შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

შარლ მიშელი: 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს

ჩემი მთავარი გზავნილი ყველა პოლიტიკური პარტიისადმი საქართველოში არის ის, რომ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება არის მთავარი გარანტია იმისთვის, რომ საქართველომ თავისი დემოკრატიული დღის წესრიგი განახორციელოს ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, - ამის შესახებ შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრების შემდეგ განაცხადა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

„დღეს ვეწვიე საქართველოს იმისთვის, რომ დავსწრებოდი ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვედრას ევროკავშირთა ასოცირებული პარტნიორი სახელმწიფოების - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ლიდერებთან. მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილსა და საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერებს, იმისთვის, რომ მათთან ერთად განმეხილა საქართველოში მიმდინარე მოვლენები და 19 აპრილის შეთანხმების შესრულება“, - განაცხადა მიშელმა.

შარლ მიშელს პრემიერ-მინისტრთან, ოპოზიციონერებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

გარდა ოპოზიციისა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.