა მივუდგეთ, „თბილისი პრაიდმა“ ამ დავიდარაბიდან თუ რამე მიიღო, სავარაუდოდ, მხოლოდ მეტი დაფინანსება მათი დონორებისგან. ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ არ შეიცვლებოდა და შეიძლება გაუარესდა კიდეც, ყოველივე მომხდარის შემდეგ. „თბილისი პრაიდი“ რომ არ გაჯიუტებულიყო და ხელისუფლების წინადადება მიეღო, „5 ივლისის ამბები“ ნამდვილად არ მოხდებოდა. თუმცა აქვე ჩნდება კითხვა - რამ განაპირობა მათი სიჯიუტე? დაზუსტებით თქმა რთულია, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კიდევ ვიღაცის ინტერესებში შედიოდა ის, რაც მოხდა. ხოლო, ვინ შეიძლება იყოს ეს „ვიღაც“, შეიძლება მიხვდე იმით, თუ ვინ იყენებს ასე ინტენსიურად საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის 5 ივლისის მოვლენებს. ეს არის ერთგვარი კონგლომერატი, რომელიც აერთიანებს „ნაცმოძრაობასა“, და მისი განაყოფებს, სატელიტ პარტიებს, მათ სიტუაციური მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციებს, კონტროლირებად ტელეარხებს თავიანთი ცნობადი ზონდერ-ჟურნალისტებით და, რა თქმა უნდა, დაკარგული პრივილეგიების დაბრუნების მსურველ ე.წ. „კონტრ-ელიტების“ წარმომადგენლებს. სწორედ ამ კონგლომერატის ძალისხმევით მოწყობილი აქციებით ცდილობენ ქვეყანაში ახალი რევოლუციური სიტუაციის აგორებას, მით უმეტეს, რომ კიევში მყოფი სააკაშვილისგან უკვე მიიღეს ხელისუფლებაზე „მიწოლის“ საბრძოლო დავალება.
არშემდგარი გეი-აღლუმი ფაქტობრივად „ნაცმოძრაობამ“ და ოპოზიციამ გადაიბარა და ახლა ხელებდაკაპიწებული ცდილობენ აქედან რაღაც მათთვის სასარგებლოს გამოდნობას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მანიპულაციური მეთოდები აშკარად მოუძველდათ და უკვე თავად მათი მომხრეების ნაწილშიც კი მიუღებლობას იწვევენ.