თავის დროზე ისრაელი შეირჩა მასობრივი ვაქცინაციის ადგილად. „ფაიზერის“ ხელმძღვანელი იმ პერიოდში არ მალავდა, რომ სწორედ ისრაელი აარჩიეს საექსპერიმენტოდ, რადგან პრემიერი ნეთანიაჰუ დღეში 30-ჯერ ურეკავდა, ისრაელზე გაეკეთებინათ არჩევანი, გარდა ამისა, ისრაელის მოსახლეობა არც ისე მრავალრიცხოვანი იყო და ეს გააადვილებდა ექსპერიმენტს...
ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე მასობრივ ვაქცინაციას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ, ჯერ ერთი, ეს ვაქცინებიც არ არის, ეს არის გენომის კორექცია. წესით, ვაქცინა არის ავადმყოფობის დასუსტებული აგენტი, რომელიც ორგანიზმში იმისთვის შეჰყავთ, რომ ანტისხეულები გამომუშავდეს. ამ პრეპარატებს კი, რომელთაც ჩვენ ვაქცინას ვეძახით, არ გაუვლიათ ის სათანადო პროცედურა, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ გამოიყენონ ადამიანზე. გარდა ამისა, ამ ვაქცინების გაკეთების შემდეგ ადამიანებს ეუბნებიან, რომ ისინი არაფრით არ არიან გარანტირებულნი, უბრალოდ, მათ არწმუნებენ, რომ ავადმყოფობა, რომელიც შეეყრებათ, არ იქნება ისეთი მძიმე ფორმის.
„ისრაელში, რომელიც იყო მოდელი აცრის თვალსაზრისით და გამუდმებით გვესმოდა, რომ ებრაელები აიცრნენ და ამის გამო თურმე ყველაზე დიდი პატრიოტები არიან, აცრილთა 40% ხელახლა დაავადდა და ისრაელში ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა. ისინი „ფაიზერით“ აიცრნენ, მათი უმეტესობა ორჯერაა აცრილი. ბოლო პერიოდში ვაქცინაციის პროპაგანდამ უპრეცედენტო მასშტაბი მიიღო. ამავე დროს, ქვეყნდება მთელი რიგი კვლევები, რომლითაც ირკვევა, რომ კორონავირუსის ხელახალი შტამები შემოდის და ეს ახალი შტამები გვერდს უვლის იმ ვაქცინის მიერ გამომუშავებულ ანტისხეულებს, რომელიც უკვე გაიკეთეს ადამიანებმა, ამიტომ ადამიანებს მესამე ვაქცინას სთავაზობენ. გამოდის, სხვადასხვა შტამების გამო ადამიანები განუწყვეტლივ უნდა იყვნენ ვაქცინირებულნი ნაჩქარევად შექმნილი ვაქცინით, რომელსაც არ გაუვლია ვაქცინისთვის აუცილებელი პროცედურა?!“ - აცხადებს სოსო მანჯავიძე.
მისივე განმარტებით, ძალადობრივ ვაქცინაციაზე რა უნდა ვთქვათ, როცა ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ 2020 წლის გაზაფხულზე ესპანეთში გამოცხადებული ლოკდაუნიც არაკონსტიტუციური იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებშიც იგივე ხდება, იქაც პროტესტია, სულ ახლახანს პარიზში იყო უზარმაზარი დემონსტრაცია ძალადობრივი ვაქცინაციის წინააღმდეგ.
„ასეთი აქციები ლონდონშიცაა, დანარჩენ ევროპაშიც, რადგან ეს ადამიანის ძირითადი უფლების უხეში, ყოვლად გაუმართლებელი, ცინიკური დარღვევაა. რაც მთავარია, ადამიანთა ნაწილი იმდენად არის დაზომბირებული, ელემენტარულ ლოგიკას არიან მოკლებულნი. პრობლემაა, რომ უკვე ბავშვების აცრაზეა საუბარი ამ სრულიად გაურკვეველი ვაქცინებით, სრულიად გაურკვეველი შედეგებით. საზოგადოებამ ამაზე თავისი პოზიცია უნდა გამოხატოს. არიან ადამიანები, რომელთაც ურჩევნიათ, აიცრან. ამით ბუნებრივად ჩნდება დაპირისპირება ანტივაქსერებსა და ვაქცინირებულებს შორის. უკვე აცრილები ბუნებრივად ხდებიან აგრესიულები, როცა ეუბნები, რატომ აიცერი, ეს ხომ საფრთხილოა. შეიძლება ამით მივიღოთ დაპირისპირება საზოგადოებას შორის“, -მიიჩნევს სოსო მანჯავიძე.
ანალიტიკოსის აზრით, ყველანაირი ინფორმაციაა ინტერნეტში და ადამიანმა თავად უნდა მიიღოს აცრის ან აუცრელობის შესახებ გადაწყვეტილება. თუმცა, როდესაც საკითხი შეეხება ბავშვებს და მთლიანი მოსახლეობის იძულებას, სოსო მანჯავიძის თქმით, მაშინ აუცილებელია სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა.
„აცრის მომხრე ადამიანებს რატომღაც ასეთი შეხედულება აქვთ სამყაროზე, რომ მათზე ზრუნავენ მსოფლიოში, რომ მათზე ზრუნავს დოქტორი ფაუჩი, ჯანმო, ბილ გეითსი, გლობალური იდეოლოგიის მომხრეები მათ ასაცრელად გულწრფელად ზრუნავენ, მწყემსი კეთილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ სხვა მხრივ მათგან დიდი მზრუნველობა არ ჩანს. პირიქით, მათ რიტორიკასა და მოქმედებაში სულ სხვა მოტივები ჩანს. ეს მათი არჩევანია, ვერავის გავამტყუნებთ. ასევე ხდება პირბადესთან მიმართებით, უნდა ადამიანს, თავს გრძნობდეს დაცულად და დადის მზის გულზე ტყეში პირბადით. ქობულეთში გახლდით და ფიჭვნარში პირბადით იყვნენ ერთ-ერთი სასტუმროს დაცვის წევრები. ვუთხარი, ხალხი დასასვენებლად ჩამოვედით, პირბადეს რომ იკეთებთ, ე.ი. საფრთხეა ფიჭვნარში? რა ვქნათო-მიპასუხეს. მთელი დღის განმავლობაში დაცვის ბიჭები გაყვითლებულები იყვნენ პირბადეში. ადრე ჯარიმებს აბრალებდნენ, ახლა გაუქმებულია ღია სივრცეში დაჯარიმება პირბადის უქონლობის გამო, მაინც უკეთიათ მზის გულზე ღია სივრცეში პირბადე, იხრჩობენ თავს, ეს ყველაფერი ლოგიკის მიღმაა. ერთმა მომწერა, ბატონო სოსო, პირბადე მიკეთია ღია სივრცეში, ვიხრჩობი, ერთხელ გონებაც დავკარგე და გადავრჩიო. ვუთხარი, ქალბატონო, გარეთ მოიხსენით პირბადე, რატომ იკლავთ თავს? მიპასუხა, ამით ჩემს თავსაც ვიცავ და მოქალაქეებსაც, ანუ გმირი ვარო. მე კიდევ შუშანიკი ვუწოდე ამ ქალბატონს, ღია სივრცეში მზის გულზე პირბადის ტარებით რომ თავს იკლავს“, - აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.
ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე მიიჩნევს, რომ ხელახალი შეზღუდვების ასაცილებლად საჭიროა ვაქცინაცია, ამისთვის მოქალაქეებმა უნდა დაიცვან წესები, ატარონ პირბადე სხვა ადამიანების სიახლოვეს, ტროტუარზე, სადაც ბევრი ხალხია, გაჩერებაზე, მუდმივად დაისპირტონ ხელები, თუ ვინმეს ხელი ჩამოართვეს, ან ვინმეს შეეხნენ. მისი აზრით, არც ერთი პანდემია არ ყოფილა შეთქმულების თეორიის გარეშე ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. ყველა პანდემიას თუ ეპიდემიას ახლდა კითხვები. თუმცა ადამიანთა სიცოცხლე გახანგრძლივდა ანტიბიოტიკების და მსგავსი წამლების გამოყენებით.
„ნებაყოფლობითი აცრა როცა არ იძლევა შედეგს და დაინფიცირების დონე აღწევს საგანგაშო ნიშნულს, როგორც შარშან შემოდგომაზე იყო და 4-5 ათას შემთხვევაზე ავდიოდით დღეში, აქ უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი დგება, რომ ჩვენი ეკონომიკა არ ჩამოიშალოს. პანდემიის გამო სერიოზული დახმარებები მივიღეთ სესხების სახით, არ არსებობს სახელმწიფო, რომელსაც სესხი არ დასჭირდა, ამერიკიდან დაწყებული, ევროპით დამთავრებული. ჩვენთვის 4-5 მილიარდის აღება მძიმე ტვირთი იქნება. ეკონომიკაზე დგას სახელმწიფო და, როცა სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხია, შეიძლება დაგვჭირდეს ასეთი ზომების გატარება. ბევრი მასალა გადავიკითხე, რაც შეეხებოდა დაჩიპვას, 5G-ს, ლამის მე-19 საუკუნის ეპიდემიებამდე ჩავედი, ყოველთვის იყო იგივე განცდები, უბრალოდ, მაშინ არ იყო ციფრული სამყარო, მაგრამ ასეთი შიში ყოველთვის ახლდა ეპიდემიას, ახლა დაჩიპვის თემა და 5G-ს თემა მეორე პლანზეა, სამაგიეროდ, წინ წამოვიდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული უარყოფითი თანმდევი პროცესები. მესმის, რომ ეს ვაქცინები მედიცინის თვალსაზრისით ბოლომდე არაა შესწავლილი, მაგრამ ვირუსი რომ კლავს ადამიანებს, ეს ფაქტია. არ ვიცი, ვინმე დარჩა, საკუთარ თავზე ან ოჯახის წევრზე არ გამოეცადა კორონავირუსი? მე გამოვცადე ჩემი ოჯახის წევრზე, მეგობრებზე, ნათესავებზე, ბევრი ჩემი ნაცნობი შეიწირა ამ სენმა, მეტი რა უნდა იყოს, მაინცდამაინც თვითონ უნდა დაიღუპოს ადამიანი, რომ მიხვდეს, ეს რომ საშინელი სენია? გვახსოვს კადრები, რა ხდებოდა რეანიმაციებში, სადაც ხელოვნურ სუნთქვაზე იყვნენ ადამიანები მიერთებულნი, შეიძლება კიდევ გახდეს პროფილაქტიკური გადაცემების გაკეთება საჭირო, რომ მეტად დაიჯერონ ადამიანებმა - მძიმე სუნთქვა, კრუნჩხვები, ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს“, - აღნიშნა ამირან სალუქვაძემ for.ge-სთან საუბრისას.
მისივე მოსაზრებით, ერთადერთი, რაზეც შეიძლება გამახვილდეს ყურადღება, ესაა, რომელი ვაქცინით აიცრან, ამიტომ ადამიანებმა იმუნოლოგებთან უნდა გაიარონ კონსულტაცია, რადგან ვიღაც ალერგიულია, ვიღაც ასაკშია, ამასთან, დარეგისტრირების პრობლემებიცაა.