„ოპოზიციის სურვილს, არჩევნების გარეშე მოხვდნენ ხელისუფლებაში, არც მიშელთან და არც არავისთან ჩივილი არ უშველის. ეს სპეკულაციები დარჩება სპეკულაციებად, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ ექნება. ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა საქართველოში არჩევნებია“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას ახსენებს, რომ მათ ამბიციურ საკანონმდებლო ცვლილებებს – საარჩევნო კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს ხმა არ მისცეს.
„ნათელი იყო, როგორი იქნებოდა მათი დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ერთადერთი არგუმენტი, რაც მათ აქვთ, ადამიანების დაბულინგებას უკავშირდება. ანუ, თუ შენ სადმე მუშაობ, აპრიორი ნიშნავს, რომ ბულინგის მსხვერპლი იქნები. რაც შეეხება, იმას, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის რეფორმა, აქ ჩვენ ყოველთვის საგნობრივად ვსაუბრობთ და არა ლოზუნგებით – არ დარჩენილა ქაღალდზე დაწერილი არცერთი რეკომენდაცია, რომელიც ვენეციის კომისიის მხრიდან არის მოწოდებული საქართველოსთვის, რაც არ შესრულებულიყო. ამავდროულად, არ დარჩენილა არცერთი პუნქტი, რომელიც მიშელის შეთანხმებაშია ასახული, რომელზეც ხელი მოვაწერეთ და სიტყვიერადაც ჰქონდათ შეხვედრა, საუბარი, რაც ზუსტად ისე არ შესრულებულიყო“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შარლ მიშელს დღეს საქართველოს პრეზიდენტთან, ოპოზიციონერებთან და პრემიერთან ჰქონდა შეხვედრები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
გარდა ოპოზიციისა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.