ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ბათუმში, ოპოზიციასთან და მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მართლმსაჯულების რეფორმის მნიშვნელობასა და ამ კონტექსტში, 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულების საჭიროებას გაუსვა ხაზი.
„მართლმსაჯულების რეფორმა 19 აპრილის შეთანხმების მთავარი ნაწილი და ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების წინაპირობაა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სწრაფი დანიშვნა სრულად არ ასახავს იმ კონსულტაციების შედეგებს, რომლებიც იყო საერთაშორისო პარტნიორებთან და ადგილობრივ, დაინტერესებულ, ჩართულ პირებთან. ეს ნამდვილად დაკარგული შესაძლებლობაა“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
პრემიერამდე, შარლ მიშელს ოპოზიციონერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.
გარდა ოპოზიციისა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.
ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.