„5 ივლისს რუსეთს უნდა დაეხარჯა მილიონები ასეთ სპეცოპერაციაზე და ჩვენ კი ჩვენით მივართვით ეს საჩუქარი“

„5 ივლისს რუსეთს უნდა დაეხარჯა მილიონები ასეთ სპეცოპერაციაზე და ჩვენ კი ჩვენით მივართვით ეს საჩუქარი“

დასავლეთი პერიოდულად დემოკრატიის ხარისხს უწუნებს ქართველ ხალხს, რამაც გააჩინა სპეკულაციები, ნუთუ ჩვენი პროდასავლური მისწრაფებების გამოცდა მაინცდამაინც „პრაიდზე“ გადის?! ნუთუ ამდენი ხნის სტრატეგიული პარტნიორი ვერ უნდა მიხვდეს, რომ ჩვენი ღირებულებები საუკუნეების განმავლობაში მყარად ჩამოყალიბდა და ამის შეცვლა თავსმოხვეული ღირებულებებით არც ისე მარტივია?!

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი პროდასავლური მისწრაფებები „პრაიდზე“ არ გადის, უფრო მეტიც, ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო საპირისპირო გამოსვლები და გაცილებით მასშტაბურიც. საუბარია ევროპის წამყვან დემოკრატიებზე. თუმცა საქართველოში არსებული დაპირისპირება და ძალადობა პირდაპირი პროვოკაცია იყო იმ დღეს და, რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს მიუღებელი აღმოჩნდა.

„გამოხატვის თავისუფლება და სხვა ღირებულებები მათ ესმით ისე, როგორც ლაპარაკობენ. ჩვენს მოსახლეობაში კი არსებობს კონკრეტული ხედვა, აღქმები, ფუნდამენტურ ღირებულებებზე დაფუძნებული განწყობები. ამ განწყობებსა და ღირებულებებს პატივისცემა სჭირდება. შენი თავისუფლება ისე უნდა გამოხატო, რომ წითელი ნაჭრის ფრიალით შეგნებულად არ გააღიზიანო ხარი. მით უმეტეს, როცა შეგიძლია წითელი ნაჭრის გარეშე მშვიდად გაიარო და საერთოდ ვერ შეგამჩნიოს ვერავინ. ლგბტ პირებმა ოთხი დღის განმავლობაში ჩაატარეს სხვადასხვა ღონისძიება, ლისის ტბაზე არავის უხლია მათთვის ხელი და არავინ ასულა იქ, ანალოგიურად შეიძლებოდა 5 ივლისის ღონისძიების ჩატარებაც, მაგრამ იკითხებოდა, რომ ეს არ იყო თავად უმცირესობების სურვილი, დარწმუნებული ვარ, უმცირესობას ეს გამოწვევა და შეხლა-შემოხლა არც სურდა. გამონაკლისია უმცირესობების მცირე ნაწილი, რომელთა უკანაც იდგნენ პოლიტიკური ჯგუფები. მათ კარგად იცოდნენ, რომ გამოვიდოდა სხვა ხალხი, რომელიც ამას გააპროტესტებდა. სხვათა შორის, პროტესტის მონაწილეთა მცირე ნაწილი შეგნებულად მიდიოდა აგრესიულ ქმედებებზე, მეტი ნაწილი კი უბრალოდ პროტესტს გამოხატავდა და არც უფიქრია იმაზე, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ახლა რომ უყურებენ იმ კადრებს, ალბათ, არ მოსწონთ ის ფორმა, როგორც გამოხატეს პროტესტი“, - აცხადებს ამირან სალუქვაძე ჩვენთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ არსებობს მცირე ჯგუფების განწყობა ჩვენს ქვეყანაში, რომელთაც უხარიათ დასავლეთთან და, განსაკუთრებით, ამერიკასთან ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება. ამირან სალუქვაძის აზრით, რასაც ყიჟინებს ოპოზიცია მუდმივად ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებით, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. თუ ამას ვერ აცნობიერებს დასავლეთი, კარგად ყოფილა მათი საქმე.

„ერთი მხრივ, მთელი დასავლეთი საუბრობს რუსეთის მხრიდან ჰიბრიდულ გამოწვევებზე, რბილ ძალაზე და, მეორე მხრივ, პირდაპირ ვუგორებთ კოჭს დასავლეთს. რაც გაკეთდა 5 ივლისს, რუსეთის ინტერესებში იყო. რუსეთს უნდა დაეხარჯა მილიონები ასეთ სპეცოპერაციაზე და ჩვენ კი ჩვენით მივართვით ეს საჩუქარი. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, ამ საქმეში რუსული ფულიცაა დახარჯული“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე არ ეთანხმება შეფასებას, თითქოს ჩვენი პროდასავლური მისწრაფებები „პრაიდზე“ გადის. For.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი აცხადებს, რომ ასეთი შეფასებები დამახასიათებელია სომნამბულურ ცნობიერებაში მყოფი ადამიანებისთვის.

„რომელ დასავლურ მისწრაფებებზეა საუბარი, როცა ეს არის ჩვეულებრივი კოლონიალური მდგომარეობა, რომელშიც ვიმყოფებით. სომნამბულურ მდგომარეობამდე ადამიანები მიიყვანა ტელეზომბირებამ, ნატოსა და ევროკავშირში მიღებაზე საუბრობენ და პატარა ბავშვმაც კი იცის, რომ ეს იგივეა, „დიდ საბჭოეთში“ რომელიღაც ხუთწლედში რომ უნდა მიგვეღწია უკეთესი მდგომარეობისთვის. ჩვენ უნდა შევხედოთ საქართველოს გეოგრაფიულ მოცემულობას, სამხრეთით არის თურქეთი და ირანი, ჩრდილოეთით რუსეთია და წინ გვაქვს ზღვა. ამ ქვეყნებს თავიანთი ინტერესები აქვთ. ამ მისწრაფებების გამო ვკარგავთ განვითარების საშუალებას, ჩვენს არსებობას ემუქრება საფრთხე, ეს მისწრაფებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ამან პრაგმატიზმი და საღი აზროვნების უნარი არ უნდა დაგვაკარგვინოს. ხელისუფლებაში მათ მიერ დასმული ხალხია, ვის დღის წესრიგშიც ასეთი თემებია. სხვანაირად ისინი არ იქნებოდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.