ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოშია. შარლ მიშელი რეგიონული ტურის ფარგლებში, 18 ივლისს, ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე – „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ დასასწრებად ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მან პირველი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შარლ მიშელთან შესახვედრად ემზადებიან ქართველი პოლიტიკოსებიც.
ოპოზიციის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარი იქნება არა მხოლოდ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი შეთანხმების დოკუმენტის შესრულებაზე, არამედ ქვეყანაში მიმდინარე სხვა პროცესებზე და ამ პროცესების დარეგულირებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლზე.
უმრავლესობის წევრების თქმით კი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბარი ექნებათ საქართველოს ევროპული გზით განვითარების საკითხებზე. მმართველი პარტიის განცხადებით, მათ მიერ განხორციელებული და რეალიზებულია ყველა ის პუნქტი, რომელიც შეტანილია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში. მათი თქმით, საუბარი შეეხება ასევე იმ გამოწვევებსაც, რომელსაც ოპოზიცია უქმნის პოლიტიკურ პროცესს.
ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, შარლ მიშელის საქართველოში მესამე ვიზიტს, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთ, შესაძლოა ბოლო, გაფრთხილებად მიიჩნევენ. ბოლო დღეებია, ასევე აქტიურად მიდის საუბარი დასავლეთის მხრიდან მოსალოდნელ სანქციებზე, რასაც ექსპერტთა ნაწილი ამ ეტაპზე გამორიცხავს, რადგან, მათი თქმით, წინ არის ადგილობრივი არჩევნები.
ანალიტიკოსი სამხედრო საკითხებში ვახტანგ მაისაია თვლის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მმართველი პოლიტიკური პარტიის მისამარათით შენიშვენები ექნება, რადგან, მისი თქმით, არ შესრულდა შარლ მიშელის დოკუმენტის 6-პუნქტიანი შეთანხმება.
„შარლ მიშელი დროულად ჩამოდის, რადგან სიტუაცია გამოდის კონტროლიდან. ამ კუთხით, საკმაოდ სერიოზული ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ, პოლიტიკური კრიზისის მეორე ტალღა დაიწყო. შარლ მიშელის მემორანდუმი, რომელიც არის 6-პუნქტიანი, სამწუხაროდ, არ სრულდება მმართველი პოლიტიკური პარტიის მხრიდან.
მიშელს „ქართული ოცნების“ მისამართით ექნება სერიოზული შენიშვნები. როგორც ჩანს, ეს არის შეთანხმებული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტთან. თუ სანქციებზეა საუბარი, რომელიც აშშ-ს მხარემ უკვე დააფიქსირა, ალბათ, ევროკავშირიც იფიქრებს გარკვეული სანქციების პოლიტიკაზე. ასე რომ, ალბათ, მოილაპარაკებენ, როგორ გამოასწორონ სიტუაცია“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან.
ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში სოსო ცინცაძე ფიქრობს, ევროკავშირი „ქართულ ოცნებას“ ბოლო შანსს აძლევს შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტით. იგი ელოდება, რომ არჩევნების შემდეგ, საქართველომ შესაძლოა სანქციებიც მიიღოს.
„ეს უკვე შარლ მიშელის მესამე ვიზიტია. პრივატულ საუბრებში არ გამოვრიცხავ, რომ იყოს მინიშნება, სანქციები არ იყოს მითიური და ეს შესაძლოა, რეალობად იქცეს, მაგრამ ამ ვიზიტის შედეგად არ ველოდები სანქციებს, მით უმეტეს არჩევნების წინ. ევროკავშირი, მიშელის სახით, კიდევ ერთ შანსს, შესაძლოა, უკანასკნელსაც, მისცემს არჩევნების სახით „ქართულ ოცნებას.“
თუ არჩევნები ისე ჩატარდა, რომ მეორე დღიდან იყო გამოსვლები, პროტესტი, ხმამაღალი საუბარი გაყალბებაზე, მაშინ შესაძლოა, რეალურად დადგეს სანქციების საკითხიც, მაგრამ ეს არ მოხდება არჩევნებამდე, რადგან ეს იქნება ძალიან მიკერძოებული პოზიცია ევროკავშირის მხრიდან, რასაც შეიძლება მოჰყვეს კუთხეში მომწყვდეული ადამიანის რეაგირება, „ქართული ოცნებისაგან.“ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ ჩაატარებს ამ არჩევნებს „ოცნება,“ განახლებული ცესკოთი და კანონმდებლობით“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ For.ge-სთან.