გივი მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარი რესურსი უკვე ამოწურეს და მათთან აფილირებული ტელევიზიები და იქ მომუშავე ჟურნალისტები გადმოიყვანეს ბრძოლის წინა ხაზზე

გივი მიქანაძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საკუთარი რესურსი უკვე ამოწურეს და მათთან აფილირებული ტელევიზიები და იქ მომუშავე ჟურნალისტები გადმოიყვანეს ბრძოლის წინა ხაზზე

„ეს იყო სრული დესტრუქცია - მიმართული პარლამენტის, ქვეყნის საწინააღმდეგოდ და იმ უმნიშვნელოვანესი პროცესის ჩასაშლელად, რომელიც საზოგადოების უდიდეს ინტერესს იწვევს“, - ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე პარლამენტში, 18 ივლისს განვითარებულ მოვლენებს.

მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი რესურსი უკვე ამოწურა და მიზნის მისაღწევად, ჟურნალისტებს იყენებს.

„მათ რესურსი უკვე ამოწურეს და ხედავენ, რომ საკუთარი ძალებით, იმ მიზნებს, რომლებზეც ოცნებობენ, ვერ მიაღწიეს და ვერ განახორციელეს. მათ, მათთან აფილირებული ტელევიზიები და იქ მომუშავე ჟურნალისტები გადმოიყვანეს ბრძოლის წინა ხაზზე. ისინი გასცდნენ ჟურნალისტურ ამპლუას და უკვე პოლიტიკაში ჩაერთნენ“, - აცხადებს გივი მიქანაძე.

18 ივლისს, საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტში, შს მინისტრს გამოსვლა ოპოზიციამ შეაწყვეტინა. სხდომაზე, ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით მივიდნენ.

ხმაურის გამო, პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა, ბოლოს კი - სხდომა გადაიდო.