გუშინ მსოფლიოს სტადიონებზე „მუნდიალი - 2014“-ის მორიგი შესარჩევი შეხვედრები გაიმართა.
დღის მთავარი სენსაციის შემოქმედი მსოფლიოსა და ევროპის ამჟამინდელი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები გახდა.
ვისენტე დელ ბოსკეს ბიჭებმა ჯგუფის მაჩანჩალა ფინეთს უმასპინძლეს და ყველას გასაკვირად მოწინააღმდეგეს ქულა აჩუქეს - 1:1.
ამავე ჯგუფში საფრანგეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველო დაამარცხა და ქვეჯგუფში დაწინაურდა.
მომავალი კვირის სამშაბათს, ესპანეთი დიდიე დეშამის გუნდს პარიზის „სტად დე ფრანსეზე“ დაუპირისპირდება. იმ შემთხვევაში თუ მსოფლიოს ჩემპიონები გამარჯვების მიღწევას ვერ მოახერხებენ, მეორე ადგილს ვერ ასცდებიან და დიდი ალბათობით, ბრაზილიაში მოსახვედრად დამატებითი შეხვედრების ჩატარება მოუწევთ.
გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ ესპანელთა დამრიგებელი ვისენტე დელ ბოსკე განრისხებული გახლდათ.
ფეხბურთის „ულვაშა“ სპეციალისტმა გამოცემა „Goal.com”-თან საუბრისას საკუთარი შეგირდების ასპარეზობა მკაცრად გააკრიტიკა.
„ფინეთის ნაკრები აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. სამწუხაროდ მოთამაშეები ამ მატჩს არასერიოზულად მოეკიდნენ. ერთი მხრივ ფეხბურთელების მესმის, რადგან სამშაბათს სტუმრად საფრანგეთს ვეთამაშებით. მეორე მხრივ ფინეთის გუნდს ათი თავით ვჯობნით და სასურველი შედეგის მიღწევა არ უნდა გაგვჭირვებოდა.
ესპანეთის ნაკრების ძირითად ბირთვს კატალონიური „ბარსელონას“ მოთამაშეები შეადგენენ. ამ გუნდის წევრები გადაღლილები არიან და ალბათ მათთვის დასვენების საშუალება უნდა მიმეცა. დღევანდელი ფრე ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს და იგივე შეცდომები მომავალ თამაშებში არ უნდა გავიმეოროთ. საფრანგეთში მოსაგებად ჩავალთ და დარწმუნებული ვარ საწადელს აუცილებლად მივაღწევთ.“ - განაცხადა ვისენტე დელ ბოსკემ.